Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-34-02 18 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: ლ. გაჩეჩილაძე,

ლ. თამაზაშვილი

დავის საგანი: საქართველოს ცსკოს განკარგულებები.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 2 ივნისს ახალქალაქის ¹40 საარჩევნო ოლქში ჩატარდა ახალქალაქის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნები. ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიამ 2002წ. 5 ივნისს მიიღო დადგენილება ახალქალაქის ¹1,2,3,4 საარჩევნო უბნებზე არჩევნების არშემდგარად და კანონიერ ძალის არმქონედ ცნობის შესახებ. ამავე დადგენილებით ცსკოს ეთხოვა ახალი (განმეორებითი) არჩევნების დანიშვნა. ცსკოს 2002წ. 5 ივნისის სადავო ¹85\2002 განკარგულებით გაუქმდა ახალქალაქის ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შესახებ და საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა 2 ივნისის არჩევნების შედეგების დადგენა, რაც არ შეასრულა ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიამ. ცსკომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ თბილისში ჩამოტანილ საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების საფუძველზე თავად შეაჯამა არჩევნების შედეგები და 2002წ. 10 ივნისს მიიოღო სადავო ¹109\2002 განკარგულება «2002წ. 2 ივნისის ახალქალაქის ¹40 საარჩევნო ოლქში ასარჩევი ახალქალაქის გამგეობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” და ¹110\2000 განკარგულება «2002წ. 2 ივნისის ახალქალაქის ¹40 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ახალქალაქის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ”.

მოსარჩელეებმა ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა ხ. ა-იანმა, ს. ე-იანმა და ჰ. ტ-იანმა 2002წ. 13 ივნისს სარჩელი აღძრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე ცსკოს მიმართ და ¹109\2002 და ¹110 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე გაზარდეს სარჩელის მოთხოვნა და ასევე მოითხოვეს ცსკოს ¹85\2002 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელეები სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობას მოითხოვენ შემდეგი მოტივით:

1. ახალქალაქის ¹40 საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ამომრჩევლებზე მილიციის ზეწოლითა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, ასევე ადგილი ჰქონდა ცალკეული ამომრჩევლების მხრიდან ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტს, რის შესახებაც შესაბამისი განცხადებები გააკეთეს ¹40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის ¹1,2,3,4 საუბნო საარჩევნო კომისიებმა; კენჭისყრის პროცედურა საარჩევნო უბნებზე, ნაცვლად 20 საათისა, 2 ივნისს გრძელდებოდა 22 საათსა და 30 წუთამდეც და ამდენად, ადგილი ჰქონდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე, 54-ე და 55 მუხლების უხეშ დარღვევებს;

2. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 ივნისს განიხილა არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესში ჩადენილი უხეში დარღვევების შესახებ საჩივრები და არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, თავისი მოსაზრება წერილობითი სახით წარუდგინა ცსკოს. ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოსარჩელეთათვის უცნობია ცსკოს გადაწყვეტილება. მათი აზრით, 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე ცსკოს არ ჰქონდა უფლება სადავო ¹109\2002 და ¹110\2002 განკარგულებების გამოცემისა და სადავო აქტები კანონდარღვევითაა გამოცემული, რადგან საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, განცხადებებისა და საჩივრების განხილვამდე შეუძლებელია კენჭისყრის შედეგების შეჯამება.

მოპასუხე _ ცსკოს წარმომადგენლებმა სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სადავო ადმინისტრაციული აქტების ძალაში დატოვებას შემდეგი საფუძვლით:

1. ცსკომ საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის «ა”, «გ”, და «ზ” პუნქტების საფუძველზე, განიხილა ახალქალაქის ¹40 საარჩევნო ოლქის ¹1,2,3,4 საუბნო საარჩევნო კომისიიდან გადმოგზავნილი განცხადებები, საჩივრები, ასევე ახალქალაქის ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის დადგენილება და საჩივრების უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ზ” პუნქტის თანახმად ¹85\2002 განკარგულებით გააუქმა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შესახებ და საოლქო საარჩევნო კომისიასვე დაავალა არჩევნების შედეგების დადგენა-შეჯამება;

2. ვინაიდან ¹40 ახალქალაქის სალქო საარჩევნო კომისიამ არ შეასრულა ¹85\2002 განკარგულება და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობა, ცსკომ წარმოდგენილი განცხადება-საჩივრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიტანილი საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-11, მე-15 და 64-ე მუხლის I-II ნაწილის შესაბამისად, მიიღო სადავო ¹109\2002 და ¹110\2002 განკარგულება ახალქალაქის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების შესახებ, რაც კანონიერია, გამომდინარეობს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებიდან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი.

მესამე პირის _ ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ ა. ჰ-იანის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოპასუხეს, ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სადავო ადმინისტრაციული აქტების ძალაში დატოვებას, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილობის რომელიმე საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის, სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გაცნობის, მხარეთა, მესამე პირისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების ხ. ა-იანის, ს. ე-იანისა და ჰ. ტ-იანის სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს საქართველოს ცსკოს სადავო ¹85\2002, ¹109\2002 და ¹110\2002 განკარგულებები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ახალქალაქის ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის დადგენილებით, საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურის კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარების მოტივით, 2002წ. 2 ივნისის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნები ¹40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში არშემდგარად და კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვალა, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის I პუნქტის «ა”, «გ” და «ზ” პუნქტებისა და მე-3 პუნქტის «ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გაუქმდა ცსკოს 2002წ. 5 ივნისის ¹85\2002 განკარგულებით. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ცსკოს ¹85\2002 განკარგულების ბათილობა სასამართლო სხდომაზე სარჩელის გაზრდით მოითხოვა 18 ივნისს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახნად, ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ შეიძლება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს მიღებიდან 3 დღის ვადაში. ვინაიდან მოსარჩელემ ცსკ-ოს ¹85\2002 განკარგულება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მიღებიდან _ 5 ივნისიდან მე-13 დღეს _ 18 ივნისს, სარჩელი ¹85\2002 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელსა და ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიის 5 ივნისის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება _ საარჩევნო უბნებში 2 ივნისს კენჭისყრის პროცედურის კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარება _ უზენაეს სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად არ მიაჩნია. მართალია, მოსარჩელენი, მოწმეებად დაკითხული საუბნო-საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები რ. თ-იანი, ა. მ-იანი, გ. ვ-იანი, ჰ. შ-იანი და დეპუტატობის კანდიდატი ა. თ-იანი ადასტურებდნენ სასამართლოსა და ცსკოში წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებში (განცხადება, აქტები და ოქმები) ასახულ კანონდარღვევებს, რომ თითქოს კენჭისყრა საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობდა პოლიციის ზეწოლითა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, თითქოს ადგილი ჰქონდა ცალკეული ამომრჩევლების მხრიდან ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტს, მაგრამ პალატას აღნიშნული კანონდარღვევები დადგენილ გარემოებად არ მიაჩნია, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი განცხადება და ოქმი არ არის გაფორმებული საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სახელდობრ, წარმოდგენილი განცხადებები და ოქმები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, წევრების, ასევე საკრებულოს დეპუტატობისა და გამგებლის კანდიდატების მიერაა ხელმოწერილი, ერთნაირი შინაარსის ზოგად ტექსტს შეიცავს, რომ მიმდინარეობდა ძლიერი ზეწოლა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც მართავენ არჩევნების მსვლელობას, გაჰყავდათ დარბაზიდან და აშინებდნენ ა. ჰ-იანის ბლოკის მიმართ არასოლიდარულ ხალხს, ტელევიზიას არ აძლევენ დარღვევების გადაღების ნებას, მაგრამ არც ერთ განცხადებასა და ოქმში საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ არის კონკრეტულად მითითებული კანონდარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო («დ” ქვეპუნქტი), დამრღვევის პიროვნება («ვ” ქვეპუნქტი), მოწმე, რომელიც დაადასტურებდა დარღვევის ფაქტს («ე” ქვეპუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ბუნებრივია, აღიარებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის I ნაწილით განმტკიცებულ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების პრინციპს და ის შეულახავ უფლებად მიაჩნია, ამიტომ პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსარჩელეებს არათუ არ წარმოუდგენიათ, არამედ განცხადება-ოქმებშიც კი არ მიუთითებიათ კონკრეტული დაზარალებული მოქალაქე, ამომრჩეველი, რომლის ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობაც შეიზღუდა სარჩელში მითითებული დარღვევებით.

საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვთ, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ შედგენილი განცხადება (საჩივარი) საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მიერ არ განიხილება. ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება-ოქმები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, მარტო მოწმეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ახალქალაქის ¹40 საარჩევნო ოლქის ¹1,2,3,4 საარჩევნო უბნებში 2002წ. 2 ივნისის კენჭისყრის პროცედურის კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარებას, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: «საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით”.

ამდენად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უზენაეს სასამართლოს დაუდასტურებლად მიაჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება ახალქალაქის ¹ 1,2,3,4 საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურის კანონდარღვევით ჩატარების შესახებ;

3. სარჩელში მითითებული კენჭისყრის პროცედურის 22 საათსა და 30 წუთამდე გაგრძელებაც სასამართლოს არ მიაჩნია კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად და იზიარებს მოპასუხე ცსკოს წარმომადგენელთა არგუმენტს, რომ საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შენობა 20 საათზე უნდა დაიკეტოს, მაგრამ ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს უნდა მისცემოდათ ამ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება, რაც უბნებში განხორციელდა კიდეც და 20 საათისათვის საარჩევნო უბნებთან მისულ მოსახლეობას შეუფერხებლად მიეცათ კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა;

4. სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოთხოვნას ცსკოს სადავო ¹109\2002 და ¹110\2002 განკარგულებების ბათილობის შესახებ და იზიარებს მოპასუხე ცსკოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან ¹40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეასრულა თავისი ფუნქცია-მოვალეობა და ცსკოს ¹85\2002 განკარგულება არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ, მოპასუხე ცსკო წარმოდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და განხილული განცხადება-საჩივრების საფუძველზე, საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის I პუნქტის «ზ” ქვეპუნქტისა და 123-ე მუხლის მე-11 და მე-15 პუნქტების თანახმად, უფლებამოსილი იყო თავად შეეჯამებინა ახალქალაქის საკრებულოსა და გამგეობის არჩევნები და 64-ე მუხლის I და IV პუნქტის შესაბამისად სადავო განკარგულებებით დაემტკიცებინა ¹40 საარჩევნო ოლქში ახალქალაქის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

სასამართლოს აზრით, ცსკოს სადავო ¹109\2002 და ¹110\2002 განკარგულებები სრულად შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმებს, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული აქტის მომზადება გამოცემის წესების დაცვით მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს _ საქართველოს ცსკოს მიერ, არარსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას საქართველოს ცსკოს ¹109\2002 და ¹110\2002 განკარგულების ბათილად ცნობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქრთველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების ხ. ა-იანის, ს. ე-იანისა და ჰ. ტ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დაჩეს საქართველოს ცსკოს 2002წ. 5 ივნისის ¹85\2002, 10 ივნისის ¹109\2002 ¹109/2002 და ¹ 110/2002 განკარგულებები;

3. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.