Facebook Twitter

3გ-ად-34-კ-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: პირადი ნივთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ.ვ. ო-უკმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მისი მშობელი – ვ.გ. ო-უკი შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატთან არსებული სამეულის მიერ გასამართლდა 1937წ., სასჯელის ზომად შეეფარდა დახვრეტა, რაც 10.11.37წ. სისრულეში იქნა მოყვანილი. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 16.04.56წ. განჩინებით ვ.გ. ო-უკი რეაბილიტირებულ იქნა. ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 25.08.98წ. გადაწყვეტილებით ვ.გ. ო-უკი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ხოლო მოსარჩელე მის კანონიერ მემკვიდრედ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვ.გ. ო-უკს დაპატიმრების დროს ჩამოართვეს 948.75 მანეთად ღირებული ოქროს საათი, რის თაობაზეც შედგენილია ოფიციალური ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოითხოვა 948.75 მანეთის შესაბამისი კურსით ლარის დაკისრება ფინანსთა სამინისტროზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 26.04.2000წ. გადაწყვეტილებით ვ.ვ. ო-უკის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 237 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.09.01წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 26.04.2000წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ დაკავების მომენტში ვ.გ. ო-უკს ჩამოერთვა ოქროს საათი. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის მემკვიდრეს, უფლება აქვს დაიბრუნოს კუთვნილი პირადი ნივთები. პალატამ ფინანსთა სამინისტრო მიიჩნია სწორედ იმ ორგანოდ, რომელსაც ეკისრება ანაზღაურების ვალდებულება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები, ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. კასატორის აზრით, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ამგვარ სამართლებრივ დავებში რომელ უწყებას უნდა დაეკისროს ასეთი თანხების გადახდა. «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მიხედვით, ასეთ პირობებში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლი, ვინაიდან სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაცემა ხორციელდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამდენად, არც სახაზინო სამსახურს და არც ფინანსთა სამინისტროს არა აქვს საბიუჯეტო სახსრების თვითნებურად განკარგვის უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 12.09.01წ. განჩინების გაუქმება, საქმის საოლქო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა – ვ.გ. ო-უკი რეპრესირებულ იქნა 1937 წელს, დაკავების დროს მას ჩამოერთვა 948.75 მანეთად ღირებული ოქროს საათი. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 16.04.56წ. განჩინებით მოხდა ვ.გ. ო-უკის რეაბილიტაცია. საქმეში დაცულია ფინანსთა მინისტრის მოადგილის, უშიშროების კომიტეტის თათმჯდომარის მოადგილის, ვაჭრობის მინისტრის მოადგილის 25.12.56წ. ¹57 აქტი, რომლის თანახმად ვ.გ. ო-უკის კუთვნილი კონფისკაციაქმნილი ოქროს საათი, ცვეთის გათვალისწინებით, შეფასდა 948.75 მანეთად, რომლის ღირებულება კომისიის დასკვნით უნდა აუნაზღაურდეს ვ.გ. ო-უკის კანონიერ მემკვიდრეებს. ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 25.08.98წ გადაწყვეტილებით ვ.გ. ო-უკი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ხოლო მოსარჩელე მის კანონიერ მემკვიდრედ. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს და მის მემკვიდრეს უფლება აქვთ დაიბრუნონ საქმეში შენახული პირადი ხელნაწერების, საბუთების და დოკუმენტების ასლები, აგრეთვე პირადი ნივთები. პალატა არ იზიარებს კასატორის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვ.ვ. ო-უკისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდა მას არ უნდა დაეკისროს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დებულების I-ლი მუხლის თანახმად სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ფისკალური სფეროს კოორდინატორის უფლებამოსილებას, სამინისროს კომპეტენციას განეკუთვნება სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, რეაბილიტირებულს უნდა დაუბრუნდეს სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები. ამდენად, განსახილველ ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა ეკისრება ფინანსთა სამინისტოს, ადგილი არა აქვს «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვითარებას, შესაბამისად არ არსებობს განსახილველ სამართალურთიერთობებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება.

«საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-16-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის 25-ე პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გამოყოფილი თანხების დაფარვას (ანალოგიურ ნორმებს შეიცავდა აგრეთვე «2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის «ე» ქვეპუნქტი), «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 28-ე, 921 მუხლებით განსაზღვრულია აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების აღსრულების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაცემა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს ვ.ვ. ო-უკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 12.09.01წ. განჩინება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.