3გ-ად-34-კს-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღება.
აწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 იანვარს ჩატარდა «საქართველოს .... პარტიის» რიგგარეშე XI ყრილობა, რომელზეც ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი პარტიის წესდებაში. ყრილობამ პარტიის აღმასრულებელ კომიტეტს დაავალა «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ» კანონის შესაბამისად, წესდებაში ცვლილებების სარეგისტრაციოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა. 2002წ. 28 იანვარს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ა. ვ-ურმა და აღმასრულებელმა მდივანმა მ. ჟ-იამ იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციოდ წარუდგინეს პარტიის რიგგარეშე XI ყრილობაზე მიღებული წესდების ცვლილებები და დამატებები. იუსტიციის სამინისტროს 2002წ. 12 მარტის ¹88 ბრძანებით «საქართველოს ..... პარტიას» უარი ეთქვა წესდების ცვლილებების რეგისტრაციაზე. 2002წ. 11 აპრილს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა «საქართველოს ...... პარტიამ», მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002წ. 12 მარტის ¹88 ბრძანების გაუქმება, ასევე პარტიის რიგგარეშე XI ყრილობის მიერ წესდებაში შეტანილი ცვლილება-დამატებების იუსტიციის სამინისტროსათვის რეგისტრაციაში გატარების დავალება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 15 აპრილის განჩინებით «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ» კანონის მე-16 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის «ზ» პუნქტის საფუძველზე, ა. ვ-ურს და მ. ჟ-იას უარი უთხრა «საქართველოს ...... პარტიის» სახელით შეტანილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. კოლეგიამ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის _ «...... პარტიის» სახელით სარჩელი შეტანილი ჰქონდათ საქმის წარმოებაზე არაუფლებამოსილ პირებს, ვინაიდან პარტიის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ა. ვ-ურსა და მ. ჟ-იას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002წ. 15 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ა. ვ-ურმა, რომელიც პარტიის მოქმედი წესდების მე-4-9 მუხლებისა და პარტიის რიგგარეშე XI ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ითხოვს განჩინების გაუქმებას და სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღებას.
2002წ. 22 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა «საქართველოს ..... პარტიის» გენერალურმა მდივანმა მ. ჟ-იამ, რომელმაც უარი განაცხადა მის მიერ პარტიის სახელით 2002წ. 11 აპრილს შეტანილ სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 10 მაისის განჩინებით არ გაიზიარა «საქართველოს ..... პარტიის» პოლიტიკური მდივნის ა. ვ-ურის კერძო საჩივარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, ვინაიდან «საქართველოს ..... პარტიის» რიგგარეშე XI ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები «პარტიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ» საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაში არ გაუტარებია და მათ იურიდიული ძალა არ შეუძენიათ, ამიტომ ა. ვ-ური არ წარმოადგენს «საქართველოს ...... პარტიის» წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ვ-ურის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 აპრილისა და 10 მაისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორი ა. ვ-ური საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვს სამინისტროს 2002წ. 12 მარტის ¹88 ბრძანების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი, როგორც «საქართველოს ...... პარტიის» პოლიტიკური მდივნის, განცხადება რიგგარეშე XI ყრილობაზე მიღებული პარტიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაციაში გატარების შესახებ. პარტიის რიგგარეშე XI ყრილობამ 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით პარტიის აღმასრულებელ კომიტეტს დაავალა «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ» კანონის შესაბამისად, პარტიის წესდების ცვლილებების იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენა. რიგგარეშე XI ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები – პარტიის აღმასრულებელი კომიტეტი და მისი სამდივნო, რომლის შემადგენლობაშიც არჩეულ იქნა პარტიის პოლიტიკური მდივანი ა. ვ-ური.
«საქართველოს ..... პარტიის» მოქმედი წესდების (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998წ. 27 თებერვლის ¹7/39 დადგენილებით) 4.8 პუნქტის მიხედვით, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოებია: პარტიის წევრთა ყრილობა, ცენტრალური კომიტეტი, პოლიტიკური კოლეგია, ცენტრალური საკონტროლო-სარევიზიო კომისია. «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ» ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, «საქართველოს ...... პარტიის» მოქმედი წესდება არ შეიცავს ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალსა და წარმომადგენლობის ფარგლებს, მაგრამ რადგან ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და «საქართველოს ....... პარტიის» წესდების მე-5 მუხლის მიხედვით, პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით აღმასრულებელ კომიტეტს დაავალა ყრილობაზე მიღებული წესდების ცვლილება-დამატებების იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენა, რაც მოსარჩელე ა. ვ-ურმა, როგორც პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის პოლიტიკურმა მდივანმა განახორციელა, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პარტიის წესდების ცვლილებების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სადავო ¹88 ბრძანებაზე სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება ა. ვ-ურს გააჩნია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის «ზ» პუნქტზე მითითება უმართებულოა, ა. ვ-ურის მიერ შეტანილი სარჩელი დასაშვებია და განსახილველად წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ვ-ურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 აპრილისა და 10 მაისის განჩინებები;
3. ა. ვ-ურის სარჩელი მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, სამინისტროს 2002წ. 12 მარტის ¹88 ბრძანების გაუქმებაზე დასაშვებია და წარმოებაში იქნეს მიღებული;
4. ა. ვ-ურის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.