Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-35-02 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: მ. მამფორია,

ი. ბუხნიკაშვილი

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 18 ივნისის !¹115/2002 განკარგულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 2 ივნისს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა – ჭიათურის რაიონის სოფ. ... საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა გ. გ-შვილისა და მ. ხ-ძის სარჩელი და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის დარღვევისათვის, ბათილად იქნა ცნობილი ... საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები და ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹96/2002 განკარგულება «¹56-27 სოფ. ... საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის შედეგების ძალაში დატოვების თაობაზე». 2002წ. 18 ივნისს ცსკომ მიიღო სადავო ¹115/2002 განკარგულება «¹56-14 წირქვალის თემის საარჩევნო ოლქის 26-ე და 27-ე საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ» და განმეორებითი კენჭისყრა ზემოაღნიშნულის საარჩევნო უბნებში დაინიშნა 2001წ. 23 ივნისს.

მოსარჩელეებმა – სოფ. ... საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა გ. გ-შვილმა და მ. ხ-ძემ 2002წ. 18 ივნისს სარჩელი აღძრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე – ცსკოს მიმართ და ცსკოს ¹115/2002 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს შემდეგი მოტივით:

1. მოპასუხე ცსკომ ისე განიხილა ¹56-26 და 56-27 საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ახალი თარიღის განსაზღვრის საკითხი და მიიღო სადავო ¹115/2002 განკარგულება, რომ მის კანცელარიაში არ ყოფილა გატარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება ¹56-29 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ;

2. სადავო ¹115/2002 განკარგულება ცსკომ გამოსცა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის დარღვევით, კერძოდ ნაცვლად დადგენილებისა, გამოსცა განკარგულება;

3. ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის I პუნქტი ითვალისწინებს განმეორებითი არჩევნების ჩატარებას საერთო არჩევნების ჩატარებიდან 2 კვირის ვადაში ე.ი. 16 ივნისამდე და ეს თარიღი უკვე გასულია, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები;

4. რადგან მოსარჩელენი 4 ივნისიდან წამოსულნი არიან ჭიათურიდან და დავა ჰქოდათ ჯერ ცსკოში, შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ფაქტობრივად მოწყვეტილნი იყვნენ ამომრჩევლებისაგან, არ შეეძლოთ წინასაარჩევნო შეხვედრები ეწარმოებინათ საარჩევნო უბნის მოსახლეობასთან, შესაძლოა სხვა დეპუტატობის კანდიდატებთან შედარებით აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში, რითაც დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გარანტირებული კანდიდატებისათვის თანაბარი საარჩევნო პირობების მინიჭების უფლება. ამიტომ მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ¹115/2002 განკარგულების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების სხვა დღეს ჩატარებას, ნაცვლად 23 ივნისისა;

5. ¹56-26 და ¹56-27 საარჩევნო უბნებში 30 ივნისს საკრებულოს დეპუტატების ხელახალი არჩევნების ჩატარება მოსარჩელეებს მიზანშეწონილად მიაჩნდათ იმ საფუძვლით,M რომ 30 ივნისს ჭიათურის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ასევე დანიშნულია საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ხელახალი არჩევნები და ამგვარ სოციალურ-ეკონომიური გაჭირვების დროს, ერთი კვირის განმავლობაში არჩევნებზე მოსახლეობის ორჯერ მიყვანა, მოსარჩელეთა აზრით, მიუღებელია;

ამდენად, მოსარჩელეები ზემოაღნიშნული საფუძვლებით ითხოვენ ცსკოს 2002წ. 18 ივნისის ¹115/2000 განკარგულების ბათილად ცნობას და ცსკოს დავალდებულებას ¹56-26 და ¹56-27 საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ახალი თარიღის განსაზღვრას.

მოპასუხემ – საქართველოს ცსკომ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სადავო ¹115/2002 განკარგულების ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების შესწავლის, სადავო ¹115/2002 განკარგულების გაცნობის შედეგად მიიჩნევს რომ მოსარჩელე გ. გ-შვილისა და მ. ხ-ძის სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს საქართველოს ცსკოს 2002წ. 18 ივნისის სადავო ¹115/2002 განკარგულება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პირველ არგუმენტს, სადავო ¹115/2002 განკარგულების იმ საფუძვლით ბათილად ცნობის შესახებ, რომ განკარგულება მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ცსკოს კანცელარიაში გაუტარებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის უხეში დარღვევისათვის ბათილად იქნა ცნობილი ... საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები და ცსკოს ¹96/2002 განკარგულება «¹56-27 სოფ. ... საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის შედეგების ძალაში დატოვების თაობაზე». საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2002წ. 17 ივნისს დავის განხილვას და გადაწყვეტილების გამოქვეყნებას (სადაც მოსარჩელეებს ისევ ამჟამინდელი მოსარჩელეები – გ. გ-შვილი, მ. ხ-ძე, ხოლო მოპასუხეს – ცსკო წარმოადგენდა) ესწრებოდნენ საქართველოს ცსკოს წარმომადგენლებიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საკასაციო სასამართლოს) გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე და ამავე კოდექსის მე-10 და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ყველასათვის სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ცსკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ 2002წ. 17 ივნისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა კანონიერ ძალაში, პალატას მიაჩნია, რომ ცსკო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუღებლადაც პროცესუალურად უფლებამოსილი იყო მიეღო ახალი განკარგულება და ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა;

2. პალატა უმართებულობისა და უსწორობის გამო, ასევე არ იზიარებს მოსარჩელეთა დანარჩენ მოსაზრებებსაც. სახელდობრ, მათი აზრით, სადავო ¹115/2002 განკარგულება ცსკოს მიერ გამოცემული უნდა ყოფილიყო არა განკარგულების, არამედ დადგენილების ფორმით, ამასთან ცსკოს სადავო აქტით საარჩევნო უბნებში უნდა დაენიშნა ხელახალი არჩევნები, ნაცვლად განმეორებითი კენჭისყრისა, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ... საარჩევნო ოლქის ¹56-27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის «ღ» პუნქტისა და 124-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში ინიშნება განმეორებითი კენჭისყრა, ხოლო ხელახალი არჩევნები, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის «ფ» პუნქტისა და 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელახალი არჩევნები ინიშნება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ¹56-27 საარჩევნო უბანზე ადგილი არ ჰქონია, ამიტომ მოსარჩელეთა მოტივი უსაფუძვლოა და პალატის აზრით, ¹115/2002 განკარგულებით საარჩევნო უბნებში განმეორებითი არჩევნების დანიშვნა კანონშესაბამისია;

ბ) საქართველოს საარჩევნო კოდექსის 124-ე მუხლის I ნაწილი, მართალია, განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას საოლქო საარჩევნო კომისიას ავალებს საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში ე.ი. 16 ივნისამდე, რაც უკვე გასულია, მაგრამ აღნიშნული ნორმა ადგენს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათლად ცნობიდან ორი კვირის ვადაში და რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 2002წ. 17 ივნისს, ხოლო განმეორებითი კენჭისყრა ბათილად ცნობილ საარჩევნო უბნებში დაინიშნა 2 კვირის ვადაში, 2002წ. 23 ივნისს, პალატის აზრით, სადავო განკარგულება თარიღის თვალსაზრისითაც შეესაბამება საარჩევნო კოდექსს და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი;

გ) პალატას მიაჩნია, რომ სადავო ¹115/2002 განკარგულება ცსკოს მიერ სწორად არის მიღებული განკარგულების და არა დადგენილების მორმით, ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ი» პუნქტი ნათლად განსაზღვრავს, რომ საქართველოს ცსკო განკარგულებით ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას საარჩენო უბანში, ხოლო მოსარჩელეთა მითითება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» პუნქტზე, კონკრეტულ შემთხვევაში უმართებულოა, ვინაიდან საარჩევნვო უბანში ადგილი ჰქონდა სწორედ კენჭისყრის შედეგების ბათლად ცნობის გამო განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას და არა ზემოაღნიშნულ «დ» პუნქტში მითითებულ, კანონის მოთხოვნათა შესრულების შეუძლებლობას. ამასთან, საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ცსკოს დადგენილება სამართლებრივად არის ნორმატიული ადმინისტრაციული აქტი, ხოლო განკარგულება – ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. სადავო ¹115/2002 განკარგულებაც მუდმივი ან დროებითი, მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს კი არ განსაზღვრავს, არამედ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, ადგენს კონკრეტულად 23 ივნისს ¹56-26 და ¹56-27 საარჩევნო უბნებში განმეორებითი არჩევნების დანიშვნას. ამდენად, ¹115/2002 განკარგულება სამართლებრივად ინდივიდუალური აქტია და სწორად არის გამოცემული განკარგულების ფორმით;

3. პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო განკარგულებით განმეორებითი დანიშნული კენჭისყრის 23 ივნისს გადადება მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი 4 ივნისიდან წამოსულები არიან ჭიათურიდან და თითქოს არ ჰქონდათ ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. უზენაესი სასამართლო ადასტურებს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-4 და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე და შესაბამისად დეპუტატობის ყველა კანდიდატს უზრუნველყოფილი აქვს თანაბარი საარჩევნო პირობები, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰყავს თავისი წარმომადგენელი და შესაძლოა, 4 ივნისიდან მოსარჩელენი მართლაც არიან წამოსულები საარჩევნო ოლქიდან, მაგრამ მათი მითითებით ელექტორატთან წინასაარჩევნო მუშაობა თავისუფლად შეეძლოთ დამოუკიდებლად ეწარმოებინათ მოსარჩელეთა წარმომადგენლებს. ამიტომ, პალატის აზრით, საარჩევნო უბანში კანდიდატის არყოფნა არ შეიძლება წარმოადგენდეს 23 ივნისს დანიშნული განმეორებითი კენჭისყრის გადადების საფუძველს;

4. პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე მოსარჩელეთა ვარაუდი, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისია 23 ივნისისათვის ვერ დაბეჭდავდა საარჩევნო ბიულეტენებს, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელეთა მიერ ვერაფერი იქნა წარმოდგენილი, ხოლო მოპასუხის განმარტებით 23 ივნისის განმეორებითი კენჭისყრისათვის საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, დაბეჭდილია სათანადო რაოდენობის საარჩევნო დოკუმენტაცია და მოსარჩელეთა ვარაუდი უსაფუძვლოა, რასაც პალატაც იზიარებს.

ამდენად, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების შესწავლით მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ცსკოს სადავო ¹115/2002 განკარგულების ბათლად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, განკარგულება უფლებამოსილი ორგანოს ცსკოს მიერ მიღებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ამიტომ ძალაში უნდა დარჩეს, ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჭიათურის რაიონის სოფ. ... საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების გ. გ-შვილისა და მ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 18 ივნისის ¹115/2002 განკარგულება;

3. გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის განკარგულება დავის გადაწყვეტამდე ¹115/2002 განკარგულების მოქმედების შეჩერების ნაწილში.

4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.