Facebook Twitter

3გ-ად-35-კ-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ქ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებისა და დადგენილების, ასევე, «ა.-ის» გამგეობის დადგენილების გაუქმება; ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის გამოსახლება, ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერის ბათილად ცნობა და ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის დადგენილების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბათუმის აღმასკომის 22.04.87წ. ¹389 გადაწყვეტილებით, სსრკ მინისტრთა საბჭოს 05.02.87წ. ¹162 დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... მდებარე ბათუმის თევზჭერის ფლოტის სამმართველოს კუთვნილი ტერიტორია თავისი სასაწყობო ნაგებობებით იჯარით გადაეცა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივთან (იმჟამად მეთევზეთა კოოპერატივთან) შექმნილ კოოპერატივ «ზ.-ს» წარმოების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულება არ დადებულა, სადავო ტერიტორიაზე კოოპერატივის «ზ.-ის» მოწყობის მიზნით ბათუმის მეთევზეთა კოოპერატივმა ჩაატარა სამუშაოები, აღადგინა ნაგებობები, რაშიდაც 276 ათას მანეთზე მეტი თანხა დააბანდა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას. 1989 წლის მარტში სამომხმარებლო კოოპერატივის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიმართა ქალაქის საბჭოს აღმასკომს, რათა თევზჭერის ფლოტის მიერ ბალანსიდან ჩამოწერილი და მიტოვებული, ხოლო სამომხმარებლო კოოპერატივის მიერ აღდგენილი ტერიტორია და შენობა-ნაგებობები სამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე აყვანილიყო. 29.03.89წ. ქონების მესაკუთრედ ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა სამომხმარებლო კოოპერატივი. აღნიშნულის შემდეგ შენობა-ნაგებობით და მიმდებარე ტერიტორიით წლების განმავლობაში ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი სარგებლობდა.

1997 წლისათვის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელბრუნვის შემცირების და ორგანიზაციის გაღარიბების გამო, «ცეკავშირის სისტემაში ზედმეტი და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ» ცეკავშირის გამგეობის 28.06.96წ. დადგენილების თანახმად, სადავო ობიექტის გაყიდვის საკითხი დაისვა. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის რეფორმების, რესტრუქტურიზაციის ჩატარებისა და ქონების მართვის კომისიამ 05.06.98წ. გადაწყვიტა, ... მდებარე ნაყინის საამქრო ¹11 მაღაზიის შენობა და დანადგარ-მოწყობილობები იმავე ობიექტის სანაყინე საამქროს ოსტატ მ. თ-ძისათვის მიეყიდა. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება განიხილა და 08.06.98წ. დადგენილებით დაამტკიცა სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ, ობიექტის ღირებულების სახით მყიდველს განესაზღვრა 10026 ამერიკული დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. მ. თ-ძეზე აღნიშნული ობიექტის მიყიდვის საკითხი განხილულ და მოწონებულ იქნა «ა.-ის» ქონების მართვის კომისიის 03.07.98 წლის სხდომაზე, რის შემდეგ მ. თ-ძემ თანდათანობით, რამდენიმე თვის დაგვიანებით, 1998 წლის დეკემბრის ბოლომდე, მთლიანად გადაიხადა სადავო ობიექტის ღირებულება და ობიექტის მის სახელზე გადასაფორმებლად გამყიდველს _ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივს მიმართა. პარალელურად, ქ. ბათუმის მერიის 03.12.98წ. ¹386 გადაწყვეტილებით «ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 18.04.95წ. ¹188 გადაწყვეტილებაში «ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საბორნე მიმოსვლის კომპლექსის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ» ცვლილებების შეტანის შესახებ» ... მდებარე კოოპკავშირის სასაწყობო მეურნეობა ათვისების ზოლში იქნა შეტანილი. მ. თ-ძეს წინადადება მიეცა გადახდილი თანხის ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივიდან გატანაზე, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა და 29.06.99წ. ქ. ბათუმის მერიის და ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის სასამართლოში, რომლითაც მერიის 03.12.98წ. ¹386 დადგენილების მე-7 პუნქტის გაუქმება და სამომხმარებლო კოოპერატივისაგან შესყიდული ობიექტის მის სახელზე გაფორმება მოითხოვა. 05.08.99წ. მ. თ-ძემ სასამართლოს დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა და «ა.-ის» გამგეობის 09.07.99წ. და მის შესაბამისად მიღებული ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის 19.07.99წ. დადგენილებების გაუქმება მოითხოვა. ამ დადგენილებებით გაუქმდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის და «ა.-ის» ქონების მართვის კომისიის დადგენილებები ობიექტის გაყიდვაზე. გარდა ამისა, ვინაიდან აღმოჩენილ იქნა მერიის 03.12.98წ. ¹386 დადგენილების ორი ვარიანტი, რომელთა მე-7 და მე-9 პუნქტებში მითითებულია სადავო ობიექტის ლიკვიდაციის შესახებ, მოსარჩელემ ორივე დადგენილების შესაბამისი პუნქტების გაუქმება მოითხოვა.

საქმის სასამართლო განხილვის პროცესში მოპასუხემ, ბათუმის მერიამ შეგებებული სასარჩელო განცხადება შეიტანა, რომლითაც მ. თ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სადავო ქონების უპატრონოდ ცნობა, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის სადავო ნაგებობიდან გამოსახლება, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1989 წლის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მერიისათვის ჩაბარება მოითხოვა. შეგებებული სასარჩელო განცხადება შემოიტანა აგრეთვე მოპასუხე «ა.-ის» გამგეობამ, რომელმაც მ. თ-ძის დამატებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 08.06.98წ., 25.09.98წ. და 20.10.98წ. დადგენილებების გაუქმება მოითხოვა.

ქ. ბათუმის სასამართლომ 27.10.99წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ძის ძირითადი და დამატებითი სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა, მთლიანად დაკმაყოფილდა ბათუმის მერიის და «ა.-ის» შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ საარქივო ბარათში შეტანილი ჩანაწერი, სადავო ნაგებობა ცნობილ იქნა უპატრონოდ, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი გამოსახლებულ იქნა ... მდებარე ფართიდან, ნაგებობა მიწის ფართთან ერთად ქ. ბათუმის მერიას გადაეცა, გაუქმდა აგრეთვე ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის 03.07.98წ. და მისგან გამომდინარე 25.09.98წ. და 20.09.98წ. დადგენილებები. სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ _ ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივმა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ... მდებარე სადავო ობიექტზე მისი უფლებების აღდგენა მოითხოვა. ქ. ბათუმის სასამართლოს 27.10.99წ. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით ძირითადი და დამატებითი სააპელაციო საჩივრები მ. თ-ძის მიერაც იქნა შეტანილი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.07.2000წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ბათუმის სასამართლოს 27.10.99წ. გადაწყვეტილება, გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 03.12.98წ. ორივე სახის დადგენილების ის პუნქტები, სადაც მითითებულია ... მდებარე სასაწყობო მეურნეობის და მიწის ნაკვეთის ათვისების ზოლში შეტანისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ, გაუქმებულ იქნა აგრეთვე «ა.-ის» გამგეობის 09.07.99წ. დადგენილება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ობიექტი არის უპატრონო ქონება. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 22.04.87წ. ¹389 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საიჯარო ხელშეკრულება არ დადებულა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქონება ნამდვილად გადავიდა სამომხმარებლო კოოპერატივის გამგებლობაში, რომელმაც 276 ათას მანეთად აღადგინა შენობა-ნაგებობანი. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ქონებაზე ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრება დასტურდება ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1989 წლის ჩანაწერით. ასევე, «ა.-ის» 03.06.91წ. ¹53 განკარგულებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივი არ გაერთიანებულა «ა.-ის» სისტემაში, არ მომხდარა უფლებათა დელეგირება, რის გამო ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის მიერ 08.06.98წ. დამტკიცებული ქონების მართვის კომისიის 05.06.98წ. სხდომის გადაწყვეტილება არ საჭიროებდა «ა.-ის» ქონების მართვის კომისიის და შემდგომ გამგეობის დამტკიცებას.

პალატამ მიუთითა, რომ მერიის 03.12.99წ. ¹386 დადგენილებით გათვალისწინებული საზღვაო ნავსადგურის საბორნე მიმოსვლის კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ტერიტორიის ათვისება არაფრით არაა დაკავშირებული სადავო ობიექტთან და მისგან დიდი მანძილითაა დაშორებული, შესაბამისად არ დარღვეულა მერიის რაიმე უფლება, ხოლო ქონების ყოფილ მესაკუთრეს _ აჭარის თევზჭერის ფლოტის სამმართველოს, რაიმე პრეტენზია ქონებაზე არ განუცხადებია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არსებობს 03.12.99წ. ¹386 ორი განსხვავებული დადგენილება, რომლებშიც დებულება სადავო ქონების ათვისების ზოლში შეტანის შესახებ სხვადასხვა პუნქტებშია მოთავსებული.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია აგრეთვე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა განსჯადობის წესები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის მიერ უნდა განხილულიყო. ვინაიდან განსჯადობის საკითხი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ, სსკ-ს 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.06.2000წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 24 იანვრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი მ. თ-ძეს 2001 წლის 8 აგვისტოს გადაეცა.

2001 წლის 13 აგვისტოს ქ. ბათუმის მერიამ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე პალატის 2000 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება მოითხოვა.

განცხადების საფუძვლად ქ. ბათუმის მერიამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაზე მიუთითა, რომლის თანახმად «კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება». ქ. ბათუმის მერიის განმარტებით, 2001 წლის 20 ივლისს აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ, ქ. ბათუმის მერიის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, დადგენილი იქნა ამ საქმეზე მხარეთა დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ: ბათუმის მეთევზეთა კოოპერატივის ყოფილმა თავმჯდომარემ გ. კ-ავამ, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თ. გ-ძემ და იმავე სამსახურის ინვენტარიზატორმა ზ. ქ-ძემ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში უსაფუძვლოდ მოახდინეს ცვლილებების შეტანა და ... მდებარე შენობა-ნაგებობა აიყვანეს მეთევზეთა კოოპერატივის ბალანსზე, რითაც ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (ძველი რედაქციით), მაგრამ არ დადგა მათი სისხლის სამართლოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან მას შემდეგ გავიდა 11 წელზე მეტი და სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია (აჭარის ა/რ პროკურატურის 2001 წლის 20 ივლისის დადგენილება «სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ»).

ქ. ბათუმის მერიის მითითებით, აღნიშნული დადგენილება მერიამ მხოლოდ 2001 წლის 8 აგვისტოს მიიღო და ამდენად, მათი განცხადება დასაშვებია, რადგან გასული არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ქ. ბათუმის მერიის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული და მისი ზეპირი განხილვა 2001 წლის 9 ოქტომბერს დაინიშნა.

2001 წლის 3 ოქტომბერს მ. თ-ძემ განცხადებით მიმართა იმავე პალატას და მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის განცხადება უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები არ არსებობდა (სსსკ-ს 421-ე მუხლის პირველი ნაწილი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით (სსსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით კი ქ. ბათუმის მერიას საერთოდ უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე პალატის 2000 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. თ-ძისა და ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. ქუთაისის მერიისა და «ა.-ის» შეგებებული სარჩელები დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ამავე პალატის 2001 წლის 10 ოქტომბრის განჩინებასთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ძემ და ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივმა.

კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სსსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტი, არასწორად გააუქმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და არასწორად განაახლა საქმე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით გამოიტანა ორივე განჩინება, რომელთა დასაბუთებაც იმდენად არასრულია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. თ-ძისა და ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 10 ოქტომბრისა და 21 დეკემბრის განჩინებები და უცვლელად დარჩეს ამავე პალატის 2000 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 24 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განახლებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის პირველი წინადადება, რომლის თანახმადაც «კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში მითითებული საფუძვლებით შეიძლება გასაჩივრდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ე.ი. მხარეს შეუძლია ამ ნორმის საფუძველზე განცხადებით მიმართოს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. ამდენად, აღნიშნული ნორმა ადგენს მხოლოდ განცხადების შეტანის საფუძვლებს და არა სასამართლოს ვალდენულებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ განცხადებაში მითითებული გარემოება არსებობს, იგი თავისთავად არ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე აფასებს ყველა მტკიცებულებას შინაგან რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, ამავე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. აქედან გამომდინარე, ტექინვენტარიზაციის ბიუროში განხორციელებული ჩანაწერის მართლზომიერებას, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. იგი განხილულ უნდა იქნეს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითად განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მერიის რაიმე უფლება, ხოლო ქონების ყოფილ მესაკუთრეს, აჭარის თევზჭერის ფლოტის სამმართველოს, პრეტენზია ქონებაზე არ განუცხადებია.

საკასაციო სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სს საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით». ამ საქმეზე არა თუ მტკიცებულებათა საკმარისობასა და სისხლის სამართლის პროცესის დაწყებაზეა საუბარი, არამედ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიც არ არის, განაჩენზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად კი, სისხლის სამართლის საქმე არა თუ აღძრული უნდა იყოს, არამედ საკმარისი მტკიცებულებებიც უნდა არსებობდეს და სისხლის სამართლის პროცესის ჩატარება რაიმე სხვა მიზეზით ვერ უნდა ხორციელდებოდეს. თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ მტკიცებულებათა შეგროვება ძირითადად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ იწყება, ხოლო აღნიშნული ნორმა მტკიცებულებათა საკმარისობაზე მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაა გამოტანილი და მხარეთა დანაშაულებრივი ქმედება დადგენილი არ არის.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 21 დეკემბრის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინების გამოტანისას არცერთი მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმა არ გამოიყენა და შეიძლება ითქვას, რომ განჩინებას სამოტივაციო ნაწილი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განახლებამდე სააპელაციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში ხაზგასმით იყო მითითებული ქ. ბათუმის მერიის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლისა (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი) და მ. თ-ძის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების შესახებ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი), ახალი განჩინებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ზემოაღნიშნული მატერიალური სამართლის ნორმები, ასევე სასამართლოთა მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო აშკარად კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელი განჩინება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ძისა და ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ძისა და ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 10 ოქტომბრისა და 21 დეკემბრის განჩინებები, ბათუმის მერიის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ამავე პალატის 2000 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 24 იანვრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.