Facebook Twitter

3გ/ად-35-კ-ს-02 1 ოქტომბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1998 წლის 18 ივლისს ნ. ბ-მ მარტვილის რაიონის სასამართლოში მოპასუხე გ. კ-ს მიმართ აღძრა სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ 1992 წელს მოსარჩელის დედამ განცხადებით მიმართა სოფ. ...ის საკრებულოს გამგეობას და მოითხოვა საკარმიდამო მიწის შევსება მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთის ხარჯზე, რომელსაც ფლობდა აწ გარდაცვლილი მ. კ-ა, მოპასუხე გ. კ-ს მამა. სოფ. ...ის საკრებულოს გამგეობამ 1995 წლის 6 დეკემბრს მიიღო გადაწყვეტილება მ. კ-ს მიერ მითვისებული 1.78 ჰა მიწის ფართობიდან 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და ნ. ბ-სათვის მიკუთვნების შესახებ. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა მოპასუხის წინააღმდეგობის გამო. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონის პროკურატურას, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, მიწის მართვის სამხარეო საკოორდინაციო საბჭოსა და მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს. საკითხის განხილვის შედეგად აღნიშნული ორგანოების დასკვნებით საკითხი ნ. ბ-ს სასარგებლოდ წყდებოდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, აგრეთვე, რომ გ. კ-ს ცალკე კომლად უკანონოდ ჰყავდა გამოყოფილი დედა – ა. ნ-ა, მაშინ, როდესაც ერთშვილიან კომლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე არ უნდა გამოყოფოდა. მოსარჩელის აზრით, გ. კ-ს არ გააჩნდა სადავო მიწის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი, ნაკვეთი მას მიტაცებული ჰქონდა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის კანონიერად მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის დროული მიზომვა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, მ. კ-ს სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვა.

საქმე რამდენჯერმე განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა. საქმის განხილვის პერიოდში მოპასუხეებად ჩაებნენ სოფ. ...ის გამგეობა და მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველო.

ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002 წლის 6Oმარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება; ნ. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. კ-ს სახელზე 1998 წლის 28 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი; მარტვილის რაიონის სოფელ ...ის გამგეობასა და მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევითა და შეფასებით მიწის ნაკვეთის მიღება _ ჩაბარების აქტების გამოცემა გ. კ-სა და ნ. ბ-ს სახელზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მარტვილის მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა ვ.Oმ-მ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნ. ბ-ს სასარჩელო განცხადების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ნ.Oბ-ს უნდა მიზომვოდა ...ის უბანში მდებარე 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო მოპასუხე მ. კ-ს, როგორც პირველი კატეგორიის კომლს, უნდა გადასცემოდა 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დაევალა სოფ. ...ის საკრებულოსა და მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ეს სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ორგანული კანონის მიხედვით აგრარულ საკითხს თავის ტერიტორიაზე წყვეტდა საკრებულო, რის გამოც განმცხადებელმა სასამართლოს სთხოვა, მიეთითებინა მარტვილის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოსათვის, როგორ ემოქმედა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 აპრილის განჩინებით მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს განემარტა, რომ მარტვილის რაიონის სოფელ ...ის გამგეობასა და მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევითა და შეფასებით უნდა გამოეცათ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები გ. კ-სა და ნ. ბ-ს სახელზე.

აღნიშნულ განჩინებაზე ნ. ბ-მ კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა იგი და 2002 წლის 1 მაისის განჩინებით ნ. ბ-ს კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განმარტების თაობაზე სასამართლოს აღნიშნული განჩინება უკანონოა, რასაც ასაბუთებს შემდეგი გარემოებებით:

სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამავე დადგენილების მე-15 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებს საბოლოოდ გადაწყვეტს სასამართლო. ნ. ბ-სა და მ. კ-ს დავა კი ჯერ საბოლოოდ გადაჭრილი არ არის.

სასამართლომ, აგრეთვე, ბათილად ცნო მიღება-ჩაბარების აქტი მ. კ-ს სახელზე და მიზანშეწონილად ჩათვალა, გ. კ-ს სახელზე გაეცა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. აქედან გამომდინარე, საკრებულოს მიწის ფართობის მიკუთვნება შეეძლო ისევ გ. კ-სთვის, რომელსაც ეს მიწა მიტაცებული ჰქონდა 1992-1993 წლებში. სასამართლოს განმარტებაში, აგრეთვე, მითითებულია, რომ ნ. ბ-ს სახელზე აღნიშნული 0.15 ჰა მიწის გამოყოფა იმიტომ არ შეიძლება, რომ ბ-ს სახელზე არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს ამ განმარტების შინაარსს, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტამდე გაფორმდა საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც 1995 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.Oბ-ს მიეზომა 0.15 ჰა მიწა, ხოლო აღნიშნული მიწა გ. კ-ს 1998 წლის 10 მაისს გამოეყო ისე, რომ 1995 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და რატომღაც ამის შესახებ განმარტებაში არაფერია ნათქვამი. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ უარყოფილია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტის მიმართება 1996 წლის 10 მაისის მიღება-ჩაბარების აქტთან. ¹48 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად კანონის ამოქმედებამდე, ანუ 1996 წლის 22 მარტამდე, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პუნქტის მოქმედება გავრცელდა სოფ. ...ის საკრებულოს 1995 წლის 6 დეკემბრის ¹11 გადაწყვეტილებით ნ. ბ-ზე გაცემულ მიწის ნაკვეთზე და არა იმ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელიც კანონის ამოქმედებიდან 2 წლის შემდგომ იქნა მიღებული. პირიქით, სოფ. ...ის საკრებულოს 1998 წლის 10 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემით დარღვეულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის ¹750 დადგენილების მეორე პუნქტისა და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის 1993 წლის 11 ნოემბრის ¹3-27 ბრძანების მეორე პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევით გამოყოფილ და მიტაცებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, რაც უგულებელყოფილია სასამართლო განჩინებაში.

საქართველოს სსკ-ს 262-ე და 416-ე მუხლების თანახმად კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს 2002 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები იდენტურია, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას 2002 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება 2002 წლის 22 აპრილის განჩინებით არ განუმარტავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინება არ გაასაჩივრა თავად განმარტების თაობაზე განცხადების შემომტანმა მხარემ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ნ. ბ-ს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და იგი შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ფაქტობრივად კანონიერ ძალაში შესული განსამარტავი გადაწყვეტილების იდენტურია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 აპრილის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.