Facebook Twitter

3გ/ად-36-კ-02 15 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2000 წლის 23 ნოემბრის ¹34 ბრძანების საფუძველზე, ამავე ინსპექციის ...-ის მ. ვ-ძისა და თ. შ-ძის მიერ, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონით მინიჭებული უფლების შესაბამისად, შემოწმდა ფასების (მომსახურების ტარიფების) გამოყენების სისწორე ქ. ბათუმის ...-ში. შემოწმება შეეხო 1999 წლის 1 აპრილიდან 2000 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს.

შემოწმების შედეგად, 2000 წლის 10 ნოემბერს შედგა ცნობა ქ. ბათუმის ...-ში მომსახურების ტარიფების დადგენა-გამოყენების შესწავლის შესახებ, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 16 თებერვლის ¹18 ბრძანებით ბათუმის ...-ას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 99 680 ლარი: ტარიფების არასწორად გამოყენების შედეგად ზედმეტად შემოსული თანხა 44 800 ლარი და ზარალი - ბიუჯეტზე დაკლებული თანხა - 5040 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით. «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა. სულ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 99 680 ლარი.

ქ. ბათუმის ...-მ სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ შედგენილი ცნობისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 16 თებერვლის ¹18 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე არ დაეთანხმა შემოწმების ცნობაში არსებულ მითითებას, თითქოს საწარმო არასწორად ხელმძღვანელობდა ბათუმის მერიის კაბინეტის 1996 წლის 21 მაისის ¹171, 1996 წლის 24 დეკემბრის ¹644, 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებებით და ასევე ადგილზე გაანგარიშებული ტარიფებით, რომლებიც შეთანხმებულია ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველსთან. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ინსპექციას ყურადღება უნდა გაემახვილებინა ქ. ბათუმის მერიის საქალაქო მეურნეობის მრავალდარგობრივი საწარმოო გაერთიანების მიერ 1999 წლის 15 თებერვალს დამტკიცებულ ახალ ტარიფებზე, რომლითაც 1 მარტიდან მოხდა სატარიფო განაკვეთის გაზრდა და რომლითაც კანონიერად სარგებლობდა მოსარჩელე, რადგან ბათუმის მერიის მრავალდარგობრივი საწარმო გაერთიანება არის მისი ზემდგომი ორგანო, რომელიც მონაწილეობს ტარიფების შემუშვებაში, კონტროლს ახორციელებს ტარიფების სწორ გამოყენებაზე და მის მიერ დამტკიცებული ტარიფების გამოყენება მოსარჩელისათვის სავალდებულოა. მოსარჩელის აზრით, თუ ტარიფები არასწორად იყო დადგენილი, მაშინ პრეტენზიები უნდა წარედგინათ არა მათ მიმართ, არამედ თვით მრავალდარგობრივი საწარმო გაერთიანების მიმართ.

მოსარჩელე ასევე არ დაეთანხმა ბრძანებას მათ საწარმოზე დღგ-ს სახით 5040 ლარის დაკისრების თაობაზე და მიაჩნია, რომ შემმოწმებლებმა შემოწმების დროს არ გაითვალისწინეს სხვა საწარმოებიდან მიღებული თანხები და სხვა გარემოებანი. გარდა ამისა, გადასახადების გამოანგარიშების სისწორესა და მის დროულ გადახდაზე კონტროლს ახორციელებნენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რადგან 2001 წლის 16 თებერვლის ბრძანება არ მოიცავს დასაბუთებას, ასევე განმარტებას გასაჩივრების ვადაზე და წესზე. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბათუმის ...-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ინსპექციის მიერ შემოწმების დროს შედგენილი ცნობა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 16 თებერვლის ბრძანება ¹18 მოსარჩელეზე 99 680 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე, შემდეგი საფუძვლით:

1. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ მიაჩნია, რომ ბათუმის მერიის მრავალდარგობრივ საწარმო გაერთიანებას, როგორც ...-ის ზემდგომ ორგანოს, უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმ ტარიფების შედგენაში, რომელიც სავალდებულო იყო სახელმძღვანელოდ მოსარჩელე ორგანიზაციისათვის. 1999 წლის 1 მარტიდან მოსარჩელეს უნდა ესარგებლა ახალი ტარიფებით, რომელმაც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საწვავზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით, გაზარდა წინა სატარიფო განაკვეთები. დებულებაში არ წერია, რომ საწარმო მერიას მომსახურებას გაუწევს ადრე დადგენილი ტარიფით. საქმეში წარმოდგენილი ცნობით, ხელშეკრულება მერიასთან არაა დადებული და საწარმოს უფლება აქვს საბაზრო კონიუქტურიდან გამომდინარე დაადგინოს თავისი მომსახურების ფასი მოგების გათვალისწინებით. სასამართლო კოლეგია დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუ ტარიფები არ არის შედგენილი სწორად, მაშინ პასუხი უნდა აგოს მისმა შემდგენმა და არა ქვემდგომმა ორგანომ, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზემდგომის მიერ დადგენილი ტარიფები;

2. კოლეგიის მითითებით, ფასების სახელმწიფო კომისიას არ ქონდა უფლება საწარმოსათვის დაერიცხა დღგ, რადგან საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის თანახმად, დაბეგვრის სისწორეზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები;

3. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ 2001 წლის 16 თებერვლის ბრძანება არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან მას არ ახლავს დასაბუთება, გასაჩივრების წესზე მითითება და არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და 2001 წლის 16 თებერვლის ¹18 ბრძანების ძალაში დატოვება, შემდეგი მოტივით:

1. სახელმწიფომ ამა თუ იმ მომსახურების სახეზე შეიძლება დააწესოს რეგულირებადი ტარიფების რეჟიმი ფისკალური ინტერესებიდან ან ამ სფეროში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, ბაზარზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მოტივით, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული მეთოდებით. მომსახურების სახეები, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს ემსახურებიან, გარკვეულწილად ცენტრალიზებულნი არიან ანუ სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების რეჟიმში არიან მოქცეულნი. ამ მიზნით სახელმწიფო, უფლებამოსილია კანონმდებლობით განამტკიცოს კონტრაჰენტის იძულების პრინციპი.

სატარიფო რეჟიმის იმპერატიულობა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლიდანაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება სატარიფო რეჟიმის მიხედვით ცალკეული დარგებისა თუ მომსახურების სახეობის სახელმწიფო რეგულირება. სწორედ ამ რეჟიმის განხორციელების მექანიზმებია ჩადებული «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს სპეციალურ კანონში;

2. კასატორს მიაჩნია, რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ დადგენილი ტარიფი (ფასი) იმპერატიული ნორმა, რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. ამასთან, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მეწარმე წარმოადგენს რა ფასწარმოქმნის სუბიექტს, ვალდებულია ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე წარუდგინოს ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს ყველა დოკუმენტაცია და განმარტებები, ხოლო ტარიფის სათანადო ორგანოების მიერ დამტკიცების შემდგომ, იხელმძღვანელოს ახალი ტარიფებით;

3. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიას თითქოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მიხედვით, ¹18 ბრძანებაში მითითებულ დღგ-ს დარიცხვის საკითხებს არეგულირებს მხოლოდ საგადასახადო ინსნექცია, რადგან იგი (საგადასახადო ინსპექცია) ფასწარმოქმნის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს ვერ შეითავსებს.

თანამოპასუხე – საქართელოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული აჭარის ა/რ ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ითხოვს მის დაკმაყოფილებას, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ვინაიდან მოსარჩელე ქ. ბათუმის ...-ა შემოწმების პერიოდში სარგებლოდა არაუფლებამოსილი ორგანოს, ბათუმის მერიის საქალაქო მეურნეობის მრავალდარგობრივი საწარმო გაერთიანების მიერ 1999 წლის 15 თებერვალს დამტკიცებული ახალი (გაზრდილი) ტარიფით, ამიტომ «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ამ ტარიფებით უკანონოდ მიღებული 44 800 ლარისა და იმავე რაოდენობის ჯარიმის დაკისრება კანონიერია. ასევე კანონიერია მოსარჩელისათვის ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალის თანხის _ 5040 ლარის დღგ-ს დაკისრებაც, რადგან შემოწმების ცნობის მიხედვით, მოსარჩელემ გარკვეულ პერიოდში შეამცირა თავისი მომსახურების ღირებულება და დადგენილ ტარიფზე დაბალი, დემპინგური ფასები დააწესა.

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის ...-ა საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, რადგან მიაჩნია, რომ საწარმო «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის შესაბამისად, სწორად ხელმძღვანელობდა მისი ზემდგომი ორგანოს, ბათუმის მერიის მრავალდარგობრივი საწარმო გაერთიანების მიერ დამტკიცებული გაზრდილი ტარიფებით. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის აზრით, საკასაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ, რომელსაც სათანადო რწმუნება (კომპეტენცია) არ გააჩნია, ამიტომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის – ქ. ბათუმის ...-ის მოსაზრებას საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში – 2002 წლის 10 იანვარს შეტანილია ამ სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 26 თებერვლის ¹21 ბრძანებით გაცემული რწმუნების საფუძველზე, რომელიც მოქმედებდა 2002 წლის 15 თებერვლამდე. ამდენად, საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელით შეტანილია უფლებამოსილი პირის – სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ და საკასაციო საჩივრის დაუშვებლობაზე მოსარჩელის მითითება უმართებულოა;

2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო 1999 წლის 15 თებერვლის გაზრდილი ტარიფებით მოსარჩელის მიერ ხელმძღვანელობა და მიიჩნია, რომ ბათუმის მერიის მრავალდარგობრივი საწარმო გაერთიანება, როგორც მოსარჩელის ზემდგომი ორგანო, კომპეტენტურ, სათანადო უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა და შეეძლო ახალი ტარიფების დაწესება, რაც შესასრულებლად სავალდებულოდ უნდა ყოფილიყო მოსარჩელისათვის. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსწორობის გამო.

საკასაციო პალატის აზრით, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის უსწორო განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის დარღვევით, გამოიტანა გადაწყვეტილება და მცდარი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სახელდობრ, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-12 მუხლის I ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ ა/რ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო პოლიტიკას ფასწარმოქმნის სფეროში, აწესებენ სახელმწიფო რეგულირებად ფასებსა და ტარიფებს ცალკეულ სახეობათა საქონელსა და მომსახურებაზე. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის ¹56 ბრძანების მე-2 მუხლიც ნათლად მიუთითებს, რომ კომუნალური მომსახურების ტარიფების დარეგულირების თაობაზე, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები.

განსახილველი დავის შემთხვევაში, ქ. ბათუმის ...-ის მიერ საქმიანობაში გამოყენებული ტარიფები 1999 წლის 15 თებერვალს დამტკიცებულია არა ადგილობრივი მმართველობის (გამგეობა – მერიის) ან თვითმმართველობის (საკრებულოს) მიერ, არამედ ქ. ბათუმის მერიის საქალაქო მეურნეობის მრავალდარგობრივი საწარმო გაერთიანების მიერ, რომელიც დებულების მე-6 მუხლის «გ» პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კომუნალური მომსახურების ტარიფების შემუშავებაში, მაგრამ ახალი ტარიფების დამტკიცების კანონით მინიჭებული კომპეტენცია არ გააჩნია. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად და «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-12, მე-16 მუხლების გათვალისწინებით გადასაწყვეტად დაუბრუნდეს სასამართლოს;

3. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ ასევე გაიზიარა სასარჩელო განცხადება დღგ-ს სახით მოსარჩელისათვის 5040 ლარის დარიცხვის ნაწილშიც, რასაც საკასაციო წესით ასაჩივრებს საქართველოს მრეწველობის, ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტრო და «ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის I პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, ითხოვს მის გაუქმებას. აღნიშნულ მოთხოვნას ეთანხმება სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენელიც, რომლის განმარტების მიხედვით, ბიუჯეტზე მიყენებული ზარალის სახით 5040 ლარის დღგ-ს თანხის დაკისრება კანონიერია, რადგან მოსარჩელემ გარკვეულ პერიოდში შეამცირა თავისი მომსახურების ღირებულება და ადრე დადგენილ ტარიფზე დაბალი, დემპინგური ფასით გააფორმა ბათუმის მერიასთან მოსახურების ხელშეკრულება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 5040 დღგ-ს გადახდის დაკისრების ნაწილში საქმე სათანადოდ გამოკვლეული არ არის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს მიერ არ არის შეგროვილი საჭირო მტკიცებულებანი, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ადრე, 1999 წლის 15 თებერვლამდე დადგენილი ტარიფი და არც თავად ხელშეკრულება მერიის მომსახურების თაობაზე, ამიტომ დემპინგური ფასების გამოყენების ნაწილში საჭიროა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა, ამ ეტაპზე შეუძლებელია საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა და საქმე დამატებით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სასამართლოს;

4. ვინაიდან განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 16 თებერვლის ¹18 ბრძანება და მისი სამართლებრივი საფუძველი _ აჭარის ფასების ინსპექციის 2000 წლის 10 ნოემბრის ცნობა ქ. ბათუმის ...-ში მომსახურების ტარიფების დადგენა-გამოყენების შესწავლისა და 99680 ლარის დაკისრების შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის განმხილველი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში არაგანსჯადი სასამართლოა, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული საერთო (ტერიტორიული) განსჯადობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ბრძანების კანონიერების შესახებ დავა განხილულ უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ. ამიტომ განსახილველი დავა განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, მე-6, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.