Facebook Twitter

3გ-ად-36-კ.ს-02 30 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001 წლის 5 თებერვალს შპს «ე-ამ» სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: თერჯოლის რაიონის გამგეობის, თერჯოლის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ადრე გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს «ე-ასათვის» ფ-ის დასამუშავებლად საჭირო წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მოპასუხეთა დავალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი _ მოპასუხეთა მიერ არასწორად გაფორმებული დოკუმენტაციის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის— 979000 ლარის _ ანაზღაურება. მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა მოცემული საქმის განხილვამდე მოპასუხეებზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის აკრძალვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 7 თებერვლის განჩინებით წარმოებაში მიიღო შპს «ე-ას» სარჩელი. ამავე განჩინებით მოპასუხეებს აეკრძალათ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა დავის არსებითად გადაწყვეტამდე.

2001 წლის 8 თებერვალს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «ფ-მ» მოპასუხეების: თერჯოლის რაიონის გამგეობის, თერჯოლის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ადრე გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს «ფ-ისათვის» ფ-ის დასამუშავებლად საჭირო წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მოპასუხეთა დავალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი _ მოპასუხეთა მიერ არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის _ 574000 ლარის _ ანაზღაურება. მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა მოცემული საქმის განხილვამდე მოპასუხეებზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის აკრძალვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 8 თებერვლის განჩინებით წარმოებაში მიიღო შპს «ფ-ის» სარჩელი. ამავე განჩინებით მოპასუხეებს აეკრძალათ დავის არსებითად გადაწყვეტამდე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

იმავე დღეს 2001 წლის 26 თებერვალს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს «.. ..-მ» და ითხოვა მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «.. ..-ის» კერძო საჩივარი და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2001 წლის 7 თებერვლისა და 8 თებერვლის განჩინებები მოპასუხეთათვის ლიცენზიის აკრძალვის ნაწილში.

2001 წლის 20 მარტს მოსარჩელეებმა შპს «ე-ამ» და შპს «ფ-მ» დაზუსტებული სარჩელი შეიტანეს მოპასუხეების: თერჯოლის რაიონის გამგეობის, თერჯოლის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ამავე სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოსა და სს «.. ..ის» მიმართ.

მოსარჩელეებმა დააკონკრეტეს სარჩელი და ითხოვეს მატერიალური ზიანის _ 1554000 ლარის _ მოპასუხეთათვის დაკისრება, აგრეთვე, მოპასუხეებისათვის სადავო მიწის ნაკვეთსა და სამთო მინაკუთვნზე კონკურსის ან აუქციონის გამოცხადების აკრძალვა.

2002 წლის 5 მარტს შპს «ე-ამ» და შპს «ფ-მ» განცხადებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს და აღნიშნეს, რომ უარს ამბობდნენ სარჩელზე მოპასუხეებისათვის 1554000 ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან, შეცვალეს სარჩელის საფუძველი, საგანი და ითხოვეს:

1) სასამართლო კოლეგიას დადგენილად ჩაეთვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს «.. ..-ის» მუდმივ სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გადაცემით არ გაუქმებულა სახელმწიფო საკუთრება სადავო 9,5ჰა მიწის ნაკვეთზე და რომ ამ ნაკვეთის მესაკუთრე იყო სახელმწიფო, ხოლო მისი განკარგა შეეძლო მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

2) ქუთაისის საოლქო სასამართლოს დაევალებინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიისათვის, კონკურსის ჩასატარებლად სრულიად საკმარისად ჩაეთვალა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები, აგრეთვე, არ მინიჭებოდა არც ერთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, როგორც სადავო მიწის ნაკვეთის ადრინდელ მოსარგებლეს, რაიმე უპირატესობა კონკურსში მონაწილეობისას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 6 მარტს გამოიტანა განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება შპს «ფ-ისა» და შპს «ე-ას» სარჩელის გამო მოპასუხეთათვის ზიანის _ 1554000 ლარის _ დაკისრების თაობაზე, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. ამასთან, მოსარჩელეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვებოდა.

სასამართლო კოლეგიამ იმავე დღეს გამოიტანა მეორე განჩინება, რომლითაც შეცვლილი სარჩელის მიღებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ სარჩელში დაყენებული საკითხის განხილვა სხვა უწყების კომპეტენცია იყო. სასამართლო კოლეგიამ განჩინებით დაადგინა, რომ მხოლოდ სახელმწიფომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახით, შეიძლება იდავოს სადავო მიწის ნაკვეთში არსებული წიაღისეულის საკუთრებაზე. იმავე განჩინებით მოსარჩელეებს განემარტათ შემდეგი: ა)Oქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება: _ «კანონიერად იქნეს ცნობილი სს «.. ..-სათვის» 59,5 ჰა მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემა» _ ძალაშია 2001 წლის 22 ივლისამდე და იგი გაუქმებულია იმ დროიდან, როცა სახელმწიფომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახით, «წიაღის შესახებ» საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განკარგა ე-ის კირქვის საბადოს მეორე უბანი (გამოაცხადა კონკურსი). 2001 წლის 22 ივლისიდან, ე.ი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ კონკურსის გამოცხადების მომენტიდან სადავო მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემის შესახებ თერჯოლის რაიონის აღმასკომის 1968 წლის აქტი უქმდება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ე-ის კირქვის საბადოს მეორე წიაღის უბანს _ სამთო მინაკუთვნს. იმავე დროიდან, აგრეთვე, უქმდება კარიერსამმართველოსა და მის სამართალმემკვიდრეზე, სს «.. ..-ზე», საქართველოს სამთოტექზედამხედველობის მიერ ე-ის ვარდისფერი კირქვის საბადოს სამთო მინაკუთვნის სარგებლობაში უვადოდ გადაცემის აქტი.

ბ) რადგან «წიაღის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად სს «.. ..-ს» მიწით სარგებლობის უფლება 2000 წლის 22 ივნისიდან გაუუქმდა 59,5 ჰა მიწის იმ ნაკვეთზე, სადაც ე-ის კირქვის საბადოს მეორე წიაღის უბანია, (სამთო მინაკუთვნი), ამიტომ მითითებულ წიაღის უბანზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად მას, როგორც ყოფილ მოსარგებლეს, «წიაღის შესახებ» კანონის შესაბამისად რაიმე უპირატესობა არ გააჩნია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე განჩინებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებს სარჩელში დაყენებული საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიემართათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «.. ..-მ».

კერძო საჩივარი დაეყრდნო შემდეგ საფუძვლებს:

ქუთაისის საოლქო სასამართლომ ისე განმარტა 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელეებს განცხადებით არ უთხოვიათ მისი განმარტება. ამასთან, სასამართლომ განმარტა უკვე აღსრულებული გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული მუხლი იმპერატიულად ითვალისწინებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის გადაწყვეტას სასამართლო სხდომაზე მხარეთათვის შეტყობინებით, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს არ გაუკეთებია.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ შინაარსობრივად არასწორად განმარტა 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, რადგანაც მთლიანად შეცვალა მისი შინაარსი. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სს «. ..-ს» უვადო სარგებლობაში გადაცემული აქვს 59,5 ჰა მიწის ნაკვეთი. სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად კი მფლობელს მესაკუთრის ტოლფასი უფლებები გააჩნია და მას ვერავინ დაარღვევს. «წიაღის შესახებ» კანონი არ უთითებს, რომ კონკურსის გამოცხადებით უქმდება მიწის მინაკუთვნი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს «.. ..-ს» პრივატიზებული აქვს ე-ის კარიერსამმართველოს უძრავ-მოძრავი ქონება და შესაბამისად, როგორც კარიერსამმართველოს უფლებამონაცვლეს, მიწის ნაკვეთიც გადაეცა მფლობელობაში. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთი სს «. ..-ს» უკვე დამაგრებული აქვს არა მარტო საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, არამედ _ წიაღით სარგებლობის ლიცენზიითაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «.. ..-მ» კერძო საჩივრით ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 6 მარტის განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 15 მაისის განჩინებით სს «.. ..-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის განმარტებას, რომ მას არ განუხილავს მოსარჩელეთა განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეებს არ ჰქონიათ. შესაბამისად არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, მაგრამ საკასაციო სასამართლო ამავე დროს თვლის, რომ, სასამართლო კოლეგიას 2002 წლის 6 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში პასუხი უნდა გაეცა სარჩელში დაყენებულ მოსარჩელეთა შეცვლილ მოთხოვნებზე, რადგანაც იმავე განჩინებით სასამართლო კოლეგიამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ შეცვლილ სარჩელში დაყენებული საკითხი სხვა უწყების კომპეტენციას წარმოადგენდა, შპს “ე-ასა” და შპს “ფ-ს” უარი უთხრა შეცვლილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება ეხება მხოლოდ მოსარჩელეთა ინტერესებს და მხოლოდ შპს “ფ-სა” და შპს “ე-ას” ჰქონდათ მოცემულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სს “.. ..-საც” ჰქონდა უფლება, სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 6 მარტის განჩინებაზე შეეტანა კერძო საჩივარი, ვინაიდან აღნიშნული საწარმოს ინტერესს უშუალოდ ეხება ეს განჩინება.

საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს, სწორია თუ არა სამართლებრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო კოლეგიას მოსარჩლეთა შეცვლილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ საერთოდ არ უნდა ემსჯელა შეცვლილი სარჩელის მოთხოვნებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 6 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „.. ..-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 6 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამავე სასამართლოს 2002 წლის 15 მაისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.