გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-37-02 24 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციით, შემდეგი
შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მსაჯულები: გ. ოგანოვი,
ლ. თევზაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივნისის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის პირველი ინსტანციისათვის განსჯადობით განსახილველად ვ. კ-ძის სარჩელის გადაგზავნის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. კ-ძის სარჩელი მოპასუხე თერჯოლის რაიონის ¹49-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და გაუქმდა თერჯოლის ¹49-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა ვ. კ-ძეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით საოლქო კომისიას ვ. კ-ძის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაცია დაევალა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 ივნისის განჩინებით მოპასუხე თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების საფუძველზე გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ არსებობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულება ვ. კ-ძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოპასუხისათვის სასამართლო პროცესის შემდგომ გახდა ცნობილი.
საქმის განახლების შემდეგ, საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2002წ. 19 ივნისს, მოსარჩელე ვ. კ-ძემ გაზარდა დავის საგანი და თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმებასთან ერთად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულების გაუქმებაც მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 19 ივნისის განჩინებით ვ. კ-ძის სარჩელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის პირველი ინსტანციის განსჯად საქმედ მიიჩნია და განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კარტეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით გაეცნო ვ. კ-ძის სარჩელს, შეამოწმა აღნიშნული სარჩელის დასაშვებობა და მიიჩნევს, რომ ვ. კ-ძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულების გაუქმების ნაწილში არ არის დასაშვები და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულება არ არის მიღებული ქვემდგომი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამასთან, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის «ა" ქვეპუნქტის თანხმად, «პარტიებისა და პარტიული სიით წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში". ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულების კანონიერების შემოწმება უდავოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის განსჯადია, მაგრამ, ვინაიდან დარღვეულია ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად «საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში", სასამართლო თვლის, რომ ვ. კ-ძის სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულების გაუქმების თაობაზე არ არის დასაშვები და უნდა დარჩეს განუხილველად. გასაჩივრების სამდღიანი ვადა აღმკვეთი ვადაა და იმპერატიულად არის დადგენილი ორგანული კანონით, ამდენად, მისი აღდგენა შეუძლებელია.
რაც შეეხება ვ. კ-ძის სარჩელს მოპასუხე თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმების ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არ არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის პირველი ინსტანციის განსჯადი, რადგან საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-11 პუნქტის «ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, რადგან საქართვლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულება არ არის მიღებული ქვემდგომი საარჩევნო კომისიის _ თერჯოლის რაიონის ¹49 საარჩევნო ოლქის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების თაობაზე. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმების ნაწილში ვ. კ-ძის სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (პირველი ინსტანციით) იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მესამე ნაწლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-86-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით, მე-11 პუნქტის «ა" და «ბ' ქვეპუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ძის სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულების გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. ვ. კ-ძის სარჩელი თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმების ნაწილში სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.