Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-38-02 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: თავმჯდომარე: ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: ს. გამრეკელი,

მ. სხირტლაძე

დავის საგანი: რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 21 ივნისს მოსარჩელე _ ქ. რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ჯ. მ-ძემ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხეების – საქართველოს ცსკოსა და ქ. რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის ¹14/13.06.2002წ. განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ მის მიმართ გამოიჩინა უპასუხისმგებლობა და საარჩევნო ბიულეტენში მისი, როგორც რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატის, გვარი შეცდომით შეიტანა. კერძოდ, ნაცვლად ჯ. მ-ძისა, საარჩევნო ბიულეტენში მე-4(თ) ნომრად მითითებული იყო ჯ. მ-ძე. მოსარჩელე დარწმუნებულია, რომ ზემოაღნიშნული შეცდომით დაირღვა მისი უფლებები და თუ არა შეცდომა, საკრებულოს წევრობის მანდატის მოსაპოვებლად, იგი შეძლებდა საკმარისი რაოდენობის ხმების მოპოვებას და პირნათელი იქნებოდა თავის ამომრჩეველთა წინაშე. ამდენად, მოსარჩელე საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 123-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ითხოვს რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის ¹14/13.06.2002წ. განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც დამტკიცდა 2002წ. 2 ივნისის კენჭისყრის შედეგები.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატ ჯ. მ-ძის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ითხოვს რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის ¹14/13.06.2002წ. განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც ქ. რუსთავის საარჩევნო ოლქში დამტკიცდა 2002წ. 2 ივნისის საკრებულოს არჩევნების შედეგები. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი ეხება ქ. რუსთავის საკრებულოს არჩევნების შედეგების დამტკიცებას;

2. «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს საარჩევნო დავების განხილვას, მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის, რომელიც საარჩევნო დავების განსჯადობასა და განხილვის წესს განსაზღვრავს, მე-2 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: «საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში”.

ვინაიდან განსახილველი დავის საგანი – რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის ¹14/13.06.2002წ.

განკარგულება სამართლებრივად არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგების შეჯამებას ეხება, ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეტანილია განსჯადობის დარღვევით;

3. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ საარჩევნო კომისიების განკარგულებათა სასამართლოში გასაჩივრების განსჯადობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით რეგლამენტირებული არ არის, მაგრამ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ზოგად ნორმას, რომლის მიხედვითაც: “საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში”.

სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო – რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის მე-17 და 34-ე მუხლების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან განსხვავებით, თავისი უფლებამოსილებითა და სამართლებრივი სტატუსით არ წარმოადგენს საქართველოს უმაღლეს საარჩევნო ორგანოს, უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციას, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული აქტები განსახილველად განსჯადობით არ ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და ჯ. მ-ძის სარჩელი რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის ¹14/13.06.2002წ. განკარგულების ბათილად ცნობაზე განსახილველად განსჯადობით უნდა გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატ ჯ. მ-ძის სარჩელი რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის ¹14/13.06.2002წ. განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.