Facebook Twitter

3გ-ად-38-კ-ს-02 31 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის გადაწყვეტამდე სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეებმა _ სოფ. ..... მცხოვრებმა რ. გ-ოვმა, ხ. ი-ევმა, მ. გ-ოვმა და ზ. ბ-ოვმა სარჩელი აღძრეს სოფ. ..... საკრებულოს მიმართ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6, 32-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვეს «სარწყავი არხის მილის გადაკეტვის შესახებ» სოფლის საკრებულოს 2001წ. 11 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობა და იგივე სარწყავი მილის გახსნის შესახებ იმავე საკრებულოს 2000წ. 3 მაისის ¹2 დადგენილების ძალაში დატოვება. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ. აპელანტთა (მოსარჩელეთა) ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ნ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსკ-ს 191-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, სოფ. ... საკრებულოს 2001წ. 11 აპრილის სადავო დადგენილების მოქმედების იმ მოტივით შეჩერება, რომ სარწყავი მილის გადაკეტვა საგრძნობლად დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობის ნაკვეთებს, რომლებიც მოსარჩელეთა და იქ მცხოვრებთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა დავის გადაწყვეტამდე სადავო ადმინისტაციული აქტის _ სოფ. ..... საკრებულოს 2001წ. 11 აპრილის დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ქვემო ბოლნისის საკრებულომ და იმ მოტივით მოითხოვა განჩინებისა და სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება, რომ მოსარჩელეების გარდა სოფლის მთელი მოსახლეობა რჩება სარწყავი სისტემის გარეშე, რაც მათ ინტერესებს ლახავს, ვინაიდან მიწა მათი არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 24 მაისის განჩინებით, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა სოფ. ... საკრებულოს კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი განსახილველად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში. სააპელაციო პალატის აზრით, სოფლის მოსახლეობის ინტერესების შელახვაზე მითითება ზოგადი ხასიათისაა, კონკრეტული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამასთან ასევე ილახება მოსარჩელეთა ინტერესებიც. სასამართლომ იმ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ თვით სოფლის საკრებულოს არ დაუდგენია სადავო დადგენილების მიღებისას მისი დაუყოვნებლივ აღსრულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოფ. ... საკრებულოს კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილისა და 24 მაისის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელეები (აპელანტები) სარჩელით ითხოვენ «სარწყავი არხის მილის გადაკეტვის შესახებ» სოფლის საკრებულოს 2001წ. 11 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობას. ამდენად, განსახილველი დავის საგანია სოფლის საკრებულოს დადგენილება, რომელიც «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტია და ერთი კონკრეტული სარწყავი არხის მილის გადაკეტვას ეხება. სადავო დადგენილება შინაარსობრივად სახელმწიფო ან ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებულ ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა რომელიმე აქტს არ წარმოადგენს, არც ქვემო ბოლნისის საკრებულოს აქვს მიღებული წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაუყოვნებელი აღსრულების აუცებლობის შესახებ, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის კანონისმიერი ღონისძიებაა და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ არის დამოკიდებული სასამართლოს შეხედულებაზე, რადგან ზემოაღნიშნული სამართლის ნორმა იმპერატიულად მიუთითებს: «სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას».

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 29-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... სოფლის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილისა და 24 მაისის განჩინებები;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.