გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-39-02 1 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
მსაჯულები: ი. ყარალაშვილი,
ნ. ალხანაშვილი
დავის საგანი: «ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული 2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო დოკუმენტაციის სისტემატიზაციის თაობაზე" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
02.06.02წ. ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმების მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა 28.06.02წ. ¹120/2002 განკარგულება «ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული 2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო დოკუმენტაციის სისტემატიზაციის თაობაზე». ... პარტიის თავმჯდომარე ვ. რ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ცსკოს 28.06.02წ. ¹120/2002 განკარგულების ბათილად ცნობა, ცსკოსათვის ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის დაუყოვნებელი შემუშავების და მიღების დაკისრება, სასამართლო პროცესის ჩატარებამდე 28.06.02წ. ¹120/2002 განკარგულების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელის და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობის და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ... პარტიის თავმჯდომარის ვ. რ-შვილის სასარჩელო განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა რიგს განეკუთვნება შემდეგ გარემოებათა გამო:
«საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით იხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს. საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ცსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო პირველი ინსტანციით იხილავს ცსკოს გადაწყვეტილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ. საარჩევნო დავების პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს ცსკო (კოდექსის 115.5 მუხლი). საარჩევნო დავების სასამართლოს განსჯადობის განმსაზღვრელი «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლი არ ითვალისწინებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული დავების, კერძოდ, ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო დოკუმენტაციის სისტემატიზაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის განსჯადობის საკითხს, რის გამო ამგვარი მოთხოვნების შემცველი სასარჩელო განცხადებები ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა საერთო განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაწყდეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე. ვინაიდან საქართველოს ცსკო წარმოადგენს უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციას და უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს განეკუთვნება, ცსკოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს, ორგანული კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქარათველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... პარტიის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. სარჩელის გადაგზავნის შესახებ ეცნობოს მოსარჩელეს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.