Facebook Twitter

3გ/ად-39-კ 26 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის გადახდილი თანხების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 2 სექტემბერს ა. კ-ინამ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ¹... კოოპერატივ ს/ყ «ო.-ის» მიმართ და საბურთალოს რაიონში, ...-ზე ოროთახიანი კოოპერატიული ბინის მშენებლობისათვის მის მიერ შეტანილი თანხის დაბრუნება მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 1991 წლიდან ზემოხსენებული კოოპერატივის წევრი იყო და პირველი შენატანი – 17650 საბჭოთა მანეთი 1991 წლისათვის ჰქონდა გადახდილი, მეორე კი – 17650 მანეთის ოდენობით 1992 წელს შეიტანა, ამავდროულად, იმავე წელს მის მიერ 1000 მანეთი იქნა გადახდილი თავდაცვის ფონდში. ამდენად, სულ მას ...-ზე ოროთახიანი ბინის მშენებლობისათვის 35300 საბჭოთა მანეთი ჰქონდა შეტანილი. 1995 წლის 6 ნოემბერს კოოპერატივის თავმჯდომარემ კოოპერატივის წევრებისაგან გადახდილი ფულის უკან დაბრუნების თაობაზე განცხადებები შეაგროვა. მითითებული განცხადებით გათვალისწინებული იყო, რომ უკან დაბრუნებული თანხით იმავე ფართის ოროთახიანი ბინის ყიდვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. მიუხედავად აღნიშნულისა, კ-ინას თქმით, მას არც ბინა და არც გადახდილი თანხის ანაზღაურება მიუღია.

1999 წლის 24 ნოემბერს რაიონულ სასამართლოში მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას მოსარჩელის თანხმობით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო მესამე პირად _ ¹... კოოპერატივი «ო.-ი».

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ინას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ინას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების მიერ ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის გამო მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხები გამოცხადებულია სახელმწიფო საშინაო ვალად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის» მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის დასაფარავად ანგარიშსწორება ხორციელდება უშუალოდ ყოფილ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებთან საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ბინების სანაცვლოდ ერთჯერადი სახით თანხების გაცემას, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ახორციელებს კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია მის მომსახურე ბანკში ამ მიზნით გახსნილი სპეციალური ანგარიშიდან. ხოლო საკომპენსაციო თანხების გაცემის რიგითობას განსაზღვრავს მითითებული ასოციაცია, რომელიც შეადგენს დამთავრებას დაუქვემდებარებელი სახლების ჩამონათვალს და სიებს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესათანხმებლად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საქმეში მოპასუხე უნდა ყოფილიყო არა ფინანსთა სამინისტრო, არამედ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია და რადგან მოსარჩელე – ა. კ-ინამ უარი განაცხადა მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო მოპასუხით _ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციით შეცვლაზე, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ა. კ-ინას სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ა. კ-ინამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინება და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ აღნიშნული განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაეყრდნო იმ ნორმებს, რომლებიც ლახავდნენ მის ინტერესებს. კასატორმა მიუთითა, რომ მის სახელზე რიცხული მშენებარე ოროთახიანი ბინის საერთო ფართია 83,77კვ.მ და, დადგენილი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, მისი საბაზრო ფასი შეადგნს 41298 ლარს. კასატორი სახელმწიფოსაგან მითითებული თანხის ანაზღაურებას ითხოვს. ა. კ-ინა აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა 85-ე მუხლი და არაკანონიერად მიიჩნია მისი სარჩელი უსაფუძლოდ. კასატორი დაამატებს, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო დაესახელებინა მოპასუხედ პირი, რომელიც მას თანხებს აუნაზღაურებდა, იგი მოპასუხის შეცვლაზე უარს არ განაცხადებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. კ-ინას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. კ-ინას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ «საქართველოს სამოქალაქო კოდექსის» 1512-ე მუხლისა და «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებში ბინათმშენებლობისათვის მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხები სახელმწიფოს მიერ აღებულია საშინაო ვალში და ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებას. ამდენად, ის საკითხი, რომ ა. კ-ინას, როგორც საბინაო-სამშენებლო კოპერატივის წევრს, სახელმწიფოს მხრიდან ...-ზე ოროთახიანი ბინისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება ეკუთვნის, დადგენილია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მხოლოდ ის გარემოება, ამ დროისათვის გააჩნია თუ არა მოსარჩელე ა. კ-ინას გადახდილი თანხების დაბრუნების მოთხოვნის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

«სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის I ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო საშინაო ვალად იქნა აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მითითებული სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა.

«საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, 1999 წლის 30 ივნისს გამოცემულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ¹413 ბრძანებულება «ზოგიერთი სახის კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ», რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანება «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის შესახებ». აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კოოპერატივის თითოეული წევრის საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემის ოდენობა განისაზღვრება 1კვ.მ საერთო ფართის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ დადგენილი სიების საფუძველზე რიგითობის დაცვით. ამასთან, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1999 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოში დამთავრებას დაუქვემდებარებელი კოოპერატიული საცხოვრებელი სახლების ბინათმშენებლობის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხების გასაცემად საცხოვრებელი სახლების ასაშენებელ ადგილზე 1კვ.მ. საერთო ფართის ღირებულების დამდგენი კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ...-ის ქუჩაზე (...) 1კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 230 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კოოპერატივის წევრთა თანხებით დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება თვით კოოპერატივის საერთო კრების წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით, რომელიც გადაეცემა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას, რათა მან მითითებული რიგითობის შესაბამისად მოახდინოს თანხების ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა ზემოხსენებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, განმარტავს, რომ ა. კ-ინას მიერ ბინათმშენებლობისათვის გადახდილი თანხების ანაზღაურება უნდა მოხდეს ზემომითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე დადგენილი რიგითობისა და წესების დაცვით. რადგან მოსარჩელეს სადავოდ არ გადაუხდია არც ზემოხსენებული აქტების კანონიერების საკითხი და არც კოოპერატივ «ო.-ის» საერთო კრების გადაწყვეტილება, რომელითაც განისაზღვრა კოოპერატივის წევრთა რიგითობა, ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს საჩივრის ფარგლებს და იმსჯელოს რიგითობის დადგენისას იქნა თუ არა დარღვეული მოსარჩელის უფლებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხის მიღების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება სიაში მასზე წინ მდგომ პირთა დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლის შესაბამისად, «თუ განსაზღვრულია დრო ვალდებულების შესასრულებლად, კრედიტორს არ შეუძლია შესრულება ვადამდე ადრე მოითხოვოს». ამდენად, ა. კ-ინას მოთხოვნის შესრულების ვადა საქმის განხილვის დროისათვის არ დამდგარა, რადგან მისი რიგითობა ზემოხსენებული აქტებითაა განსაზღვრული და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის უფლებამოსილი დადგენილი რიგითობა შეცვალოს და ა. კ-ინას საკომპენსაციო თანხები აუნაზღაუროს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ-ინას მოთხოვნა, სახელმწიფოსაგან მის მიერ გადახდილი თანხების ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანია, თუმცა მისი ანაზღაურებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა არ დამდგარა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. კ-ინას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ა. კ-ინას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ა. კ-ინა, როგორც ინვალიდი, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.