Facebook Twitter

3გ-ად-39-კს-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 27.03.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. ყ.-ის სარჩელი მოპასუხეების: გ. ყ.-ის, ...-ის თემის საკრებულოს და გორის რაიონის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ...-ის თემის 10.11.98წ. გადაწყვეტილება და გორის რაიონის გამგეობის 27.04.99წ. ¹43 დადგენილება, ...-ის თემის საკრებულოს და გორის რაიონის გამგეობას დაევალათ სარჩელში მოყვანილ გარემოებათა კანონიერ გამოკვლევასა და შეფასებას შემდეგ კანონიერი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც მხარეები მოყვანილი იქნებიან პირვანდელ მდგომარეობაში.

გ. ყ.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება და ს. ყ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.04.02წ. განჩინებით. გ. ყ.-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 27.03.31წ. გადაწყვეტილება და მხარეთა შორის დამტკიცდა შემდეგი სახის გარიგება: გ. ყ.-ი თავისი სიცოცხლის განმავლობაში არ გაასხვისებს, არ გააქირავებს, არ დააგირავებს სადავო სახლს და მიწის ნაკვეთს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადაეცემა ს. ყ.-ს ან მის მემკვიდრეებს.

მორიგების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ყ.-მ. მან მიუთითა, რომ მხარეებს შორის მორიგება მოხდა მხოლოდ სადავო სახლზე და არა მიწის ნაკვეთზე, სადავო განჩინებაში მცდარად იქნა დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის თაობაზე მორიგების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობით ფორმით გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარის დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევის შემთხვევაში, სასამართლო აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს 5 დღის განმავლობაში. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ყ.-ის კერძო საჩივარი არ იქნა განხილული კერძო საჩივრით გასაჩივრებული 24.04.02წ. განჩინების მიმღები სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ. კერძო საჩივარი განხილვის გარეშე გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი, სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, უნდა განიხილოს იმ განჩინების გამომტანმა სასამართლომ, რომელზედაც იქნა შეტანილი კერძო საჩივარი. მითითებული სასამართლოს მიერ მისი დაუშვებლად ცნობისა ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კერძო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე, 417-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ყ.-ის კერძო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.