3გ-ად-40-02 4 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულო და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე)
მსაჯულები: ლ. თამაზაშვილი,
ლ, გაჩეჩილაძე
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკოს) 2002წ. 8 ივნისის ¹92/2002 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ¹21-11 კრწანისის სოფლის საარჩევნო ოლქის ¹.... საარჩევნო უბნის 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები და განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა 2002წ. 16 ივნისს.
ამავე კომისიის 2002წ. 26 ივნისის ¹117/2002 განკარგულებით ძალაში დარჩა ¹21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და დამტკიცდა ¹21-11 კრწანისის სოფლის საარჩევნო ოლქის ¹.... საარჩევნო უბანში 2002წ. 16 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგები.
2002წ. 1 ივლისს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას (პირველი ინსტანციით) და ცსკოს ზემოთდასახელებული ¹117/2002 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ სოფ. კრწანისის ¹..... საარჩევნო უბანზე, 2002წ. 16 ივნისს, განმეორებითი კენჭისყრის დროს, უხეშად დაირღვა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ: საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმი არ იქნა ხელმოწერილი კომისიის 6 წევრის მიერ და ოქმი შედგენილი იქნა 16 ივნისს 16 საათსა და 25 წუთზე, მაშინ, როცა არჩევნები 20 საათზე უნდა დამთავრებულიყო.
2. ცსკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის ორმა დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნეო კომისიის წევრთა მოთხოვნაზე პირადობის მოწმობა არ წარმოადგინა და არჩევნების დღეს მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა ზოგიერთ დეპუტატობის კანდიდატთან.
3. 17 ივნისს, არჩევნების მეორე დღეს ¹..... საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 337 ცალი დამოწმებული კონვერტი.
4. არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება მიეცათ პირებს (14 ამომრჩეველს), რომლებსაც ნება დაერთოთ კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ საკრებულოს მიერ 4-12 ივნისს გაცემული დროებითი პირადობის მოწმობებით.
5. ერთ-ერთი დეპუტატობის კანდიდატის მეუღლე ¹.... საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიის წევრია, რომელიც ზეგავლენას ახდენდა ამომრჩენვლებზე მეუღლის სასარგებლოდ.
მოპასუხე _ ცსკოს სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ხდება იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა კანონი. მოცემულ უბანზე განმეორებითი კენჭისყრისას ადგილი არ ჰქონია კანონის უხეშ დარღვევას. კერძოდ, სოფ. კრწანისის ¹..... საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმი შედგენილია არა 17 ივნისს 16 საათსა და 25 წუთზე, არამედ გამთენიას, 14 ივნისს, 4 საათსა და 25 წუთზე, რადგან ყუთები დაილუქა და ხმების დათვლა დაიწყო 16 ივნისს 20 საათზე, როგორც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებდა. ამასთან, კომისიის ოქმს ხელი არ მოაწერეს კომისიის იმ წევრებმა (ძირითადში მ-ანებმა), რომლებიც ერთ-ერთ კანდიდატს – რ. მ-ანს უჭერდნენ მხარს, მან კი ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობა მიიღო. კომისიის წევრები, საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4-6 პუნქტების თანახმად, ვალდებულნი იყვნენ ხელი მოეწერათ კომისიის შემაჯამებელი ოქმისათვის და თუ ამ ოქმს ეწინააღმდეგებოდნენ, განსხვავებული აზრი შეეძლოთ წარმოედგინათ, რაც მათ მიერ არ გაკეთებულა, ისევე როგორც, მათ მიერ, კანონით დადგენილი წესით, არცერთ კომისიაში არ ყოფილა შეტანილი განცხადება განმეორებითი კენჭისყრის საარჩევნო კოდექსის დარღვევით ჩატარების შესახებ.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეთა მიერ დასახელებული დანარჩენი დარღვევები საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევად ვერ ჩაითვლება, მითუმეტეს რომ არანაირი მტკიცებულება ამ დარღვევების შესახებ მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
მესამე პირების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ განმეორებითი კენჭისყრა მოცემულ უბანზე საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით განხორციელდა და მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა, მითუმეტეს, რომ ისინი ძირითადში დაინტერესებული პირები არიან, რომელთა წარმომადგენელმაც ნაკლები ხმების რაოდენობა მიიღო და ამიტომ სურთ ბათილად ცნონ განმეორებითი კენჭისყრის შედეგები.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა (პირველი ინსტანციით) გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, მესამე პირებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები, დაკითხა მოწმეები და დადგენილად ცნო შემდეგი:
გარდაბნის რაიონის ¹21-11 საარჩევნო ოლქის სოფ. კრწანისის ¹..... საარჩევნო უბანში 2002წ. 16 ივნისს ჩატარებული განმეორებითი კენჭისრის შედეგად საკრებულოს წევრებად გავიდნენ საკრებულოს წევრობის შემდეგი კანდიდატები: ზ. კ-ძე – 312 ხმა; ნ. მ-იანი – 307 ხმა, ჯ. დ-იანი – 278 ხმა, რ. მ-ანი – 248 ხმა, ტ. ა-შვილი – 247 ხმა. განმეორებითი კენჭისყრა დამთავრდა 16 ივნისს 20 საათზე, რის შემდეგაც დაიხურა ხმის მიცემის ყუთი და კომისიის წევრებისა და დამკვიდვებლების თანდასწრებით დაიწყო ბიულეტენების გადათვლა. შედეგების გაცნობამდე, კომისიის არცერთ წევრს, არცერთ დამკვირვებელს და საკრებულოს წევრობის არაერთ კანდიდატს არანაირი განცხადება განმეორებითი კენჭისყრის დროს საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევეის შესახებ არ გაუკეთებია. საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაფორმდა 17 ივნისს დილის 4 საათსა და 25 წუთზე. ოქმს ხელი არ მოაწერეს კომისიის წევრებმა: მ. მ-ანმა, გ. მ-ანმა, მ. მ-ანმა, მ. ო-იანმა, და რ. კ-ძემ, თუმცა მათი განსხვავებული აზრი ოქმს არ ერთვის.
აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოცემულ უბანზე კენჭისყრა დამთავრდა 16 ივნისს 16 საათსა და 25 წუთზე, ნაცვლად 20 საათისა, და მიიჩნევს, რომ მოცემულ უბანზე ამ მიმართებით საარჩევნო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან ორივე მხარის მოწმეთა და დამკვირვებელთა მიერ განმარტებულ იქნა, რომ ოქმი შედგა 17 ივნისს, გამთენიის 4 საათსა და 25 წუთზე. ამასთან, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საუბნო საარჩევნო ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ასევე კომისიის ის ორი წევრი, რომლებიც ამოწმებდნენ ხმის მიცემის ბიულეტენებსა და კონვერტებს, ამასთან, ოქმი დამოწმებულია საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით, ის ფაქტი, რომ მას ხელს არ აწერენ თავისი სასურველი კანდიდატის ნაკლები ოდენობის ხმის მიცებით განაწყენებული კომისიის წევრები, აღნიშნული ოქმის კანონის დარღვევით შედგენისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ გამოდგება, მითუმეტეს, რომ საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4-6 პუნქტების თანახმად «საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს», «თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი», ამასთან «ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს». საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული არცერთი მოთხოვნა საუბნო საარჩევნო კომისიის დასახელებულ წევრებს არ შეუსრულებიათ, რაც მათ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და არა კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრად იმ პირის შეყვანას, ვინც ერთ-ერთი დეპუტატობის კანდიდატის ოჯახის წევრია, ამდენად, აღნიშნული გარემოება საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევად ვერ ჩაითვლება, მითუმეტეს, რომ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება კომისიის ამ წევრის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევის შესახებ. საყურადღებოა ისიც, რომ მხარის მიერ არ ყოფილა საუბნო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე ნაპოვნი თუნდაც ერთი კონვერტი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ შედგენილ აღნიშნული კონვერტების მიღება-ჩაბარების აქტს უზეაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (პირველი ინსტანციით) იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელეების – გარდაბნის რაიონის სოფ. კრწანისის ¹.... საარჩევნო უბნის დამკვირვებლების: ფ. ჟ-იანისა და ტ. ო-იანის, ასევე სოფ. კრწანისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების: გ. მ-ანისა და ჯ. ც-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს ცსკოს 2002 წლის 26 ივნისის ¹117/2002 განკარგულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.