3გ-ად-40-კს-02 13 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი.
აღწერილობითი ნაწილი:
04.06.02წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა «.. ..-ის" თავმჯდომარე მ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა 02.06.02წ. ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩვენების ბათილად ცნობა, ცსკოსათვის ამომრჩეველთა სიების გადამოწმების, ხელახალი ხმის მიცემის პროცედურის ჩატარების დავალება. მოსარჩელე უთითებდა, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 115-ე მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით ქ. თბილისის არც ერთ საუბნო საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ძირითად სიაზე ხელი არ აქვს მოწერილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, მათ ნაცვლად ამომრჩეველთა ძირითად სიაზე ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. საარჩევნო კოდექსის 9.4 მუხლის უგულებელყოფით ამომრჩეველთა ძირითადი სია საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის დადგენილი ვადების უხეში დარღვევით იქნა გადაგზავნილი, რითაც არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ მიეცა შესაძლებლობა გაეკონტროლებინა ამომრჩეველთა ძირითადი სიები, რომლებიც საარჩევნო უბნებში გამოიკრა არჩევნების დღეს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, ამომრჩეველს, რომელიც შეყვანილი არ იყო ძირითად სიაში კენჭისყრის დღეს, უარს ეუბნებოდნენ პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეყვანაზე, რითაც მოქალაქეებს ერთმეოდათ თავიანთი მოქალაქეობრივი და კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობას, მათ მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-5, მე-18 მუხლები. კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ქ. თბილისის საუბნო სარჩევნო კომისიებმა არ უზრუნველყვეს მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი ამომრჩევლისათვის დადგენილ ვადაში ამომრჩეველთა ბარათების გადაცემა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.06.02წ. განჩინებით «.. ..-ის" სარჩელი სსსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე არ იქნა წარმოებაში მიღებული. კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში. მოსარჩელეს საუბნო საარჩევნო კომისიის აღნიშნული მოქმედება ზემდგომ კომისიაში არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად აქტიც არ გამოცემულა, რომლის სასამართლოში გასაჩივრების უფლება ექნებოდა მოსარჩელეს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი არ წამოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების განსჯად სარჩელებს, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელებს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.05.02წ. განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრით .. ..-ის თავმჯდომარემ მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება, სარჩელის წარმოებაში მიღება, სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საოლქო (ცენტრალური) საარჩევნო კომისიის მიერ უხეშად იქნა დარღვეული ამომჩეველთა სიებთან დაკავშირებული საარჩევნო კოდექსის ნორმები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ცსკომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, რის გამო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია განიხილოს .. ..-ის სარჩელი ცსკოს მიერ კანონმდებლობის, კერძოდ, საარჩევნო სიების გაცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა .. ..-ის კერძო საჩივარი და 07.07.02წ. განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი. კოლეგიამ მიუთითა, რომ ამომრჩეველთა სიების შედგენასთან დაკავშირებით .. ..-ას საჩივრით არ მიუმართავს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის, აღნიშნულის თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია, რომლის სასამართლოში გასაჩივრების უფლებაც მოსარჩელეს ექნებოდა. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ თუ იგი არჩევნების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევების გამო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელს სასამართლო კოლეგია არ მიიღებს, ვინაიდან ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგები ცსკ-ს შესაბამისი აქტით არ დაუდასტურებია, შესაბამისად არ არსებობს დავის საგანი, უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ კერძო საჩივარში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე მითითება. აღნიშნულიდან გამომდინარე .. ..-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საკითხის კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ «.. ..-ის» კერძო საჩივარი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.06.02წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო ცსკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში. «.. ..-ას" დადგენილი წესით (კოდექსის 77-ე მუხლის მე-15-19 პუნქტები) ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ამომრჩეველთა სიების შედგენასთან დაკავშირებული საჩივარი საარჩევნო კომისიაში ან სარჩელი სასამართლოში არ შეუტანია. საარჩევნო სიების კანონით დადგენილი წესით შედგენის გამო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენის და სასამართლო კოლეგიის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ 05.06.02წ. განჩინების გამოტანის დროისათვის ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების შედეგები ცსკოს მიერ სათანადო აქტით დამტკიცებული არ ყოფილა. შესაბამისად, პალატა უსაფუძვლოდ თვლის კერძო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო ვალდებულია განიხილოს .. ..-ის სარჩელი ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ, ცსკოს მიერ კანონმდებლობის, კერძოდ, საარჩევნო სიების გაცემის პროცედურის დარღვევის გამო. საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის კერძო საჩივარში მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «.. ..-ამ» სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების და არა ამომრჩეველთა სიების ბათილად ცნობას. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ცსკოს განკარგულებით დამტკიცდა 02.06.02წ. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, მოსარჩელე უფლებამოსილია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77.1, ადმინისტრაციული საპროცესო კოდლექსის 6 მუხლის 1 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს ცსკოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო განცხადების შეტანით. უკეთუ მოსარჩელე აყენებს საქართველოს კონსტიტუციის ნორმების დარღვევის გამო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საკითხს, კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელს იხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონით განსაზღვრული წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე-286-ე, 414-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. «.. ..-ის» თავმჯდომარის მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.06.02წ. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.