Facebook Twitter

3გ-ად-41-02 4 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ბ. კობერიძე (თავმჯდომარე)

მსაჯულები: ნ. დუმბაძე,

მ. გაგოშიძე

განიხილა ქ. ...... გამგებლობის კანდიდატის ი. ე-ის, წარმომადგენელ ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცსკოს მიმართ ცსკოს 2002წ. 26 ივნისის ¹119/2002 განკარგულების ბათილად ცნობისა და ცსკოს წალენჯიხის რაიონის ქ. ..... ¹68.02.06 საარჩევნო უბანში გამგებლის არჩევნების შედეგების ხელახალი შეჯამების (ბიულეტენთა გადათვლის) შესახებ დავალების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 1 ივლისს ქ. ..... გამგებლობის კანდიდატის ი. ე-ის, წარმომადგენელმა ნ. ბ-მა სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2002წ. 16 ივნისს წალენჯიხის რაიონის ქ. .....-ში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნების დროს ¹68.02.06 საარჩევნო უბანში ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას უხეშად დაირღვა კანონი. კერძოდ, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დროს, დაახლოებით 2 საათზე, ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტური მდგომარეობით ისარგებლა გამგებლობის კანდიდატის ბ. შ-ას წარმომადგენელმა ლ. გ-ამ და მათი კანდიდატის სასარგებლოდ მიცემულ ბიულეტენებს, ხმების დათვლის პროცესში, დაუმატა წინასწარ სათანადოდ შემოხაზული ბიულეტენები.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს როგორც საარჩევნო კომისიის წევრთა შესაბამისი განცხადებები, ისე, თვით ხმის დათვლის შედეგების ოქმი. ამ უკანასკნელში მითითებულია, რომ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 834. ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ გამგებლობის კანდიდატების: ს.Oე-ისა და ბ. შ-ას მიერ დაგროვილ ხმათა შორის (საბოლოო შედეგებით) სხვაობა შეადგენს 10 ხმას ბ. შ-ას სასარგებლოდ.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული დარღვევების შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით 2002წ. 17 ივნისს 3Oსაათზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე (კომისიის წევრთა მიერ ხელმოწერამდე) ერთი საათით ადრე შედგა შესაბამისი საჩივარი (განცხადება), რომელსაც ხელს აწერდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ¹68.02.06 საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიის წევრები: ე. ჭ-ა, ე.Oც-ა, ე. ჯ-ა და თ. ქ-ა. განცხადებაში მითითებული იყო იმ დარღვევების შესახებ, რომელიც თან ახლდა ხმის დათვლის პროცესებს.

წალენჯიხის ¹68 საოლქო საარჩენო კომისიის 2002წ. 19 ივნისის ¹ 19 გადაწყვეტილებით მომჩივანთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ყოვლად გაუმართლებელ არგუმენტებზე დაყრდნობით. ეს უკანასკნელი გადაწყვეტლება კი 2002წ. 20 ივნისს გასაჩივრდა საქართველოს ცსკოში ლ.Oა-ას განცხადებით, აგრეთვე, ე. ჭ-ას, ე. ც-ას, ე.Oჯ-ასა და თ. ქ-ას ერთობლივი განცხადებით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ცსკოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ¹68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ¹68-01 ქ. ..... საარჩევნო ოლქის მე-6 საარჩევნო უბანში 2002წ. 16 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები. არგუმენტად მითითებულია, რომ საჩივრები შედგენილია პროცედურის დარღვევით და ძალაში უნდა დარჩეს ¹68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შედეგები.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ცსკოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რა პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი საჩივრების შედგენისას.

2. კომისიას არ უმსჯელია და შესაბამისად, გადაწყვეტილება არ მიუღია წალენჯიხის რაიონის ქ. ...... გამგებლობის არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების დროს ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის დღის წესრიგში შესული იყო ი.Oე-ის წარმომადგენელ ლ. ა-ას საჩივრის განხილვის საკითხი, რომელიც გამგებლობის არჩევნების შედეგებს ეხებოდა, მაინც გადწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგების შესახებ. ამასთან, საერთოდ არ განუხილავს ¹68.02.06 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების: ე. ც-ას, ე. ჭ-ას, ე. ჯ-ასა და თ. ქ-ას ერთობლივი განცხადება, არც დღის წესრიგით არ გაუთვალისწინებია და დაუსაბუთებლად იგნორირება გაუკეთა მათ განცხადებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაუქმდეს ცსკოს გადაწყვეტილება და საქართველოს ცსკოს დაევალოს წალენჯიხის რაიონის ქ. ..... ¹68.02.06 საარჩევნო უბანში გამგებლის არჩევნების შედეგების ხელახალი შეჯამების (ბიულეტენთა გადათვლის) შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისას სასამართლო შემადგენლობას მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა ქ. ..... გამგებლობის კანდიდატის, ბ. შ-ას, წარმომადგენელმა თ. ქ-ამ.

აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბ. შ-ა მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ი. ე-მა და მისმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს. მოპასუხე ცსკოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ცსკომ 2002წ. 26 ივნისს ¹119/2002 განკარგულება მიიღო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმების დაცვით და სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

მესამე პირი ბ. შ-ას წარმომადგენელი თ. ქ-ა დაეთანხმა მოპასუხის განმარტებას და ითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოსარჩელის ინიციატივით მოწვეულმა მოწმეებმა: ე. ჭ-ამ, მ. ს-ამ და ა. დ-ამ განაცხადეს, რომ ქ. .....-ის ¹68/02 საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბანში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები ჩატარდა კანონის დარღვევით, თუმცა მათ ამასთან დაკავშირებით არც წერილობითი განსხვავებული აზრი დაურთავთ საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმისათვის და არც საჩივრით მიუმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის.

სასამართლო შემადგენლობა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირის, მოწმეთა განმარტებებს, შეამოწმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შემდეგაც დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2002წ. 16 ივნისს ¹68.01 ქ. .....-ის საარჩევნო ოლქში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა.

ქ. ......-ის 68.02.06 საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმის თანახმად გამგებლობის კანდიდატმა ი. ე-მა მიიღო 507 ხმა, ხოლო მეორე კანდიდატმა ბ. შ-ამ 297 ხმა. აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით გაკეთდა ჩანაწერი, რომელსაც ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარე ე. ჭ-ამ, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ე. ჭ-ამ, კომისიის მდივანმა ე. ც-ამ კომისიის წევრებმა: ა. დ-ამ, ლ. გ-ამ, თ. ქ-ამ, მ. ს-ამ, ე. ჯ-ამ, რ. მ-ამ. ჩანაწერში მითითებულია, რომ აღნიშნულ პირებს ოქმში შეტანილ მონაცემებზე გააჩნდათ განსხვავებული აზრი, საჩივარს კი წერილობით წარადგენდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 ივნისს 20 საათამდე.

2002წ. 17 ივნისს ¹68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართეს ქ. .....-ის ¹68.02 საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა: ე. ჭ-ამ, ე. ც-ამ, ე. ჯ-ამ და თ. ქ-ამ.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ¹6 საარჩევნო უბანში ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს უხეშად დაირღვა კანონი, რამაც ზეგავლენა მოახდინა კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე. კერძოდ, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა (834) და ოქმში აღნიშნული კენჭისყრის ყუთში აღმოჩენილი დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა (851) ერთმანეთს არ დაემთხვა. ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დროს ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტური სიტუაციით ისარგებლეს მეორე მხარის წარმომადგენლებმა და მათი კანდიდატის ბ. შ-ას სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენებიც შეურიეს სხვა ბიულეტენებს.

განცხადებაში განმცხადებლებმა ითხოვეს ¹68.01.06 საარჩევნო უბანზე ხელმეორედ გადათვლილიყო გამგებლობის კანდიდატთა საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, გადამოწმებულიყო საარჩევნო კომისიის წევრთა ხელმოწერები და საარჩევნო უბნის ბეჭედი საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებზე.

¹68.01.06 საარჩევნო უბანში 2002წ. 16 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიაში ი. ე-ის წარმომადგენელმა ლ. ა-ამ შეიტანა საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა წალენჯიხის ¹68 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 19 ივნისის სხდომის ¹19 ოქმით.

2002წ. 20 ივნისს ცსკოს განცხადებებით მიმართეს ი. ე-ის წარმომადგენელმა ლ. ა-ამ და ქ. .....-ის ¹68.02.06 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა: ე. ჭ-ამ, ე. ც-ამ, ე. ჯ-ამ, თ. ქ-ამ.

განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა მათი საჩივრები და გამოიტანა დაუსაბუთებელი და ტენდენციური გადაწყვეტილება.

განმცხადებლებმა ითხოვეს წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება, საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ¹68.02.06 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ხელახლა შეჯამების, ბიულეტენებსა და სპეცილაურ კონვერტებზე საარჩევნო კომისიის წევრთა ხელმოწერებისა და ბეჭდის ნამდვილობის შემოწმების დავალება ან იგივე მოთხოვნების შესრულება ცსკოს მიერ.

საქართველოს ცსკომ 2002წ. 26 ივნისს გამოსცა 119/2002 განკარგულება, რომლითაც ძალაში დარჩა ¹68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ¹68-01 ქ. ......-ის საარჩევნო ოლქის მე-6 საარჩევნო უბანში 2002წ. 26 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ¹68.02 ქ. ......-ის საარჩევნო ოლქის ¹6 საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმზე ხელმოწერის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, მოადგილემ, მდივანმა და კომისიის ექვსმა წევრმა გააკეთეს ჩანაწერი, რომ ოქმში შეტანილ მონაცემებზე გააჩნდათ განსხვავებული აზრი და საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 ივნისს 20 საათამდე წარადგენდნენ საჩივარს.

სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ ქ. ......-ის ¹68.02 საუბნო საარჩევნო კომისიის ზემოთ აღნიშნულ წევრებს ოქმისათვის არ დაურთავთ წერილობითი, დასაბუთებული, განსხვავებული აზრი საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი ქ. .....-ის ¹68.02 საარჩევნო ოლქის ¹6 საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმის პირველი პირებიდან მხოლოდ ერთს აქვს მიწერილი, რომ ოქმს თან ერთვის კომისიის წევრთა განსხვავებული აზრი. ოქმის მეორე პირველ პირზე კი ასეთი მინაწერი არ არსებობს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ¹6 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა: ე. ც-ამ, ე. ჭ-ამ, ე. ჯ-ამ და თ. ქ-ამ 2002წ. 17 ივნისს განცხადებით (საჩივარი) მიმართეს წალენჯიხის ¹68 საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაზე მითითებულია მისი შედგენის დრო: 2002წ. 17 ივნისის 3 საათი.

სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ აღნიშნული განცხადება არ არის შედგენილი საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რადგანაც მასში არ არის მითითებული დარღვევის დრო. საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი განცხადება (საჩივარი), რომელიც ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პროცედურის დარღვევით არის შედგენილი, საოლქო საარჩევნო კომისიაში არ განიხილება.

რაც შეეხება ი. ე-ის წარმომადგენელ ლ. ა-ასა და ქ. .....-ის ¹68.02 საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების: ე. ჭ-ას, ე. ც-ას, ე. ჯ-ასა და თ. ქ-ას მიერ 2002წ. 21 ივნისს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისაში შეტანილ განცხადებებს (საჩივრები), სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ ისინი შედგენილი და ცსკოში შეტანილ იქნა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განცხადება (საჩივარი) ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათამდე და არა პირდაპირ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კენჭისყრიდან რამდენიმე დღეში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შემდაგენლობა თვლის, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორად არ ჩათვალა ბათილად კენჭისყრის შედეგები ¹68.02 ქ. ......-ის საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბანში.

გარდა ამისა, სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 26 ივნისის ¹119/2002 განკარგულებით ძალაში დარჩა ¹68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ¹68.02 ქ. ......-ის საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბანში 2002წ. 16 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგები. აღნიშნული განკარგულებით ცსკოს არ უმსჯელია გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგებზე.

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, ცსკოს 2002წ. 26 ინვისის ¹119/2002 განკარგულების ბათილად ცნობის თაობზე, უსაფუძვლოა.

რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, ქ. .....-ის ¹68.02 საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბანში გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებით ცსკოსათვის ბიულეტენების გადათვლის დავალების თაობაზე, სასამართლო შემადგნელობა თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმეში წარმოდგენილი ქ. ......-ის ¹68.02 საარჩევნო ოლქის ¹6 საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმის თანახმად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 834 ამომრჩეველმა, საარჩევნო ყუთში აღმოჩენილმა საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობამ შეადგინა 851 ცალი, ხოლო ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 47 ცალი. ი. ე-მა მიიღო 507 ხმა, ხოლო ბ. შ-ამ – 297 ხმა.

სასამართლო შემდაგენლობა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ, ვინაიდან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა (834) და საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა (851) ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს დაირღვა კანონი.

სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა, კერძოდ, განსხვავება მათ შორის არის იმ 17 ბიულეტენში, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი სხვა ბიულეტენთან ერთად

სასამართლო შემადგენლობა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ¹6 საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პირველ ეტაპზე საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა 834 საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო შემდეგ მოხდა დამატებითი ბიულეტენების შერევა და საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობამ შეადგინა 851. აღნიშნული არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არც მოწმეთა ჩვენებით არ დგინდება.

საქმეში წარმოდგენილი, საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმით დგინდება, რომ ი. ე-ის მიერ მიღებული 507 ხმა და ბ. შ-ას მიერ მიღებული 297 ხმა ერთობლიობაში შეადგენს 804 ხმას, ხოლო საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ 851 საარჩევნო ბიულეტენს თუ გამოვაკლებთ ბათილად ჩათვლილ 47 საარჩევნო ბიულეტენს, დარჩება 804 ბიულეტენი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შემადგენელობა თვლის, რომ ქ.O......-ის ¹68.02 საარჩევნო ოლქის ¹6 საარჩევნო უბნის კომისიაში ხმების დათვლა განხორციელდა კანონთან შესაბამისობაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლო შემადგენლობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. .....-ის გამგებლობის კანდიდატის ი. ე-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.