Facebook Twitter

¹ 3გ/ად-41-კ-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: თანამესაკუთრეებად ცნობა; საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 2 სექტემბერს ლ. კ-ძემ, ნ. მ-ძემ და მ. მ-ელმა სარჩელი აღძრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე «ნ.-ის» მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991 წელს თბილმრეწვვაჭრობის ¹24 მაღაზია გადაკეთდა საიჯარო საწარმოდ და მოსარჩელეები, როგორც ამ მაღაზიის თანამშრომლები, მოპასუხე მაღაზიის დირექტორ ნ. წ.-ესთან ერთად გახდნენ მოიჯარეები. საიჯარო მაღაზიას იჯარით ჰქონდა აღებული ქ. თბილისში, ... მდებარე 76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. 1990-94 წლებში საიჯარო მაღაზია «ნ.-მ» იჯარის ობიექტს საკუთარი სახსრებით დააშენა 76 კვ.მ. ფართის მეორე სართული. 1994 წლის 26 აგვისტოს საიჯარო მაღაზია «ნ.-მ» იჯარის ობიექტზე დაშენებულ მეორე სართულზე მიიღო საკუთრების დამადასტურებელი დროებითი მოწმობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, საიჯარო მაღაზიას მუდმივი მოწმობა უნდა მიეღო მაშინ, როდესაც «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისად საიჯარო საწარმო ჩამოყალიბდებოდა რომელიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ამის ნაცვლად საიჯარო მაღაზიის დირექტორმა ნ. წ.-ემ დააფუძნა ინდივიდუალური საწარმო «ნ.-ე», რომელიც არ წარმოადგენდა საიჯარო მაღაზია «ნ.-ს» უფლებამონაცვლეს. საიჯარო მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება არც თბილმრეწვვაჭრობას და არც მოიჯარეთა საერთო კრებას არ მიუღია. ამის მიუხედავად, ინდ. მეწარმე «ნ.-ემ» მიითვისა იჯარის ობიექტის მოსარჩელეთა მიერ აშენებული და გამოსყიდული მეორე სართული, აგრეთვე, პირდაპირი მიყიდვის წესით შეისყიდა სადავო ობიექტის პირველი სართულიც, რისთვისაც გამოიყენა საიჯარო მაღაზიის მოგება და ამ თანხით შეძენილი ვაუჩერები. მოსარჩლეთა განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 23 მარტის ¹37 განკარგულების თანახმად, პირდაპირი მიყიდვის წესით ამ ობიექტის შესყიდვის უფლება ჰქონდა მხოლოდ მის დამქირავებელს ან მოიჯარეს, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში _ საიჯარო მაღაზია «ნ.-ს», რომელსაც, მართალია, შეუჩერდა რეგისტრაცია, მაგრამ მისი ლიკვიდაცია არ მომხდარა. საიჯარო საწარმოს მოიჯარეთა საერთო ქონება კი უკანონოდ იმყოფებოდა ინდ. მეწარმე «ნ.-ის» საკუთრებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს ქ. თბილისში, ... მდებარე ორსართულიანი არასაცხოვრებული ფართის (152 კვ.მ.) თანამესაკუთრეებად ცნობა ინდ. მეწარმე «ნ.-სთან» ერთად.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე «ნ.-ემ».

სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 3 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე დაკმაყოფილდა აპელანტის რწმუნებულ რ. პიტავას შუამდგომლობა და მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა: ლ. კ-ძემ, ნ. მ-ძემ და მ. მ-ელმა მოპასუხეების: ინდ. მეწარმე «ნ.-ის», საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ დაზუსტებული სარჩელით ითხოვეს ქ. თბილისში ... მდებარე ორსართულიანი არასაცხოვრებელი ფართის (152 კვ.მ.) თანამესაკუთრეებად ცნობა ინდ. მეწარმე «ნ.-სთან» ერთად და, შესაბამისად, სათანადო ცვლილებების შეტანა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996 წლის 3 მაისს გაცემულ ¹435 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 10 ოქტომბერს გაცემულ ¹23\275-პ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 8 ნოემბერს განიხილა აღნიშნული საქმე და თბილისის 4 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და ინდ. მეწარმე «ნ.-ემ».

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის დარღვევით, კერძოდ, მასში არ არის მითითებული, თუ რა გარემოებების დადგენითა და რომელი კანონის გამოყენებით მივიდა სასამართლო სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოსარჩელეთა იმ განცხადებებს, რომლებშიც მითითებულია, რომ მათ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ ქ. თბილისში, ... მდებარე გამოსყიდულ ქონებაზე და თანახმანი იყვნენ, დაეთმოთ საკუთარი წილი გამოსყიდული ქონებიდან ნ. წ.-ის სასარგებლოდ.

საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის დადასტურების შემთხვევაში მესაკუთრეს კანონი არ ზღუდავს, ვინმეს სასარგებლოდ დათმოს საკუთარი ქონება ან მისი ნაწილი, მაშინ, როდესაც გამოსყიდული ქონება საკუთრების უფლებით უდასტურდება შრომით კოლექტივს და არა იურიდიულ პირს.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიქცია სასარჩელო ხანდაზმულობას, კერძოდ, მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 1999 წლის 2 სექტემბერს, ე.ი. იმ დროს, როდესაც გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, თუ ეს ვადა აითვლება 1996 წლის 3 მაისიდან (საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თარიღი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის შესახებ კანონმდებლობის საფუძვლები, რომლის თანახმად მოხდა სადავო ქონების იჯარით გაცემა და გამოსყიდვა. აღნიშნული კანონი ადგენს, რომ გამოსყიდული ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის არა საიჯარო ურთიერთობის მონაწილე იურიდიულ პირს, არამედ _ ამ იურიდიული პირის შრომითი კოლექტივის წევრებს.

კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლა ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

მეორე კასატორი ინდ. მეწარმე «ნ.-ე» საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ინდ. მეწარმე «ნ.-ე» საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც სარჩელს უარი ეთქმება დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა და მესამე პირთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საიჯარო მაღაზიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მისი უფლებამონაცვლე გახდა შრომითი კოლექტივი: ნ. წ.-ე, ნ. მ-ძე, ნ. ს-ძე, ლ. კ-ძე და მ. მ-ელი, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, მოსარჩელეები ნ. წ.-ესთან ერთად ცნობილ რომ უნდა იქნენ თანამესაკუთრეებად ქ. თბილისში, ... მდებარე მაღაზიის მეორე სართულზე განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე და შესაბამისად ცვლილება რომ უნდა შევიდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996 წლის 3 მაისს გაცემულ ¹435 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1994 წლის 26 აგვისტოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საიჯარო მაღაზია «ნ.-ს» სახელზე გასცა ¹129-ი დროებითი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იჯარით აღებულ ძირითადი საშუალებების აქტიურ ნაწილზე და ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებულ დაუმთავრებელ მშენებლობაზე შენობის პირველი სართულის გარეშე. ამავე მოწმობაში მითითებული იყო, რომ მუდმივი მოწმობა გაიცემოდა საიჯარო მაღაზიის კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ ჩამოყალიბების შემდეგ. საიჯარო მაღაზიის რომელიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ ჩამოყალიბებამდე, საიჯარო კოლექტივის ოთხმა წევრმა, მათ შორის მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს გამოსყიდულ ქონებაში თავიანთ წილზე ნ. წ.-ის სასარგებლოდ, კერძოდ, მ. მ-ელმა უარი განაცხადა 1995 წლის 11 აპრილს, ლ. კ-ძემ, ნ. მ-ძემ და ნ. ს-ძემ კი _ 1995 წლის 4 სექტემბერს, რაც დადასტურდა სანოტარო წესით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ ინდ. მეწარმე «ნ.-ის» განმარტებას, რომ, რადგანაც საიჯარო კოლექტივის წევრებმა 1991 წლის 25 სექტემბერს თბილმრეწვვაჭრობასა და თბილმრეწვვაჭრობის მაღაზია «ნ.-ს» შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად ქ. თბილისში ... მდებარე გამოსყიდულ ქონებაზე თქვეს უარი და თანხმობა განაცხადეს გამოსყიდული ქონებიდან ნ. წ.-ის სასარგებლოდ თავიანთი წილის დათმობაზე, ამიტომ საიჯარო ქონების გამოსყიდვის შემდეგ, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული რომელიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ ჩამოყალიბება შეეძლო მხოლოდ საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის ერთ წევრს _ ნ. წ.-ეს, რომელიც დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით გატარდა კიდეც რეგისტრაციაში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე «ნ.-ე».

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ ინდ. მეწარმე «ნ.-ის» განმარტებას, რომ სადავო ნაგებობის პირველი სართულის გაყიდვა არ მომხდარა სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე, რადგანაც 1996 წლის სექტემბრისათვის იგი უკვე ვადაგასული იყო. აღნიშნული დასტურდება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 1996 წლის 20 მაისის ¹1-4\259 ბრძანებით, რომლის თანახმად სადავო ფართის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება დადგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 მარტის ¹37 განკარგულებისა და ამ განკარგულების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

აღნიშნულს იზიარებს სააპელაციო სასამართლოც, მაგრამ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატა არასწორად აფასებს ფაქტობრივ გარემოებას და არასწორად თვლის 1996 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულებას შეცდომით დადებულ გარიგებად.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ 1996 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულებაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების მითითება განპირობებული იყო იმით, რომ 1996 წლის სექტემბრისათვის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო იყენებდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების მოქმედების პერიოდში დაბეჭდილი ტიპური ხელშეკრულების ბლანკებს.

1996 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მყიდველს _ ინდ. მეწარმე «ნ.-ეს» საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... მდებარე მაღაზიის 76 კვ.მ. ფართი და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა თავად ინდ. მეწარმე «ნ.-მ». აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამრათლო თვლის, რომ სადავო ფართი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 23 მარტის ¹37 განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა ინდ. მეწარმე «ნ.-მ».

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 23 მარტის ¹37 განკარგულების საფუძველზე სადავო ფართის პრივატიზება შეიძლებოდა მომხდარიყო საიჯარო მაღაზიის სახელზე, რადგანაც აღნიშნული ფართობის დაქირავების ხელშეკრულება საბინაო ტრესტს გაფორმებული ჰქონდა ამ მაღაზიასთან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 1995 წლის 1 მაისს მართლაც გაფორმდა აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებმა უარი თქვეს თავიანთ წილზე და იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის შემდეგ არ ისარგებლეს უფლებით მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე ორგანიზაციული-სამართლებრივი ფორმის საწარმოს ჩამოყალიბებაში მიეღოთ მონაწილეობა, ამიტომ სადავო პირველი სართულის დამქირავებლად დარჩა მხოლოდ ნ. წ.-ე, რომელიც უკვე რეგისტრირებული იყო სასამართლოში ინდ. მეწარმედ და 1996 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 მარტის ¹37 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით კანონიერად შეიძინა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 1996 წლის 20 მაისის ¹1-4\259 ბრძანებით არასაცხოვრებელი ფართობის პირდაპირი წესით მიყიდვის უფლება მიეცა მაღაზია «ნ.-ს», მაგრამ იმ დროისათვის მითითებულ მისამართზე მხოლოდ ინდ. მეწარმე «ნ.-ე» იყო სასამართლოში რეგისტრირებული და ფუნქციონირებდა მაღაზიის სახით. ამით იყო განპირობებული, რომ 1996 წლის 6 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გასაყიდი ობიექტის დასახელებად მითითებული იყო ინდივიდუალური საწარმო მაღაზია «ნ.-ე», ხოლო მყიდველად _ ინდ. მეწარმე «ნ.-ე».

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, იზიარებს მეორე კასატორის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება მოსარჩელეთა განცხადებებს, გამოსყიდული ქონებიდან თავიანთი წილის ნ. წ.-ეძის სასარგებლოდ დათმობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებმა აღნიშნული განცხადებებით გამოავლინეს ნება გამოსყიდულ ქონებიდან თავიანთი წილის ნ. წ.-ის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე, ხოლო მოსარჩელეთა ნების გამოვლენა მიიღო ნ. წ.-მ, რაც სადავოდ არ გამხდარა 1995 წლის სექტემბრიდან 1999 წლის სექტემბრამდე. ე.ი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 41-ე მუხლის თანახმად შედგა ორმხრივი გარიგებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე «ნ.-ის» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მოსარჩელეების: ლ. კ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. მ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.