გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-41-კ-02 27 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდ. მეწარმე «ნ. წ-ძის» განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე «ნ. წ-ძის» საკასაციო საჩივრები. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. მ-ელის სარჩელი ქ. თბილისში, ... მდებარე ორსართულიანი არასაცხოვრებელი ფართზე (152 კვ.მ.) თანამესაკუთრეებად ცნობისა და 1996წ. 3 მაისს გაცემულ ¹435 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2002წ. 5 ივნისს ინდ. მეწარმე «ნ. წ-ძემ» საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ინდ. მეწარმე «ნ. წ-ძემ» მიმართა ნოტარიუსთა პალატას ქ. თბილისში, ... მდებარე ორსართულიან არასაცხოვრებელი ფართიდან ყადაღის მოხსნის თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, ნოტარიუსთა პალატამ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ აღნიშნული ფართიდან მოხსნა ყადაღა, მაგრამ ყადაღის მოხსნაზე უარი განაცხადა ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიურომ იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული აღნიშნული შენობიდან ყადაღის მოხსნის შესახებ.
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამრათლოს 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს შემდეგნაირად.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 23 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელ ფართს. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად ყადაღის დადება ქონებაზე არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს იმას, რომ გაუქმდეს განხილული სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება იმისგან დამოუკიდებლად ასეთი მოთხოვნა ჰქონდა თუ არა მხარეს დაყენებული, ვინაიდან სასარჩელო წარმოება დასრულებულია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისში, ... მდებარე ორსართულიანი, არასაცხოვრებელ ფართზე ყადაღის დადება გაუქმებლად უნდა ჩაითვალოს საკასაციო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება განიმარტოს იმგვარად, რომ აღნიშული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან გაუქმებულად ითვლება ქ. თბილისში, ... მდებარე ორსართულიან არასაცხოვრებელ ფართზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 29 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.