¹3გ/ად-41-კს-01 21 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
26.02.96წ. თ. ქ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის სასამართლოს. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1931 წელს მისმა მშობელმა ზ. ქ-ძემ სათანადო წესის დაცვით იყიდა ქ. ბათუმში, ..... მდებარე ნაგებობა (მაღაზიები). შემდგომში ზ. ქ-ძეს შენობა ჩამოართვეს და ჩარიცხეს კომუნალურ ფონდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ქ-ძემ მოითხოვა მისთვის, როგორც ზ. ქ-ძის მემკვიდრისათვის, სადავო შენობის დაბრუნება. ქ. ბათუმის სასამართლოს 19.06.96წ. გადაწყვეტილებით თ. ქ-ძის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
08.06.2000წ. თ. ქ-ძის შვილიშვილმა დ. ქ-ძემ მიმართა ქ. ბათუმის სასამართლოს განცხადებით საქმის წარმოების განახლების შესახებ. ქ. ბათუმის სასამართლოს 26.06.2000წ. განჩინებით განცხადება დარჩა განუხილვად მისი დუშვებლობის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.07.2000წ. და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.08.2000წ. განჩინებებით არ დაკმაყოფილდა დ. ქ-ძის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.2000წ. განჩინებაზე. აღნიშნულის შემდეგ დ. ქ-ძემ კვლავ მიმართა სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და ქ. ბათუმის სასამართლოს 19.06.96წ. გადაწყვეტილების გაუქმება; ზ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა; აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 28.06.96წ. ჩატარებული აუქციონის შედეგად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და ნ. ბ-ძის სახელზე გაცემული ობიექტის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა; ზ. ქ-ძის სახელზე 14.02.31წ. რეგისტრირებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების აღდგენა და ზ. ქ-ძის აღდგენილ ქონებაზე დ. ქ-ძის მემკვიდრედ ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.06.01წ. გადაწყვეტილებით დ. ქ-ძეს სარჩელში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ. ბათუმის სასამართლოს 19.06.96წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, 28.06.96წ. აუქციონის შედეგებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 05.08.96წ. გაცემული მოქალაქე ნ. ბ-ძის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის, აწგარდაცვლილ ზ. ქ-ძის სახელზე რიცხული სახლმფლობელობის აღდგენისა და მის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელის მოთხოვნა ზ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და თავის უფლებებში აღდგენის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრდა დ. ქ-ძის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.08.01წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და ჩამორთმეული სახლმფლობელობის დაბრუნებაზე არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, ასევე არ დაკმაყოფილდა დ. ქ-ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში. სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების განახლებასა და ჩამორთმეული სახლთმფლობელობის დაბრუნების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო სსსკ-ის 272-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტი. საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება სსსკ-ის 274-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ამ ნაწილში განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.08.01წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ დ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
ანალოგიური საფუძვლით დ. ქ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.2000წ. განჩინებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.07.2000წ. განჩინებით და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.08.2000წ. განჩინებებით არ დაკმაყოფილდა დ. ქ-ძის კერძო საჩივარი აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება აღნიშნულ საქმეზე ადრეც იყო სასამართლოში განხილული და უკვე კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დ. ქ-ძეს ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რის გამო საკასაციო პალატა მართლზომიერად თვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების განახლების და სახლთმფლობელობის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას. დ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.04.2000წ. გადაწყვეტილება არ იქნა მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.2000წ. განჩინებით, რომლითაც დ. ქ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო. ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული აგრეთვე ის, რომ აჭარის ა/რ ცენტრალურ სახელმწიფო არქივში არ არის რეგისტრირებული სახლმფლობელობის ჩამორთმევის დოკუმენტი და რომ 01.08.32წ. პრეზიდიუმის სხდომა არ ჩატარებულა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.06.96წ., 26.06.2000წ., 07.07.2000წ. და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.08.2000წ. განჩინებების გამოტანისას აღიშნული დოკუმენტი დაცული იყო საქმეში და ცნობილი იყო სასამართლოსათვის. ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ იქნება აგრეთვე მიჩნეული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.07.97წ. განჩინება. პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურდაღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით «იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ჩამორთმეულია 1933 წლამდე ჩათვლით” საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 08.02.38წ. ცირკულარული წერილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული და საქმეზე სამართალწარმოება შეწყდა, რადგანაც სადავო აქტს არ აქვს ნორმატიული აქტის სახე, შედგენილი არ არის საქართველოს სახელმწიფო ენაზე, იგი არ გამოქვეყნებულა, არ ყოფილა დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული ხასიათის აქტის სახით. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.07.97წ. განჩინებით დასტურდება ქ. ბათუმის 19.06.96წ. გადაწყვეტილებაში გამოთქმული მოსაზრება თ. ქ-ძის მიერ სარჩელის შეტანამდე ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ, ვინაიდან საქართველოს სსრ ცაკ-ის 08.02.38წ. ცირკულარული წერილი ვერ ჩაითვლება ხანდაზმულობის დენის შეჩერების საფუძვლად, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 08.07.97წ. განჩინება ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი. 1923წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 44-ე და 1964წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-6, 75-ე მუხლები განსაზღვრავდნენ დარღვეული სამოქალაქო უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას და სარჩელის აღძვრის უფლების სამწლიან ხანდაზმულობას. ამასთანავე, 1964 წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსმა დაუშვა რა ვინდიკაციური სარჩელი, ფაქტობრივად, გააუქმა ამ საკითხზე მანამდე არსებული ყველა ნორმატიული თუ არანორმატიული აქტი. კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს მიეცა თავისი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება, დადგინდა კეთილსინდისიერი შემძენისაგან ქონების გამოთხოვის პირობები. ამდენად, პალატა დადასტურებულად თვლის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ქ-ძის განცხადება არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განმცხადებლის მიერ დარღვეულია აგრეთვე სსსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მართებულად თვლის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.08.01წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და ჩამორთმეული სახლმფლობელობის დაბრუნების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას. ვინაიდან არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რის გამო საქმის წარმოება შეწყდა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ქ. ბათუმის მერიის საქმეში მხარედ ჩართვის აუცილებლობის შესახებ, მით უფრო, რომ თავად მერიას ამ მიმართებით პრეტენზია არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.08.01წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.