3გ-ად-42-კს-02 4 სექტემბერი, 2002წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა, შემადგენლობით:
ბ. მეტერეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1999 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით შპს «კ-მა" შპს «ლ-ს" დაუთმო მოთხოვნის უფლება სს «ა-ის" მიმართ 1820779 ლარის თანხაზე, რასთან დაკავშირებითაც სს «ა-მა" 2000 წლის 15 თებერვალს შპს «ლ-სთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს გადაეცა ორი ობიექტი _ რუსთავში მდებარე სამშენებლო ბაზა და ფოთის ნავსადგურში მიწისზედა ნავთობრუდუქტების გადასაქაჩი ტერმინალი (ს.ფ. 8-10).
2001 წლის 11 ივნისს შპს «ლ-მ" სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ სს «ა-ის" მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების, ასევე შედარების აქტის თანახმად, მათ ბიუჯეტში დღგ-ს სახით გადაიხადეს 121 900 ლარი (ს.ფ. 20-23), მაგრამ საგადასახადო ინსპექციამ გადახდილი დღგ-ს თანხა არ დააფიქსირა მათ ბარათში, რის გამოც მოსარჩელემ მოპასუხე – დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინპექციისგან მოითხოვა გადახდილი დღგს-ს ასახვა მათ ბარათზე და დღგს-ს გადახდილი თანხის ჩათვლა მიმდინარე ანგარიშში (ს.ფ. 4-6).
მოგვიანებით, მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებმა რაიონულ სასამართლოში შეიტანეს ერთობლივი განცხადება მორიგებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული განცხადებით მოპასუხემ აღიარა სასარჩელო მოთხოვნები (ს.ფ. 37). დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის განჩინებით მხარეთა მორიგება დამტკიცდა და შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 40-41).
რაიონული სასამართლოს განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მისი გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ინსპექციის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლების შესაბამისად, არ ჰქონდათ მორიგების უფლება, რადგან მინდობილობა არ შეიცავდა მორიგებაზე სპეციალურ ნებართვას (ს.ფ. 34, 46-47).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 50-51), ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის კერძო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 75-77).
მოსარჩელემ - შპს «ლ-მ" განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და 2002 წლის 20 მაისის თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივრის განხილვაში მოპასუხის – დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ყალბი მინდობილობის საფუძველზე, რადგან 2002 წლის 10 მაისს ძალაში შევიდა კანონი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, რომლითაც გაუქმდა აღნიშნული სამინისტრო (ს.ფ. 81).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 27 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული მოსარჩელის განცხადება 2002 წლის 20 მაისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაიშვება მხოლოდ იმ საქმეზე, რომელზეც დასრულებულია საქმის წარმოება. საოლქო სასამართლოს 20.05.02 განჩინებით საქმეზე წარმოება არ დასრულებულა, რის გამოც არ არსებობს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, განცხადების დასაშვებლობის სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 87-89).
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 და 27 მაისის განჩინებებს კერძო საჩივრით ასაჩივრებს შპს «ლ." და ითხოვს მათ გაუქმებას (ს.ფ. 92-94), რაც დაუშვებლად იქნა ცნობილი სააპელაციო სასამართლოს მიერ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ს.ფ. 102-103).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ლ-ის" კერძო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 და 27 მაისის, 11 ივნისის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შპს “ლ.” კერძო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის ორი განჩინების – 2002 წლის 20 და 27 მაისის განჩინებების გაუქმებას. 2002 წლის 20 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი და გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს, როგორც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ზემდგომი სასამართლოს, 2002 წლის 20 მაისის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოტანილია დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარის თაობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: “ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება”, ამიტომ შპს “ლ-ს” კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 მაისის განჩინებაზე პროცესუალურად დაუშვებელია და საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 11 ივნისის განჩინებას კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ;
2. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა ასევე შპს «ლ-ის" კერძო საჩივარი მეორე მოთხოვნის - თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების ნაწილშიც, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 მაისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე. 20 მაისის აღნიშნული განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის განჩინება მორიგების დამტკიცებაზე და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამრიგად, შპს «ლ-ის" სარჩელზე წარმოება ჯერ არ დასრულებულა, არსებითი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და შესაბამისად, დავაზე არც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 422-ე მუხლების თანახმად: ”კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის . . . შესახებ განცხადების წანამძღვრები”. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მთლიანად ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას ამავე სასამართლოს 2002 წლის 20 მაისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, შპს «ლ-ის" განცხადების დაუშვებლობის თაობაზე, რადგან არ არსებობს 20 მაისის განჩინების ბათილობაზე განცხადების მიღების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი პროცესუალური წანამძღვრები - საქმეზე სასარჩელო წარმოების დასრულება, დავის არსებითად გადაწყვეტა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორად ცნო დაუშვებლად შპს «ლ-ს" განცხადება 2002 წლის 20 მაისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და შპს «ლ-ს" უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღავნელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის “თ” პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ლ-ს" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 და 27 მაისის, 11 ივნისის განჩინებები;
3. შპს «ლ-ს" კერძო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1 829 ლარის შემდეგი წესით გადახდა: 70% - 1 280 ლარი საქართველოს უზენაესი სასამართლო, ეროვნული ბანკი, კოდი 59, ანგარიშის ¹ 000141107, 30% - 549 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.