3გ-ად-43-02 12 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე)
მსაჯულები: ი. ყარალაშვილი,
ნ. ალხანიშვილი
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სახალხო პარტიამ 2002წ. 12 ივლისს სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივლისის ¹25/2002 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გასაჩივრებული დადგენილების შეჩერებაც მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელის და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სახალხო პარტიის სასარჩელო განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 109 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის იქმნება ერთი საარჩევნო ოლქი (ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი). ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუენქციებს ასრულებს ცსკო (ორგანული კანონის 115-ე მუხლის მე-5 პუნქტი). დავის განხილვის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმა, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ცსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი კი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ასევე, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე. ვინაიდან ცსკო, ისევე, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს განეკუთვნება, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების სათანადოდ მომზადებასა და ჩატარებას, ამდენად, ცსკოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს, ორგანული კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში.
ამდენად, სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახალხო პარტიის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. სარჩელის გადაგზავნის შესახებ ეცნობოს მოსარჩელეს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.