3გ-ად-43-კ-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
სარჩელის საგანი: იჯარით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხილის შეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მცხოვრებლებმა: ა., ფ., არ., შ., ნ., ზ. და მ. ა-ძეებმა 2001 წლის 31 იანვარს სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ამავე რაიონის სოფ. ... მცხოვრებლების: რ. ბ-ძის, თ. ზ-ძის, ა. ს-ძის, მ. ზ-ძის, ე. მ-ძის და მ. მ-ძის მიმართ. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ხელვაჩაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 16 მაისის სხდომის დადგენილებით (ოქმი ¹10) მათ, ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, სოფ. ..., გამოუყვეს ციტრუსების ნარგავებით დაკავებული საიჯარო მიწის ნაკვეთები 10 წლის ვადით. აღნიშნულის საფუძველზე გამოტანილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 24 მაისის ¹57 გადაწყვეტილება და მოსარჩელეებზე გაცემული იქნა საიჯარო ხელშეკრულებები. მიუხედავად ამისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ მათ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებს, რის გამოც მოსარჩელეებმა მოპასუხეების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლის აღკვეთა მოითხოვეს.
მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს იმავე სასამართლოში და ხელვაჩაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 16 მაისის სხდომის დადგენილების (ოქმი ¹10), ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 24 მაისის ¹57 გადაწყვეტილებისა და მოსარჩელეებზე გაცემული საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ სოფ. ... კოლმეურნეობის, ხოლო შემდეგ კოოპერაციული მეურნეობის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთები მათზე იქნა გაპიროვნებული, როგორც მცირემიწიან კომლებზე და ათეული წელია ამ მიწის ნაკვეთებით ისინი სარგებლობენ. მათ სურთ აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთების იჯარით აღება, მითუმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების თანახმად, ამ მიწის ნაკვეთების იჯარით აღების უპირატესი უფლება მოპასუხეებს გააჩნიათ. საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელეებზე მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემისას დაირღვა ამ დებულების მოთხოვნები კონკურსის ფორმით სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ. სასამართლოში შეგებებული სარჩელის შეტანის პარალელურად მოპასუხეებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას და აჭარის ა/რ უზენაეს საბჭოს. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 2001 წლის 20 მარტის ¹24-ე გადაწყვეტილებით შეაჩერა მის მიერ 2000 წლის 24 მაისს გამოტანილი ¹57-ე გადაწყვეტილება ა-ძეებზე სადავო მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის თაობაზე და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ კომისიას ამ მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებაზე კონკურსის გამოცხადება დაავალა. მიუხედავად ამისა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმავე საფუძვლით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: ა. ს-ძემ, თ. ზ-ძემ, რ. ბ-ძემ და მ. ზ-ძემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ კომისიას სადავო მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებაზე კონკურსის გამოცხადება დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ გასაჩივრებული ხელვაჩაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 16 მაისის სხდომის დადგენილება, ასევე, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 24 მაისის ¹57-ე გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების უხეში დარღვევით იყო მიღებული. კერძოდ, დარღვეული იყო დებულების მე-8 და მე-3 მუხლები კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების შესახებ, ამასთან, დარღვეული იყო მოპასუხეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ათეული წლების განმავლობაში, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, გაპიროვნებული ჰქონდათ სადავო მიწის ნაკვეთები, ამუშავებდნენ მას და ციტრუსის მოსავალს აბარებდნენ კოლმეურნეობას. მათ მიმართ სადავო მიწის ნაკვეთებით სარგებლობაზე პრეტენზიები არასდროს არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
კასატორები თვლიან, რომ მათზე სადავო მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა არანაირად არ ეხება მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. მოწინააღმდეგე მხარემ თავად არ გამოიყენა თავისი უფლება სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით მიღების შესახებ, ამიტომ არ შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს დაინტერესებულ მხარედ ადმინისტრაციულ პროცესში.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა მოსარჩელეების კანონიერი ნდობის უფლება და არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹441 ბრძანებულება.
კასატორთა მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარე არასოდეს არ ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთის მოიჯარე, არასოდეს არ გადაუხდია მიწის გადასახადი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 593-594-ე მუხლები, ასევე, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონი.
ამდენად, კასატორებმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა., ფ., შ., არ., ნ., ზ. და მ. ა-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446-ე ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულება, რომელიც სადავო ურთიერთობების წარმოშობის პერიოდში მოქმედებდა და ამ ურთიერთობებს აწესრიგებდა. დებულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემა ხდება კონკურსის წესით. ერთადერთ გამონაკლისს უშვებს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, როდესაც მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთები წლების განმავლობაში გაპიროვნებული ჰქონდათ მოპასუხეებს. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეებზე აღნიშნული მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემისას დარღვეულ იქნა დებულების მე-5 და მე-8 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ კომისიას ინფორმაცია იჯარით გასაცემი სადავო მიწის ნაკვეთების შესახებ არ გამოუქვეყნებია. უფრო მეტიც, კომისიამ ინფორმაცია ზოგადად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობების იჯარით გაცემის თაობაზე 2000 წლის 15-30 სექტემბერს გამოაქვეყნა, მაშინ როცა მოსარჩელეებს მიწის ნაკვეთი იჯარით 2000 წლის 16 მაისს გადასცა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ხელვაჩაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 16 მაისის სხდომის დადგენილება (ოქმი ¹10) და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 24 მაისის ¹57-ე გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446-ე ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-3, მე-5 და მე-8 მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა არანაირად არ შეეხო მოპასუხეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. საკასაციო სასამართლოსათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეები წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობენ სადავო მიწის ნაკვეთებს, სარგებლობენ და ამუშავებენ მას, იხდიან გადასახადებს, ციტრუსების მოსავალს აბარებენ მეურნეობას. კასატორს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ამ გარემოებათა საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია, რის გამოც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა გასაზიარებლად საკასაციო სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთების მოსარჩელეებზე იჯარით გაცემა უშუალოდ შეეხო მოპასუხეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოპასუხეთა მიერ გასაჩივრებულია არა ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული გარიგება (ხელშეკრულება), რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ იჯარით გადასცა სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეებს. შესაბამისად მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც «უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 6 წელია».
საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა შეგებებული სარჩელის ფარგლებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ფარგლებში, საპროცესო ნორმების დაცვით განიხილა მოცემული დავა და იჯარის უფლების მოსაპოვებლად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის ჩატარება დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა., ფ., შ., არ., ნ., ზ. და მ. ა-ძეების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა., ფ., შ., არ., ნ., ზ., მ. ა-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით თანაბარწილად გადახდეთ კასატორებს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.