Facebook Twitter

ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება; განჩინების განმარტება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 3გ-ად-43-კს-02 21 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «უშბას» განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.10.02წ. განჩინების განმარტების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «უ.» სასარჩელო განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 11.07.01წ. ¹568-ე ბრძანებით დამტკიცებული «კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-სა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ» ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე, 31-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.02.02წ. განჩინებით შპს «უ.» სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციულ აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

შპს «უ.» 15.02.02წ. შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს დროებითი განჩინებით დარიცხული თანხის (390658.50 ლარის) გადახდის შეჩერება ან მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისათვის იმის დავალება, რომ არ შეეჩერებინა აქციზური მარკების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა აქციზური მარკების სამსახურში. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 21.02.02წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «უ.» შუამდგომლობა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას დაევალა არ შეეჩერებინა აქციზური მარკების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, აქციზური მარკების სამსახურში შპს «უ.» მიერ კანონით დადგენილი აქციზური მარკების საფასურის გადახდისა და პროცედურის დაცვის შემთხვევაში.

სასამართლო კოლეგიის 15.03.02წ. განჩინებით 14.05.02წ. დანიშნულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელე, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.05.01წ. განჩინებით ვინაიდან მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სარჩელის განუხილველად დატოვებაზე, სსკ-ს 275-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე შპს «უ.» სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული,გაუქმდა სასამართლო კოლეგიის 21.02.02წ. დროებითი განჩინება. 14.05.02წ. განჩინებაში მიეთითა, რომ განჩინებაზე, სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

14.05.01წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს «უ.» წარმომადგენლის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის არსებით განხილვა. თბილისის საოლქო სასამართლოს 11.06.02წ. განჩინებით შპს «უ.» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს «უ.» უარი ეთქვა სასამართლო კოლეგიის 14.05.02წ. განჩინების გაუქმებაზე, ამასთან მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.10.02წ. განჩინებით შპს «უ.» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.05.02წ. და 11.06.02წ. განჩინებები და საქმე განსახილველად გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას.

შპს ,,უ." წარმომადგენელმა 13.11.02წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 01.10.02წ. განჩინების განმარტება და იმის გარკვევა, იყო თუ არა მითითებული განჩინებით ძალაში დატოვებული საოლქო სასამართლოს კოლეგიის 21.02.02წ. დროებითი განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,უ." განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს ,,უ." სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე მითითებით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.10.02წ. განჩინების განმარტებას, რაც დაუშვებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტებას, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა და არ გასულა აღსრულების ვადა. განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოტანილა, 01.10.02წ. განჩინებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, განჩინება გამოტანილია კერძო საჩივრის და არა აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმართ, ამდენად, განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაიშვება.

ამასთანავე, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს, რომ 01.10.02წ. განჩინებით გაუქმდა რა თბილისის საოლქო სასამართლოს 14.05.02წ. განჩინება შპს ,,უ." სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე გაუქმდა განჩინება ამავე სასამართლოს 21.02.02წ. დროებითი განჩინების გაუქმების ნაწილში, უკანასკნელის გაუქმება მთლიანად სარჩელის განუხილველად დატოვებით იყო გამოწვეული. ამასთანავე, დროებით განჩინებაზე, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების სახეობაზე, სსკ-ს 197-ე მუხლის თანახმად, დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. ვინაიდან დროებითი განჩინების გაუქმება წარმოადგენდა სარჩელის განუხილველად დატოვების თანამდევ სამართლებრივ შედეგს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.10.02წ. განჩინებაში ძირითადი ყურადღება გამახვილდა სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხებზე. ამასთანავე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ცხადად უთითებს, რომ შპს ,,უ." კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, მთლიანად გაუქმდა თბილისის საოლქო სასასმართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.05.02წ. და 11.06.02წ. განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «უ.» განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.10.02წ. განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2002, # 10, admin., gv. 1733-1736.