Facebook Twitter

3გ-ად-43-კ-ს.-02 1 ოქტომბერი, 2002 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)

ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი), მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «უ-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 11.07.01წ. ¹568-ე ბრძანებით დამტკიცებული «კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-სა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ» ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე, 31-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.02.02წ განჩინებით შპს «უ-ს» სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციულ აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

შპს «უ-მ» 15.02.02წ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს დროებითი განჩინებით დარიცხული თანხის (390658.50 ლარის) გადახდის შეჩერება ან მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისათვის იმის დავალება, რომ არ შეეჩერებინა აქციზური მარკების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა აქციზური მარკების სამსახურში. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 21.02.02წ განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «უ-ს» შუამდგომლობა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას დაევალა არ შეეჩერებინა აქციზური მარკების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, აქციზური მარკების სამსახურში შპს «უ-ს» მიერ კანონით დადგენილი აქციზური მარკების საფასურის გადახდისა და პროცედურის დაცვის შემთხვევაში.

სასამართლო კოლეგიის მიერ 15.03.02წ განჩინებით 14.05.02 დანიშნულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელე, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.05.01წ განჩინებით შპს «უ-ს» სარჩელი დარჩა განუხლველად. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სარჩელის განუხილველად დატოვებაზე სსსკ 275-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე შპს «უ-ს» სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.

14.05.01წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს «უ-ს» წარმომადგენლის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის არსებით განხილვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იქნა სსსკ 202-ე მუხლის დარღვევით, კერძოდ, მას არ ჩაბარებია მოპასუხის _ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელი. სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე მოპასუხის _ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის შუამდგომლობაზე საქმეში მესამე პირად სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ჩართვის შესახებ. საქმე განუხილველად იქნა დატოვებული მეორე მოპასუხის _ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანხმობის გარეშე, რომელიც 14.05.02წ. სხდომაზე არ გამოცხადებულა. მცდარია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სხდომას ესწრებოდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენელი, ვინაიდან განჩინების გამოტანის დღისათვის მოპასუხემ შეიცვალა სახელწოდება, სასამართლო ვალდებული იყო სსსკ 92-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო შეეცვალა ფინანსთა სამინისტროთი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 11.06.02წ განჩინებით შპს «უ-ს» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს «უ-ს» უარი ეთქვა სასამართლო კოლეგიის 14.05.02წ განჩინების გაუქმებაზე, ამასთან მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 08.02.02წ განჩინებით შპს «უ-ს» სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში (ს.ფ. 71). 15.03.02წ განჩინებით სასამართლო კოლეგიამ 14.05.02წ. დანიშნა მთავარი სხდომა (ს.ფ. 93), მხარეები სსსკ 70-78-ე მუხლების დაცვით გაფრთხილებული იქნენ მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 95-97). 14.05.02წ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია. სხდომაზე გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ჯ.ცირამუა (მინდობილობა ¹212-135, 10.04.02წ., ს.ფ. 100), რომელმაც სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე თანხმობა განაცხადა გამოუცხადებლობის გამო შპს «უ-ს» სარჩელის განუხილველად დატოვებაზე, რის შემდეგ სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა შპს «უ-ს» სარჩელის განუხილველად დატოვება. სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლად სასამართლო კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 275-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები განსხვავებულად აწესრიგებენ განსახილველ ურთიერთობებს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოუცხადებლობა ადმინისტრაციული დავის მხარეთათვის განსხვავებულ შედეგებს იწვევს, კერძოდ, ს.ა.ს.კ. 261 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია მხარის ხედმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, ამასთანავე სრულად გამოიყენება ს.ა.ს.კ. მე-4 და მე-19 მუხლებში ფაქსირებული ინკვიზიციურობის საწყისები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დაუშვებლად თვლის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სარჩელის განუხილველად დატოვებას სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «უ-ს» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.05.02წ და 11.06.02წ განჩინებები.

2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.