3გ/ად-45-კ-02 2 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: სადავო ფართზე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.
შეგებებული სარჩელის თხოვნა: სადავო ფართიდან გამოსახლება და ფართის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1995 წლის 12 აპრილს ქ. ტყიბულის სასამართლოში სარჩელი აღძრა ლ. კ-შვილმა მოპასუხეების: დეპარტამენტ «ს.-ის» საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და ლ. ც-ძის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ლ. კ-შვილმა 1992 წლის 15 აგვისტოს მოპასუხე დეპარტამენტ «ს.-ის» საბინაო კომუნალურ მეურნეობასთან დადო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იჯარით აიღო ქ. ტყიბულში, ... სახლში არსებული მოპასუხის ბალანსზე რიცხული 15 კვ.მ. ფართის სარდაფი. იჯარის ხელშეკრულება ძალაში იყო 1994 წლის 15 აგვისტომდე. მოსარჩელის განმარტებით, იჯარის ხელშეკრულების თანახმად, უფლება ჰქონდა შეესყიდა იჯარით აღებული ფართი.
სარჩელის თანახმად მეიჯარის, დეპარტამენტ «ს.-ის» საბინაო-კომუნალური მეურნეობის, მიმართ ლ. კ-შვილს არავითარი დავალიანება არ ერიცხებოდა. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, 1994 წლის ივნისში, მოიჯარე ლ. კ-შვილმა მიმართა მეიჯარეს, განესაზღვრა იჯარით გაცემული ფართის ღირებულება, რათა შეესყიდა იგი. მოსარჩელის განმარტებით, მაშინ გაიგო, რომ აღნიშნული სარდაფი 1992 წლის დეკემბერში, საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის დროს, მიეკუთვნა იმავე სახლის მობინადრე ლ. ც-ძეს, რითაც მეიჯარემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულება. გარდა ამისა, დაირღვა ბინების პრივატიზაციის შესახებ იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტი, რადგანაც სადავო სარდაფს მოპასუხე ლ. ც-ძე არასდროს ფლობდა, ხოლო იმ ფართში წლების განმავლობაში განთავსებული იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ობიექტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა დეპარტამენტ «ს.-ის» საბინაო-კომუნალური მეურნეობის მიერ ქ. ტყიბულში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ. ც-ძეზე 1992 წლის დეკემბერში გაკეთებული ბინის პრივატიზაციის უკანონოდ ცნობა.
ქ. ტყიბულის სასამართლოს 1995 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. კ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
1995 წლის 17 აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქ. ტყიბულის სასამართლოს 1995 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
1996 წლის 20 დეკემბერს ქ. ტყიბულის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეთა შორის მოხდა მორიგება და შედგა მორიგების აქტი, რომლის თანახმად მოსარჩელე ლ. კ-შვილი აცხადებდა თანხმობას საქმის წარმოების შეწყვეტაზე იმ პირობით, თუ მოპასუხის მიერ პრივატიზებულ სარდაფში სამი წლის ვადით თავად გახსნიდა მაღაზიას ან სხვა ინდივიდუალურ საწარმოს, რაზეც მოპასუხე ლ. ც-ძე თანახმა იყო. მორიგების აქტის თანახმად, მისი პირობების დარღვევისას მხარეებს რჩებოდათ უფლება, განეახლებინათ საქმის წარმოება.
ქ. ტყიბულის სასამართლოს 1996 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
2001 წლის 29 მარტს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ლ. ც-ძის მეუღლემ და წარმომადგენელმა ე. ც-ძემ და ითხოვა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის სამი წლის ვადით დადებული მორიგების აქტის ვადა გავიდა 1999 წლის 20 დეკემბერს, რის გამოც ლ. კ-შვილს დაკავებული სარდაფი უნდა გაენთავისუფლებინა, მაგრამ უარი განაცხადა, ამიტომ მოსარჩელემ ითხოვა სადავო სარდაფიდან ლ. კ-შვილის გამოსახლება და აღნიშნული ფართის ლ. ც-ძისათვის დაბრუნება თავისუფალ მდგომარეობაში.
გარდა ამისა, შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სადავო სარდაფი ეკუთვნოდა იმავე სახლში მობინადრე ც-ძეების ოჯახს, მაგრამ იგი ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე ლ. ც-ძის დედამთილმა ათხოვა საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს, რომელსაც აღნიშნულ სარდაფში სხვადასხვა დროს გახსნილი ჰქონდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ობიექტი. 1992 წლის 17 დეკემბერს ლ. ც-ძემ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, თავის საცხოვრებელ ბინასა და ზემოთ აღნიშნულ სარდაფს გაუკეთა პრივატიზაცია.
შეგებებული სარჩელის ავტორს მიაჩნდა, რომ სადავო სარდაფის პრივატიზაციით ლ. კ-შვილის უფლება არ დარღვეულა, რადგანაც იჯარის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლება ჩაწერილი არ იყო სათანადო წესით და ამდენად, ლ. კ-შვილს სადავო ფართის გამოსყიდვის უფლებაც არ ჰქონდა.
ტყიბულის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მოსარჩელე ლ. კ-შვილმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხე ლ. ც-ძის მიერ დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება მხოლოდ სარდაფის პრივატიზაციის ნაწილში.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ე. ც-ძის მოთხოვნა, ლ. კ-შვილის სადავო სარდაფიდან გამოსახლებისა და გამოთავისუფლებული სარდაფის მისთვის გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლ. კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა ლ. ც-ძესა და ქ. ტყიბულის ¹... «ს.-ს» შორის სადავო სარდაფზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ძის წარმომადგენელმა ე. ც-ძემ, რომელმაც ითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, ხოლო ლ. კ-შვილისათვის კომპენსაციის სახით ყოველ თვეში 100 ლარის გადახდის დაკისრება ე. ც-ძის სასარგებლოდ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ც-ძეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. კ-შვილის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტ «ს.-ის» საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამმართველოს ¹1 სახლმმართველობის სახლმმართველ თ. ფ-ძესა და ლ. ც-ძეს შორის 1992 წლის 17 დეკემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება ქ. ტყიბულში, ... სახლში მდებარე სარდაფის პრივატიზაციას. აღნიშნული ფართი დაუბრუნდა დეპარტამენტ «ს.-ის» საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამმართველოს უფლებამონაცვლე ტყიბულის ¹... «ს.-ს».
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ძის წარმომადგენელმა ე. ც-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის მე-4 თავით დადგენილი წესები. აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლი განსაზღვრავს მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალურ საკუთრებას. კასატორის განმარტებით, სარდაფი, სხვენი, სახურავი საერთო საკუთრებას წარმოადგენდა და არ შეიძლება ყოფილიყო ინდივიდუალური საკუთრება. სარდაფი არ შეიძლება იყოს გარიგების დამოუკიდებელი ობიექტი. როდესაც მოხდა ქ. ტყიბულში, ... სახლის ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია მობინადრეების მიერ, სარდაფი, როგორც იმ სახლის შემადგენელი ნაწილი, გახდა მობინადრეთა საერთო საკუთრება, როგორც აქცესორული უფლება (სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლი).
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 აგვისტოს ¹825 დადგენილებით დამტკიცებული დებულება გულისხმობდა იმას, რომ ბინის პრივატიზაციისას სხვა ობიექტებთან ერთად მესაკუთრეებს გადაეცათ სარდაფები საერთო და არა ინდივიდუალურ საკუთრებად. ამდენად, სადავო სარდაფი სასამართლოს მიერ აღიარებულ უნდა ყოფილიყო მობინადრეთა საერთო საკუთრებად (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი).
კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც ქ. ტყიბულში, ... მდებარე სახლის სარდაფი აღიარდება აღნიშნული სახლის მობინადრეთა თანასაკუთრებად, ამ კორპუსში არსებული სადავო 27კვ.მ ფართის სარდაფზე ცნობილი იქნება ლ. ც-ძის სარგებლობის უფლება და ლ. კ-შვილი გამოსახლდება სადავო სარდაფიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რის შედეგადაც საქმეზე გამოვიდა არასწორი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე ცნო ბათილად 1996 წლის 20 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი, რომ არც ერთ მხარეს ასეთი მოთხოვნა არ ჰქონია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ემსჯელა, აღნიშნულთან დაკავშირებით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თუ დაირღვეოდა მორიგების პირობები მხარეებს შეეძლოთ, მიემართათ სასამართლოსთვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ც-ძის წარმომადგენელ ე. ც-ძეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოში უნდა შეეტანა სარჩელი და არა შეგებებული სარჩელი, რადგანაც თავდაპირველი საქმის წარმოება შეწყვეტილი იყო და აღარ არსებობდა ლ. კ-შვილის სარჩელი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ, ზემოთ აღნიშნულ პროცესუალურ დარღვევას და თავადაც იმსჯელა შეგებებულ სარჩელზე. რაც შეეხება ლ. კ-შვილს, მას სარჩელი საერთოდ არ შეუტანია სასამართლოში, მხოლოდ განცხადებით მიმართა სასამართლოს და ისე ითხოვა საქმის წარმოების განახლება, რომ არ მიუთითებია, მორიგების აქტის რომელი პირობა დაარღვია ლ. ც-ძემ ან მისმა წარმომადგენელმა ე. ც-ძემ.
ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ ტყიბულის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით განიხილა უკვე შეწყვეტილ საქმეში არსებული ლ. კ-შვილის თავდაპირველი სარჩელი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 179-ე, 188-ე, 189-ე მუხლების მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ზემოთ აღნიშნული ნორმების დარღვევა უნდა გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოვიდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება. მართალია, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული საპროცესო ნორმების დარღვევაზე, მაგრამ აღნიშნული საპროცესო ნორმების დარღვევის გამო გადაწყვეტილება იმდენად არასრულყოფილად არის იურიდიულად დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმადაც უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან ზემოთ აღნიშნული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოვიდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ც-ძის წარმომადგენელ ე. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.