Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-45-კს-02 2 ივლისი, 2002 წ., ქ .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი:

1. საქმის წარმოების შეჩერების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება;

2. საქართველოს ცსკოს ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებათა მოქმედების შეჩერების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 ივნისს ...მა პარტიამ სარჩელი აღძრა ცსკოს მიმართ და «2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს ¹91\2002 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:

1. ცსკომ საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის დარღვევით ისე შეაჯამა 2 ივნისის საკრებულოს არჩევნების შედეგები და დაამტკიცა შემაჯამებელი ოქმი, რომ შესწავლილი და შეჯამებული არ ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიისაგან მიღებული ოქმები. საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთა დიდ ნაწილში არ დგება ბალანსი არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას, ნამდვილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას, ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას, დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობასა და საარჩევნო სუბიექტთათვის მიცემული ხმების რაოდენობას შორის;

2. ცსკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა კომისიაში შესული საჩივრების განხილვის გარეშე, რითაც უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსის 123-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 18 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით, განსახილველად წარმოებაში მიიღო «... პარტიის” სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეაჩერა სადავო აქტის _ ცსკოს ¹91\2002 განკარგულების მოქმედება და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩააბა საარჩევნო ბლოკი «აღ.”, «მ-ს”, «საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია”, «ნ.”, «.. ..”, «ა.” და ბლოკი «ე.”.

თბილისის სასამართლოს იმავე კოლეგიამ 2002წ. 21 ივნისის ასევე გასაჩივრებული განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ” პუნქტის საფუძველზე, თავისი ინიციატივით შეაჩერა ¹91\2002 განკარგულების ბათილად ცნობაზე “... პარტიის” სარჩელის გამო საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ კოლეგიამ 21 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ცსკოს ¹88\2002 განკარგულება «ცსკოს 2002 წლის 4 ივნისის ¹82\2002 განკარგულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ” და ცსკოს დაევალა თბილისის საკრებულოს 2002წ. 2 ივნისის არჩევნების შედეგების გადამოწმების წესის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის დაუყოვნებლივ შემუშავება, ხოლო «არჩევნების შედეგების დადგენის შესახებ” ¹82\2002 განკარგულებით ცსკომ დაადგინა 2 ივნისის თბილისის საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმება. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2 ივნისის თბილისის საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგების გადამოწმებამდე შეუძლებელია «... პარტიის” მიერ გასაჩივრებული ¹91\2002 განკარგულების კანონიერების შემოწმება და საქმის განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებები არ გაუსაჩივრებიათ მოსარჩელე «... პარტიასა” და მოპასუხე საქართველოს ცსკოს, მაგრამ 2002წ. 26 ივნისს კოლეგიის 18 და 21 ივნისის ორივე განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა «ნ-მა” და განჩინებების ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით:

1. «ნ.” თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის განჩინებას ასაჩივრებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩართვის ნაწილში, რაც პროცესუალურად არასწორად მიაჩნია და თვლის, რომ “ფრონტი” ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სავალდებულო წესით უნდა ჩაებათ საქმეში, ვინაიდან იგი არის ¹91\2002 განკარგულებასთან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალოდ ეხება «ნ.” ისევე, როგორც სხვა საარჩევნო სუბიექტების, კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამასთან მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმული მესამე პირი, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაცილებით ფართო პროცესუალური უფლებებითაა აღჭურვილი;

2. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ 18 ივნისის განჩინების მიღებისას კოლეგიამ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რადგან არ იყო უფლებამოსილი საქმის წარმოებაში მიღების განჩინებით იმავდროულად გადაეწყვიტა სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებისა და საქმეში მესამე პირების ჩაბმის საკითხები, რომლებზეც სასამართლოს ცალ-ცალკე განჩინებები უნდა მიეღო;

3. კერძო საჩივრის ავტორი 2002წ. 18 ივნისის განჩინებას ასაჩივრებს სადავო ადმინისტრაციული აქტის _ ცსკოს ¹91\2002 განკარგულების _ მოქმედების შეჩერების ნაწილშიც და მიაჩნია, რადგან საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმება დიდი მოცულობის სამუშაოს გამო ხანგრძლივ დროს მოითხოვს, ამასთან გადამოწმების წესიც არ არის შემუშავებული, თბილისის საკრებულოს კი «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 481 მუხლით 2002წ. 20 ივნისს შეუწყდა უფლებამოსილება, წარმოიშობა ვაკუუმი, რითაც ფაქტობრივად უქმდება «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”, ასევე «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონთა მოქმედება, რის გამოც აუცილებელია ცსკოს ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებათა დაუყოვნებლივ აღსრულება და სადავო აქტების მოქმედების შეჩერება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპოროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ” პუნქტს;

4. სასამართლომ “... პარტიის” სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ” პუნქტი, რადგან ცსკოს მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმება არანაირად არ წარმოადგენს 279-ე მუხლის «დ” პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გადასაწყვეტ საქმეს. ამასთან, საქმის წარმოების შეჩერება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილ 3-დღიან ვადაში საარჩევნო დავების განხილვის წესს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 27 ივნისის განჩინებით განიხილა და ნაწილობრივ დაკმაყოფილა «ნ.” კერძო საჩივარი. სახელდობრ, კოლეგიამ გაიზიარა კერძო საჩივარი «ნ.-ის”, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში სავალდებულო წესით მესამე პირად ჩაბმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, დაუსაბუთებლობის გამო, კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მოსარჩელე – “... პარტიის, მოპასუხე – ცსკოსა და მესამე პირის _ საარჩევნო ბლოკი «მ-ს” წარმომადგენლებმა ნაწილობრივ მხარი დაუჭირეს კერძო საჩივარს. კერძოდ, მოითხოვეს საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და საქმის განხილვის განახლება, ხოლო 18 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას მხარი არ დაუჭირეს და მოითხოვეს დავის გადაწყვეტამდე სადავო ადმინისტრაციული აქტის – ცსკოს ¹91\2002 განკარგულების მოქმედების შეჩერების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ «ნ-ის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინება სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და განახლდეს სასარჩელო წარმოება, ხოლო 2002წ. 18 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას უარი უნდა ეთქვას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ და თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე ცსკოს ¹91\2002 განკარგულების ბათილობაზე სასარჩელო წარმოების შეჩერება კონკრეტულ შემთხვევაში პროცესუალურად დაუშვებელია. თავად საოლქო სასამართლოც 2002წ. 27 ივნისის განჩინებაში აღნიშნავს, რომ იმავე სასამართლოს 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის “კ” პუნქტით ცსკოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება (საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახალი დათვლა, ამომრჩეველთა სიების შემოწმება) არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული სხვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმე, რომლის გადაწყვეტამდეც შეუძლებელია ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91\2002 განკარგულების ბათილობაზე სარჩელის განხილვა, მაგრამ ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, სამართლის ანალოგიის გამოყენებით, დასაშვებად მიაჩნია სასარჩელო წარმოების შეჩერება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:

ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონისა და სამართლის ანალოგია დასაშვებია მხოლოდ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის (ნორმის) არ არსებობის შემთხვევაში;

ბ) კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენების საჭიროება სადავო შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან იგივე კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ ნორმას, 279-ე მუხლს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების შემთხვევებს, რომელთაგან არცერთ გარემოებას არა აქვს ადგილი;

გ) სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების ანალოგიით გამოყენება, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია.

ამდენად, რადგან განსახილველ შემთხვევაში ცსკოს მიერ საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახალი დათვლა ან ამომრჩეველთა სიების შემოწმება არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (რასაც საოლქო სასამართლოს კოლეგიაც ადასტურებს), ანალოგიით საქმის წარმოების შეჩერება პროცესუალურად უმართებულოა, კერძო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინება და განახლდეს ცსკოს სადავო ¹91\2002 განკარგულების ბათილად ცნობაზე “... პარტიის” სარჩელზე საქმის წარმოება;

2. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის განჩინების გაუქმების ნაწილში და მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სწორად შეაჩერა სადავო ადმინისტრაციული აქტის – ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91\2002 განკარგულების მოქმედება და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტზე მითითება არასწორია, ვინაიდან:

ა) ცსკოს სადავო ¹91\2002 განკარგულებით დამტკიცდა 2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ბ) კერძო საჩივარში მითითებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად: “ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ”, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. არც თავად სადავო ადმინისტრაციული აქტი _ ¹91\2002 განკარგულება არ შეიცავს და არც აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს – ცსკოს მიღებილი არა აქვს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება ¹91\2002 განკარგულების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

საკასაციო პალატა ამასთან აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარში მითითებულ ცსკოს ¹103\2002 განკარგულების მოქმედების შეჩერების მართებულობაზე პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან “... პარტია” სარჩელით ითხოვს მხოლოდ ცსკოს ¹91\2002 განკარგულების ბათილად ცნობას და სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია გასცდეს დავის საგანსა და სარჩელის ფარგლებს;

3. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივარს საოლქო სასამართლოს 18 ივნისის განჩინების იმ მოტივით გაუქმებაზე, თითქოს სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით, ერთი განჩინებით გადაწყვიტა სარჩელის წარმოებაში მიღების, საქმეში მესამე პირთა ჩაბმისა და სადავო აქტის მოქმედების შეჩერების საკითხები, რადგან კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასახელებს თუ კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა დარღვეული. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ერთი განჩინებით რამდენიმე პროცესუალური საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, ვინაიდან მან არ შეიძლება გამოიწვიოს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება “ნ-ის” კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ნაწილში, მაგრამ 18 ივნისის განჩინების გაუქმებისა და სადავო აქტის ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91/2002 განკარგულების მოქმედების შეჩერების გაუქმების ნაწილში არ იზიარებს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. “ნ-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 21 ივნისის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა «2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91/2002 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე “... პარტიის” სარჩელზე საქმის წარმოება და განახლდეს სასარჩელო წარმოება;

3. უარი ეთქვას “ნ-ის” კერძო საჩივრის მოთხოვნას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის განჩინების იმ ნაწილში გაუქმებაზე, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერებულად ჩაითვალა ცსკოს 2002წ. 8 ივნისის სადავო ¹91/2002 განკარგულების მოქმედება;

4. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.