Facebook Twitter

3გ-ად-46-კ-02 5 ივლისი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ზ-ძემ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონის სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფ. ....., არის მარტოხელა მოხუცი, წლების განმავლობაში იყო კოლმეურნეობის წევრი. სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით მიწის რეფორმის კომისიამ შ. ზ-ძე, როგორც კოლმეურნეობის წევრი, პირველი კატეგორიის კომლს განაკუთვნა. ამავე კომისიის მიერ დადგენილი იყო, რომ პირველი კატეგორიის კომლისათვის უნდა გამოეყოთ 1 ჰა მიწის ნაკვეთი. მიწის რეფორმის საუბნო კომისიამ შ. ზ-ძეს გამოუყო სადავო ნაკვეთი, რის შემდეგ კომისიამ შეცვალა გადაწყვეტილება და სადავო ნაკვეთი გადასცა სადავო მიწის ნაკვეთისაგან დაშორებით მცხოვრებ ზ. ზ-ძეს, რომელიც იმჟამად სოფლად არ იყო დასაქმებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ზ-ძემ მოითხოვა სოფ. ..... მიწის რეფორმის კომისიის 15.03.95წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹.... აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ზ. ზ-ძეს და სადავო ნაკვეთის მისთვის გადაცემა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 12.08.99წ. გადაწყვეტილებით შ. ზ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დავის სააპელაციო (11.11.99წ.) და საკასაციო (12.05.2000წ.) ინსტანციებში განხილვის შემდეგ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.09.2000წ. გადაწვეტილებით შ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 12.08.99წ. გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი 15.03.95წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹...... აქტი და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა შ. ზ-ძეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.05.01წ. განჩინებით ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.09.2000წ. გადაწყვეტილება.

15.10.01წ. ზ. ზ-ძემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიმართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლო 04.09.2000წ. გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მოწმეების: ს. ღ-ძის, ფ. ბ-ძის, ბ. ზ-ძის, გ. თ-ძის ჩვენებებს. სწორედ აღნიშნული მოწმეების მიერ მის სასარგებლოდ შეცვლილი ჩვენებები განმცხადებელმა წარადგინა უზენაეს სასამართლოში, რომელმაც არავითარი შეფასება არ მისცა აღნიშნული მოწმეების ახსნა-განმარტებებს. გამცხადებელმა განმარტა, რომ არსებობს მის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის შუალედური აქტი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹..... აქტი, რომლითაც დასტურდება მისი საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ მიწის მართვის სამმართველოს 03.10.01წ. ¹194 მიმართვით დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის 0,25 ჰა მისთვის სამოსახლოდ გამოყოფის ფაქტი, რომელიც თერჯოლის რაიონის საკრებულოს 28.10.92წ. ¹338 გადაწყვეტილებით გამოყოფილ იქნა სარეზერვო სამოსახლო ფონდში. ამასთან, თერჯოლის რაიონის გამგეობაში განმცხადებლის მიერ მოპოვებულ იქნა მიმართვის ასლი, რომლითაც ასევე დასტურდება მიწის ნაკვეთის მისთვის გამოყოფის ფაქტი. განმცხადებელმა განმარტა აგრეთვე, რომ ცნობები, რომლებსაც დაეყრდნო ქუთაისის საოლქო სასამართლო, ყალბია და აღნიშნული, განმცხადებლის აზრით, დასტურდება სოფ. ..... საკრებულოს 01.10.01წ. ცნობით, რომლის თანახმად შ. ზ-ძეზე გაცემული დოკუმენტების ასლები და მიწის მიზომვის აქტის დედანი არ ინახება საკრებულოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 04.09.2000წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.12.01წ. განჩინებით ზ. ზ-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ზ-ძე ეკუთვნოდა მეორე კატეგორიის კომლს. მინისტრთა საბჭოს 1992-1993 წლების ¹48, ¹128 და ¹290 დადგენილებების მიხედვით, პირველ რიგში, მიწის ნაკვეთით პირველი კატეგორიის კომლები კმაყოფილდებოდნენ, ხოლო შემდეგ მეორე კატეგორიის კომლები, ამიტომ მოიპოვება თუ არა შ. ზ-ძის სახელზე 25.12.94წ. აქტის დედანი ..... გამგეობაში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმის გადაწყვეტისას. ვინაიდან შ. ზ-ძე იყო პირველი კატეგორიის კომლი, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყო ის, ხოლო ამის შემდეგ ზ. ზ-ძე, როგორც მეორე კატეგორიის კომლი. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, ალისუბნის საკრებულოს 01.10.01წ. ცნობა არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომლითაც შეიძლება გადაისინჯოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 04.03.2000წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენს აგრეთვე 18.07.91წ. და 03.10.01წ. ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი გამოეყო ზ. ზ-ძეს. სადავო მიწის ნაკვეთი რომ ზ. ზ-ძეს გამოეყო სწორედ ამიტომ შეიტანა სარჩელი შ. ზ-ძემ და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაადასტურა ზ. ზ-ძეზე სადაო ნაკვეთის კანონის დარღვევით გაცემა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ცნობები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც ქუთაისის საოლქო სასამართლო დაეყრდნო, ყალბია, რადგანაც სსსკ-ს 423-ე მუხლის თანახმად უნდა არსებობდეს ამის დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განჩინებანი.

რაც შეეხება ზ. ზ-ძის განცხადებაზე დართულ მის სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს, მიწის რეფორმამდე და მას შემდგომ გამოყოფილ ნახაზებს და მიწის აზომვის აქტს, ისინი სააპელაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენენ ახალ გარემოებებს, ვინაიდან ანალოგიური დოკუმენტები არსებობს ძირითად საქმეში.

სააპელაციო პალატის 26.12.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ზ-ძის მიერ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ შ. ზ-ძეზე გაცემული მიწის აზომვის აქტის დედანი არ არსებობს ..... საკრებულოში, რაც იმის დამადასტურებელია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არასოდეს არ ყოფილა მიზომილი შ. ზ-ძეზე. კასატორი აღნიშნავს, რომ შ. ზ-ძეზე, როგორც პირველი კატეგორიის კომლისათვის, ნაკვეთის მიზომვის შემდეგ, მას მიეზომა სადავო მიწის ნაკვეთი სამოსახლოს სახით. ის გარემოება, რომ შ. ზ-ძეზე არ ყოფილა გაცემული მიწის აზომვის აქტი, მისთვის ცნობილი გახდა 2001წ. ოქტომბერში. კასატორი აღნიშნავს, რომ ცნობების მოძიება დაიწყო სასამართლოს მიერ მის მოთხოვნებზე საბოლოოდ უარის თქმის შემდეგ. საკასაციო საჩივარში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოწმეთა ჩვენებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლის) განცხადების წინამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში Aშესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ასეთი გარემოებებად ვერ იქნება მიჩნეული ზ. ზ-ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 01.10.01წ. და 21.01.02წ. სოფ. ..... საკრებულოს გამგებლის ცნობები, რომელთა თანახმად შ. ზ-ძის სახელზე გაცემული 25.12.94წ. აქტის დედანი, 1994წ. ¹940 ცნობა და 1995წ. ¹300 ცნობა საკრებულოს გამგებლობაში არ ინახება. ახალ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული აგრეთვე ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ზ. ზ-ძეზე სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემას, ვინაიდან საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მიწის რეფორმის დაწყების დროისათვის შ. ზ-ძე, როგორც სოფლად მუდმივად მაცხოვრებელი და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირი, პირველი კატეგორიის კომლს განეკუთნებოდა, იგი მიწის რეფორმის დაწყებამდე ფლობდა და ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება ზ. ზ-ძეს, იგი განეკუთვნებოდა სოფლად მუდმივად მცხოვრებ იმ მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიას, რომლებიც არ არიან დასაქმებულები სოფლის მეურნეობაში. ამდენად, შ. ზ-ძის და ზ. ზ-ძის კომლები სხვადასხვა კატეგორიის კომლებს განეკუთვნებოდა. კომლების კატეგორიებად დაყოფა, მათი გრადაცია გულისხმობდა მიწის ნაკვეთით თავდაპირველად პირველი კატეგორიის კომლის დაკმაყოფილებას. სწორედ აღნიშნული გახდა საფუძველი სადავო ნაკვეთზე შ. ზ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთის ზ. ზ-ძეზე მიკუთვნებას, ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ზ. ზ-ძეზე გადაცემამ გამოიწვია შ. ზ-ძის მიერ სარჩელის აღძვრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ზ. ზ-ძეზე არასწორად იქნა გაცემული სადავო ნაკვეთი, კასატორის სსსკ-ს 423-ე მუხლის დარღვევით არ უთითებს თუ რატომ არ მოახდინა ახალი გარემოებების და მტკიცებულებების წარმოდგენა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცნობების მოძიება მან მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოს მიერ საბოლოოდ უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ქმნის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის განახლების საკმარის პირობას. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რაიონის საკრებულოს გამგეობის 28.10.92წ. ¹338 გადაწყვეტილება, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, არ ყოფილა დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტის მიერ, კასატორი არ უთითებს თუ რა მიზეზით არ იქნა წარდგენილი გადაწყვეტილება საქმის განხილვისას, როგორ გამოეყო ზ. ზ-ძე ცალკე კომლად მიწის რეფორმის დაწყებამდე, უკეთუ არ ჰქონდა გამოყოფილი საკარმიდამო ნაკვეთი. აღნიშნული აქტი არ იყო ხსენებული აგრეთვე სადავო საკითხზე წლების განმავლობაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. საკასაციო ინსტანციაში მტკიცებულების წარმოდგენა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში თუ კასატორი მოიყვანდა მტკიცებულების ქვედა სასამართლო ინსტანციებში წარდგენის შეუძლებლობის დასაბუთებას, რის თაობაზე ზ. ზ-ძეს მიეთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.05.01წ. განჩინებით.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ ზ. ზ-ძის მიერ წარმოდგენლი სხვა მტკიცებულებები _ მის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღების-ჩაბარების აქტი, მიწის რეფორმამდე არსებული და რეფორმის შემდეგ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნახაზი, მიწის აზომვის აქტი ვერ იქნება მიჩნეული ახალ გარემოებებად, ვინაიდან აღნიშნული საბუთები დაცული იყო საქმეში და საქმის განმხილველი სასამართლოსათვის ცნობილი იყო მათ შესახებ.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ზ. ზ-ძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლო დაეყრდნო ყალბ მტკიცებულებებს. სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა უკმარისობით, არამედ რაიმე სხვა მიზეზით. ახლად Aაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ანალოგიური პირობა სსსკ-ს 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის და 423-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაწესებულია მოწმეთა ჩვენებების მიმართ, რის გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ზ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ პასუხობს სსსკ-ს 423-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 421-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.12.01წ. განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.