3გ-ად-46-კს-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
კერძო საჩივრის მოთხოვნა: სარჩელის წარმოებაში მიღება.
აწერილობითი ნაწილი:
სოფ. ..... საკრებულოს წევრობის კანდიდატმა რ. ნ-ძემ 2002წ. 10 ივნისს სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში სოფ. ..... ¹.... საუბნო საარჩევნო კომისიის მიმართ და 2002წ. 2 ივნისის სოფ. ..... საკრებულოს არჩევნების ხმის დათვლის შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ სოფ. ..... ¹..... საარჩევნო უბანში 2 ივნისს საკრებულოს არჩევნები საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბ. ტ-შვილს არც ერთი დარღვევა არ დაუფიქსირებია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-62-ე, 77-ე მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, რ. ნ-ძეს უარი ეთქვა ხმის დათვლის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ამგვარი დავების სასამართლოში განხილვას, დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტი, საარჩევნო კოდექსის 61-62-ე მუხლების თანახმად, განცხადება (საჩივარი) კენჭისყრის პროცედურის დარღვევის ან შედეგების ბათილად ცნობის შესახებ კენჭისყრის დღესვე შეიტანება საარჩევნო უბანში ან მომდევნო დღეს გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას და ამდენად, ხმის დათვლის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი განსახილველად არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე რ. ნ-ძემ, ითხოვს მის გაუქმებას და სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღებას. იგი მიუთითებს, რომ ვერ შეძლო ხმის დათვლის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილობაზე საჩივრის სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანა, რადგან დარღვევის არცერთი ფაქტი არ იყო ოფიციალურად დაფიქსირებული, ხოლო 4 ივნისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრათ სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ საქმე ქუთაისის საოლქო სასამართლოს განსჯად საქმედ მიიჩნია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს საოლქო სასამართლოს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს სასამართლოს მიერ სარჩელის განსახილველად მიღებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა კერძო საჩივარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიის აზრით, სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის შესაბამისად სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით მოქალაქეთათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების დარღვევას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ნ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის განჩინება «სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ» შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კერძო საჩივრის ავტორი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა 2002წ. 2 ივნისის საკრებულოს არჩევნებში ¹..... საუბნო საარჩევნო კომისიის ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხმის დათვლის შედეგების ოქმი სამართლებრივად სწორედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «დ» პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ საქართველოს საარჩევნო კოდექსის საფუძველზე მიღებულია კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს – საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, რომლის სამართლებრივი შედეგია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად, ასევე ბათილად ცნობა. ამიტომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტზე მითითებითა და სადავო ადმინისტრაციული აქტის არარსებობის მოტივით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა არასწორია;
2. საკასაციო სასამართლო სააპელაციო კოლეგიის განჩინებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ვერ გაიზიარებს და ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილია ხელყოფილი უფლებების სასამართლო წესით დაცვის უფლება. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების სასამართლოში გასაჩივრების განსჯადობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით რეგლამენტირებული მართლაც არ არის, მაგრამ მითითებული მუხლის I ნაწილი ითვალისწინებს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლის მიხედვითაც: «საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება (სამართლებრივი აქტი) მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება სასამართლოში”.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, დასაშვებია ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტის, გასაჩივრება სასარჩელო წესით და იგი უწყებრივად სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს განეკუთვნება, ამიტომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს;
3. ვინაიდან დავის საგანია ¹..... საუბნო საარჩევნო კომისიის ხმის დათვლის შედეგების ოქმი, რ. ნ-ძის სარჩელი სამართლებრივად არ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებზე, ამიტომ სარჩელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადი არ არის.
სადავო ადმინისტრაციული აქტის მიმღები ორგანო _ ¹.... საუბნო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის მე-17 და 36-39-ე მუხლების მიხედვით, თავისი უფლებამოსილებითა და სამართლებრივი სტატუსით ცსკოსაგან განსხვავებით, არ წარმოადგენს საქართველოს უმაღლეს საარჩევნო ორგანოს, უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციას, ამიტომ მისი სამართლებრივი აქტები, ინსტანციურობისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტის გათვალისწინებით, განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება რაიონულ სასამართლოს და შესაბამისად, რ. ნ-ძის სარჩელიც განსახილველად განსჯადობით უნდა გადაეცეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
ამრიგად, საკასაციო პალატის აზრით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება, საქართველოს სსკ-ს 186-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა, უნდა გაუქმდეს და სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
4. რაც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხს, კერძო საჩივრის ავტორი მართალია უთითებს, რომ 2002წ. 4 ივნისს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ამასთან, რადგან გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა უწყებრივად სასამართლოს არაქვემდებარეობის მოტივით და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელის დროულად შეტანაზე არ უმსჯელია, საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე და იგი განსჯადმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის I ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს რ. ნ-ძის კერძო საჩივარი;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის განჩინება და რ. ნ-ძის სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოს მხარეებს;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.