3გ/ად-47-02 2 სექტემბერი, 2002 წ ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: ბ. კობერიძე
მსაჯულები: ს. გამრეკელი
ლ. თამაზაშვილი
სარჩელის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 27 აგვისტოს ¹27/2002 განკარგულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 29 აგვისტოს ... პარტიამ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და ითხოვა: 1) “¹48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 27 აგვისტოს ¹27/2002 დადგენილების ბათილად ცნობა; 2) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ა. მ-ის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების დავალება; 3) “48.01 დაბა ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე” შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ცსკოსთვის დავალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო სარჩელისა და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საარჩევნო დავების განსჯადობასა და განხილვის წესს განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლი, რომლის მე-2 პუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწვეტილებების შესახებ, მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან განსახილველი სარჩელის მოთხოვნები სამართლებრივად არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ამიტომ სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეტანილია განსჯადობის დარღვევით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების განსჯადობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით დარეგულირებული არ არის, მაგრამ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ზოგად ნორმას, რომლის თანახმად საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება – სასამართლოში.
ვინაიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არის საქართველოს უმაღლესი საარჩევნო ორგანო, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული აქტები განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 286-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... პარტიის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.