3გ-ად-47-კ-02 17 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: დადგენილების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 15 მაისს ნ. თ-იამ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე – აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის 2001 წლის 13 თებერვლის დადგენილებისა და ქ. აბაშის გამგეობის 28 თებერვლის ¹2 დადგენილების ბათილად ცნობა და ზიანის 2480 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. აბაშის გამგეობის წერილის საფუძველზე აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობამ 1999 წლის 25 ივნისის ¹32 დადგენილებით ნ. თ-იას ქალაქის ცენტრში უნივერმაღის გვერდით ჯიხურის ასაშენებლად 4 კვ.მ. მიწის ფართობი გამოუყო, რის საფუძველზეც მოსარჩელემ სათანადო ნებართვისა და გეგმის თანახმად, ჯიხური ააშენა. მშენებლობის ხარჯებმა 700 ლარი შეადგინა, მაგრამ აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის 2001წ. 13 თებერვლის დადგენილებით ბათილად გამოცხადდა გამგეობის მიერ ადრე გაცემული თანხმობა, რის საფუძველზეც ქ. აბაშის გამგეობის 2001წ. 28 თებერვლის ¹2 დადგენილებით ასევე ბათილად გამოცხადდა ქ. აბაშის გამგეობის 1999წ. 25 ივნისის დადგენილება მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს ჯიხურის დადგმის უფლება არ მიეცა, რის გამოც თვლის, რომ მიადგა ზიანი 2480 ლარის ოდენობით.
აბაშის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-იას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
რაიონული საამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა ნ. თ-იამ და დამატებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ზერელედ, მოპასუხეების დაუსწრებლად და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან ნ. თ-იამ უარი განაცხადა სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. აბაშის გამგეობის 2001წ. 28 თებერვლის ¹2 დადგენილება და ქ. აბაშის გამგეობას საქმის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა: 2001წ. 28 თებერვლის ქ. აბაშის გამგეობის ¹2 დადგენილებით ბათილად გამოცხადდა გამგეობის 1999წ. 25 ივნისის დადგენილება ნ. თ-იასათვის 4 კვ.მ მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გამოყოფის თაობაზე. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო დადგენილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გამგეობის სხდომაზე ნ. თ-ია მოწვეული არ ყოფილა. დარღვეული იქნა ასევე ამავე კოდექსის 96-ე, 52- და 53-ე მუხლები. ამასთან, საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად 2001წ. 28 თებერვლის დადგენილება მიღებულია ქვორუმის არარსებობის საფუძველზე და გამომდინარე აქედან სასამართლომ ბათილად ცნო 2001 წლის 28 თებერვლის დადგენილება და გამგეობას 1999წ. 25 ივნისის გადაწყვეტილების თაობაზე კანონის ზუსტი დაცვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. ამავე გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლომ ნ. თ-იას მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ გაიზიარა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. თ-იამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. კასატორმა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის უკან დაბრუნება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორ ნ. თ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად ცნო, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ქ. აბაშის გამგეობის მიერ გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს _ ქ. აბაშის გამგეობას _ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად «თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი". სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. აბაშის გამგეობის 2001წ. 28 თებერვლის ¹2 დადგენილება ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის, 75-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 97-ე მუხლის, ასევე, «ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად კანონიერად ცნო ბათილად ქ. აბაშის გამგეობის 2001წ. 28 თებერვლის ¹2 დადგენილება და ქ. აბაშის გამგეობას, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა. საყურადღებოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანო _ ქ. აბაშის გამგეობა და აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ქ. აბაშის გამგეობისა და აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის მიერ მას უნდა აუნაზღაურდეს მათი მოქმედებით მიყენებული ზიანი, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, ისე მიუღლებელი შემოსავლისათვის და თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ, მართალია, ნ. თ-იამ ჯიხურის გასაკეთებლად ხარჯები გაიღო, მაგრამ ეს ჯიხური მის საკუთრებას წარმოადგენს და მისთვის არავის წაურთმევია. ამასთან, მას ჰქონდა შესაძლებლობა ამ ჯიხურით ესარგებლა, რადგან ქ. აბაშის გამგეობა ჯიხურის დასადგმელად იმავე პირობების მქონე სხვა ადგილს სთავაზობდა. საყურადღებოა ისიც, რომ ქ. აბაშის გამგეობის გასაჩივრებული დადგენილება აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის დადგენილებიდან გამომდინარეობდა, რომელიც სადავო ტერიტორიის მოსარგებლეა. მოსარჩელემ კი უარი თქვა აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-იას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.