Facebook Twitter

3გ-ად-48-02 24 სექტემბერი 2002წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: შორენა მამფორია

ლილი გაჩეჩილაძე

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულება.

აAღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ – სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფმა სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა “საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ” ცსკ-ის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების ბათილად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ითხოვს “საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ” ცსკ-ის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების ბათილად ცნობას. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი ეხება საინიციატივო ჯგუფის მიერ “რეფერენდუმის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად წარდგენილი საკითხების (განცხადების) რეგისტრაციას; სადავო სამართალურთიერთობა აღმოცენებულია საჯარო (ადმინისტრაციული) კანონმდებლობის - “რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე; თუმცა სარჩელში არ არის მითითებული, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მოპასუხეა ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ამავე კანონის მე-9 და მე-19 მუხლების მე-2 ნაწილების თანახმად, იმავდროულად საქართველოს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიაცაა და ამიტომ განსახილველი დავა სამართლებრივად წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს;

2. მოსარჩელემ ცსკ-ის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების ბათილად ცნობაზე სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციული აქტის მე-3 მუხლი მიუთითებს განკარგულების საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაზე. “რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტითაც დადგენილია: “საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარი მიღებიდან ხუთი დღის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში”.

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს რიგი დავების (არჩევნებთან, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საქმეთა) განხილვას, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. “რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს კანონი მიღებულია 1996 წლის 15 მაისს, საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიღებამდე, რომელიც 2000 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და რომელმაც განსაზღვრა სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესები, მე-2 მუხლით დაადგინა სასამართლოს ქვემდებარე ადმინისტრაციული საქმეები, ხოლო მე-5, მე-6 მუხლებით გადაწყვიტა ადმინისტრაციული დავების სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხი. არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსები არ ითვალისწინებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დავების პირველი ინსტანციის წესით განხილვას, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო სასამართლოა. ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების პირველი მუხლის მე-2 ნაწილების მოხედვით, სასამართლო წარმოება ხორციელდება ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ანუ სასამართლოში დავის განხილვის დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. ამიტომ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის სარჩელის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით ადგილი აქვს კოლიზიას იერარქიის ერთ საფეხურზე მდგომ კანონებს - “რეფერენდუმის შესახებ” კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს - შორის, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოქმედებს უფრო გვიან მიღებული კანონი - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი და არა “რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი;

3. სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ცსკ-ო “რეფერენდუმის შესახებ” კანონის მე-9 და მე-19 მუხლების მე-2 პუნქტების მიხედვით არის ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რეფერენდუმის მომზადება – მიმდინარეობას, აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას, საქართველოს მასშტაბით ადგენს და აქვეყნებს რეფერენდუმის შედეგებს, იხილავს საჩივრებს საოლქო - საუბნო სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებებზე. ამდენად, საქართველოს ცსკ არის საქართველოს უმაღლესი სარეფერენდუმო ორგანო, უმაღლესი სარეფერენდუმო ადმინისტრაცია, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, საქართველოს ცსკ-ის ადმინისტრაციული აქტი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ანალოგიურად საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) საბჭოსა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) დადგენილებებისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-26 მუხლი იმპერატიულად მოითხოვს სარჩელის უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოში წარდგენას, სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის: ბ. გ-ს, გ. დვალის, კ. ნ-ის, თ. რ-ის, გ. უ-ის, გ. ყ-ისა და ც. ხ-ის სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.