3გ-ად-48-კ-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: უნებართვო ნაგებობის აღება; სათავსოს აღდგენა; ეზოსა და საპირფარეშოს საკუთრებაში გადაცემა; მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1976წ. 11 მაისს თ. მ-ძემ ქ. ქუთაისში, ..... ქუჩისა და ..... ქუჩის ¹52, 54-ში საერთო ეზოში, შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რაზეც სანოტარო წესით გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ 1996წ. 11 აპრილს თ. მ-ძის სახლზე და უკანონო მშენებლობებზე გამოცემული იქნა სახლის ექსპლუატაციაში მიღების ¹..... აქტი. თ. მ-ძის საცხოვრებელი სახლი განლაგებულია საერთო სარგებლობის 557 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ასევე მდებარეობს მოპასუხე მ. ჭ-შვილისა და ვ. ჩ-ძის საცხოვრებელი სახლები. ვ. ჩ-ძემ სახლი შეიძინა მ. ჯ-შვილისაგან 1996 წელს, ხოლო მ. ჭ-შვილი მესაკუთრე გახდა 1991 წელს სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე. თ. მ-ძის სახლის მეზობლად მდებარეობს ვ. ო-ძის საცხოვრებელი სახლიც.
2000წ. 12 სექტემბერს თ. მ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხეების ვ. ჭ-შვილისა და მ. ჯ-შვილისაგან ცალკე კომლად გამოყოფა ეზოს 2\3-ის მფლობელობით; ამ ეზოში მოპასუხეების მიერ ჩადგმული სათავსოს აღება; ადრე არსებული ღობის აღდგენა და ეზოში არსებული საპირფარეშოს დაკანონება საკუთრების უფლებით; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ვ. ო-ძის მიერ მისთვის დანგრეული სათავსოს აღდგენა და მოპასუხეებისათვის მატერიალური ზარალის სახით 1000 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საპირფარეშო მის საკუთრებაში გადავიდა სახლის შეძენასთნ ერთად, მაგრამ მოპასუხე _ ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ ¹..... აქტით უკანონოდ მიიჩნია იგი საერთო სარგებლობის საპირფარეშოდ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა თვითნებურად დაუნგრიეს მას სათავსი და გამყოფი ღობე, რითაც დაარღვიეს მისი კანონიერი უფლებები და მიაყენეს მატერიალური ზარალი.
მოპასუხე _ ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს წარმომადგენელმა უსაფუძვლობის გამო არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ 1976 წელს, როდესაც თ. მ-ძემ სახლი შეიძინა, მის საკუთრებაში გადავიდა სადავო საპირფარეშო არამედ, პირიქით საქმეში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ადასტურებს საპირფარეშოს საერთო სარგებლობის ხასიათს.
სარჩელი ასევე არ ცნეს მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა მ. ჯ-შვილმა, გ. ჭ-შვილმა და ვ. ო-ძემ. ვ. ო-ძის განმარტებით, სათავსო მათ კი არ დაანგრიეს, არამედ მიცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო, აღებული იქნა ადმინისტრაციული წესით, მაგრამ პროკურატურის პროტესტის საფუძველზე ასევე აღადგინეს სახელმწიფო ხარჯებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:
1. სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები. პალატის მითითებით, საქმის მასალებში არსებული ტექნიკური ცნობებით, გეგმაზომებით, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მასში ჩადგმული საპირფარეშოთი და ცალკე შემორაგული ბოსტნით ათეული წლების მანძილზე საერთო სარგებლობისა იყო ეზოში მცხოვრებ სამ მესაკუთრეს შორის და ამ მდგომარეობაში შეიძინა სახლი მოსარჩელემ. არცერთი წარმოდგენილი დოკუმენტით მას სადავო ქონება (საპირფარეშო, ეზოს 2/3 ნაწილი) არ გამოყოფია და ამდენად, მისი სასარჩელო მოთხოვნა სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემაზე დაუსაბუთებელია;
2. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელის დაკამყოფილების შემთხვევაში გ. ჭ-შვილი რჩება საპირფარეშოს გარეშე, რადგან საქმის მასალების მიხედვით მას სხვა საპირფარეშო არ გააჩნია;
3. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ნაკვეთის გამოყოფის შემთხვევაში საზღვრის გავლებას ..... ქუჩაზე არსებული ჭიშკრის შუა ნაწილიდან, რადგან ამ დროს ეზოში მცხოვრებ სხვა პირებს აღარ ექნებათ სატრანსპორტო საშუალების ეზოში შეყვანის შესაძლებლობა;
4. საოლქო სასამართლოს მიაჩნია, რომ ეზოს გაყოფის შემთხვევაში, დაირღვევა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მოთხოვნა და შეილახება მეზობლების ინტერესები. პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ვ. ო-ძის მიერ საზღვრის გასწორების შესახებ, რადგან თ. მ-ძემ არსებული საზღვრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი;
5. სააპელაციო პალატამ ხანდაზმულობის მოტივით უარი უთხრა მოსარჩელეს 1979 წელს სათავსოს დანგრევით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და ვ. ო-ძის მიერ სადგომის აღდგენის მოთხოვნაზე. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში გამოიყენება 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოსარჩელეს არასაპატიოდ აქვს გაშვებული. ამასთან, არ დასტურდება ვ. ო-ძის მიერ სათავსოს დანგრევის ფაქტი, რაგან სათავსო დაანგრია და შემდეგ აღადგინა აღმასკომმა;
6. სააპელაციო პალატის მითითებით, მ. ჯ-შვილმა რამდენიმე წლის წინათ სახლი მიყიდა ვ. ჩ-ძეს, რის გამოც მიწის გაყოფის ნაწილში მ. ჯ-შვილი აღარ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს მაგრამ, რადგან მოსარჩელემ უარი განაცხადა მის შეცვლაზე სათანადო მოპასუხით – ვ. ჩ-ძით, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მ. ჯ-შვილის მიმართ მიწის ნაკვეთით სარგებლობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს თ. მ-ძე, ითხოვს მის გაუქმებას და შემდეგი მოტივით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას:
1. კასატორი არ ეთანხმება დავის გადასაწყვეტად 1964წ. სსკ-ს 75-ე მუხლის გამოყენებას და მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს არა საბჭოთა კანონი, არამედ ახალი სამოქალაქო კოდექსი;
2. კასატორის აზრით, მოპასუხეებმა დაარღვიეს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება საკუთრების გამოყენების თაობაზე. ასევე 176-ე მუხლის ხელყოფით მოპასუხეებმა საერთო ეზოში უკანონოდ აღმართეს ნაგებობები;
3. კასატორი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი არ ეთანხმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე მ. ჯ-შვილის შეცვლას სათანადო მოპასუხით;
4. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილი მხარეთა თანასწორობის პრინციპი და მას მხოლოდ 2-3 წუთი მისცა სააპელაციო საჩივრის ჩამოსაყალიბებლად;
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ემყარება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ გაყალბებულ საარქივო დოკუმენტებს, რომელთაგან 1940წ. 17 აგვისტოს სამემკვიდრეო გარიგება ყალბია და ბათილი, სამოქალაქო კოდექსის 53-ე, 56-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან გარიგების ერთ-ერთი მხარე _ მ. ჭ-შვილი გარიგების დადებას არ ესწრებოდა და არც მისი ხელმოწერაა დოკუმენტზე;
6. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის განჩინება გამოტანილია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით. სააპელაციო საჩივარი მიღებულია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, მთავარი სხდომის ოქმებზეც იგივე პალატაა მითითებული, ხოლო განჩინება მიღებულია ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რომელსაც საქმის მასალების მიხედვით (სხდომის ოქმები) აღნიშნული საქმე საერთოდ არ განუხილავს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, როგორც წესი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინებებს ძირითადად ამოწმებს კანონიერების თვალსაზრისით, რამდენად სწორად იქნა გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული და განმარტებული კანონი, ხოლო ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს საპროცესო დარღვევებიც, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმის დარღვევას ემყარება. ვინაიდან თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, ზემოაღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის შესაბამისად, საპროცესო ნორმების დარღვევაზეც მიუთითებს, ამიტომ საკასაციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს მითითებულ საპროცესო დარღვევაზე.
კასატორი აღნიშნავს და საქმის მასალებითაც უტყუარად დასტურდება, რომ თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე 26 ოქტომბერს განსახილველად წარმოებაში მიიღო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, სააპელაციო წარმოებაც ამავე პალატის მიერ მიმდინარეობდა და 2001 წლის 26 ნოემბრის მთავარი სხდომის ოქმის მიხედვით, თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი მხარეთა დასწრებით განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, ხოლო განჩინება ამ საქმეზე გამოტანილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რაც, საკასაციო პალატის აზრით, უმნიშვნელო პროცესუალურ დარღვევად ვერ ჩაითვლება, რადგან კოდექსის 257-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რომელსაც არც სააპელაციო საჩივარი მიუღია წარმოებაში, არც 372-383-ე მუხლების შესაბამისად განუხორციელებია ამ საქმეზე სააპელაციო წარმოება და არც საქმე განუხილავს არსებითად. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივს, საჭიროდ აღარ თვლის კონკრეტულ შემთხვევაში არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერების თვალსაზრისითაც შემოწმებას და მიაჩნია, რომ თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება და საქმე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო ნორმებით დადგენილი წესით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 412-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.