Facebook Twitter

ცსკოს განკარგულება

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-49-02 3 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ბ. კობერიძე

მსაჯულები: ს. გამრეკელი,

ლ. თამაზაშვილი

განიხილა ¹28 დუშეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ¹28/03 დაბა ფასანაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატ ვ. ა-ის სარჩელი მოპასუხე ცსკოს მიმართ, ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹147/2002 და ¹148/2002 განკარგულებების ბათილად ცნობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 27 სექტემბერს ¹.... დუშეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ¹28/03 დაბა ფასანაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ვ. ა-მა სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე ცსკოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2002წ. 24 სექტემბერს ცსკომ მიიღო ¹147/2002 განკარგულება «2002წ. 15 სექტემბრის ¹28/03 დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ» და ¹148/2002 განკარგულება «2002წ. 15 სექტემბრის ¹.... დუშეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ¹28/03 დაბა ფასანაურის საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ».

მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული განკარგულებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგი გარემოებების გამო:

მოსარჩელის განმარტებით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენების გაცემა ამომრჩევლებზე მოხდა მათ მიერ კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის გარეშე, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით კომისიის წევრობის კანდიდატთა წარმომადგენლების მიერ შედგა აქტები, რომლებიც სათანადო წესით იქნა რეგისტრირებული საუბნო კომისიის ჟურნალში, მაგრამ არჩევნების დამთავრებისთანავე დაიკარგა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, აგრეთვე, დაირღვა საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს წინასაარჩევნო აგიტაციის შეზღუდვას. მოსარჩელის განმარტებით, არჩევნების დროს იქ მყოფი საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ეწეოდა საკრებულოს წევრობის ზოგიერთ კანდიდატთა სასარგებლო აგიტაციას.

სარჩელში მითითებულია, რომ დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილული საჩივრების საფუძველზე დაბა ფასანაურის მე-7 უბანზე ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობა არასწორად არის ფორმულირებული ან უნდა მომხდარიყო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება. სწორედ ამ მოტივით ცესკოში წარმოდგენილი საუბნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამა ცსკომ საბოლოო შედეგები. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ოქმი იყო შელახული, რის გამო ხელახლა გადაიწერა, მაგრამ მე-7 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა მასზე ხელი არ მოაწერეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ცესკოში წარდგენილი ოქმი შედგა ნამდვილად არსებული ოქმის შემდეგ.

სარჩელის თანახმად აღნიშნული გარემოებების, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევების, ამომრჩეველთა ნების, საკრებულოს წევრობის კანდიდატების უფლების, საუბნო და საოლქო კომისიის წევრების აზრის გაუთვალისწინებლად ცსკომ მიიღო ¹147/2002 და ¹148/2002 განკარგულებები და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ხმების საბოლოო დათვლა-შეჯამებაში მე-7 უბნის კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის სხვა წევრებს არჩევნების ადგილზე მყოფმა საქართველოს პარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა არ მიაღებინა მონაწილეობა და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად არჩატარებული არჩევნები დატოვეს ძალაში.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹147/2002 და ¹148/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა.

მოპასუხე ცსკოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო განკარგულებები მიღებულია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სხდომაზე მოწვეულმა მოწმეებმა: ნ. ა-მა, გ. ა-მა და ვ. ჩ-მა განმარტეს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას შემჩნეული დარღვევები დააფიქსირეს საუბნო კომისიის ჟურნალში სათანადო წესით, მაგრამ არჩევნების დამთავრებისთანავე ჟურნალი დაიკარგა. მოწმე მ. ვ-მა კი აღნიშნა, რომ ¹.... საუბნო კომისიაში საჩივრით არავის მიუმართავს.

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ მოუსმინა მხარეებისა და მოწმეთა განმარტებებს, შეამოწმა სარჩელისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები.

2002წ. 15 სექტემბერს დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს _ ხელახალი არჩევნები.

¹.... დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა, მაგრამ ვერ დაამტკიცა სხდომაზე 2002წ. 15 სექტემბერს ჩატარებული ¹28.03 დაბა ფასანაურის საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგები, რადგანაც 19 სექტემბერს დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა კომისიის 7 წევრი და სხდომა ვერ ჩატარდა.

¹.... დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა ცსკოს ¹.... დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქში ჩატარებული საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგების შეჯამება.

2002წ. 24 სექტემბერს ცსკომ მიიღო ¹147/2002 განკარგულება, რომლითაც დაადგინა, რომ ცსკოს შეეჯამებინა 2002წ. 15 სექტემბერს ¹.... დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველოს წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგები ¹28/03 დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქის ¹7 და ¹8 საარჩევნო უბნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.

ცსკომ 2002წ. 24 სექტემბრის სხდომაზე შეაჯამა 2002წ. 15 სექტემბერს ჩატარებული მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ¹... დაბა ფასანაურის საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად დაბა ფასანაურის საკრებულოს წევრად აირჩნენ და რეგისტრაციაში გატარდნენ: ვ. ა-ი, თ. წ-ი, გ. კ-ი, ე. ქ-ე და ა. ა-ე.

იმავე დღეს ცსკომ მიიღო ¹148/2002 განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა 2002წ. 15 სექტემბრის ¹.... დუშეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ¹.... დაბა ფასანაურის საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

სამოტივაციო ნაწილი:

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც ¹... დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქის ¹... საარჩევნო უბნის კომისიის ჟურნალი, რომელშიც ¹.... დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქის ¹.... საარჩევნო უბანზე 2002წ. 15 სექტემბერს ჩატარებული საკრებულოს ხელახალი არჩევნების დროს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევების გამო შედგენილი აქტები და საჩივრები სათანადო წესით იქნა რეგისტრირებული, არჩევნებისთანავე დაიკარგა, ამიტომ სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ დარღვევებზე.

რაც შეეხება საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დარღვევების შესახებ შედგენილ განცხადებებს (საჩივრებს) და აქტებს: საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად განცხადება (საჩივარი) კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ კენჭიყრის დასრულებამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე (საჩივარზე) და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. სასამართლო თვლის, რომ საქმეში არსებული განცხადებები (საჩივრები) ზემოთ აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელსაც საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უნდა გადაეცეს განცხადება (საჩივარი) მხოლოდ ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ.

გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ განცხადებების (საჩივრების) შედგენისას დაირღვა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, ზოგიერთ განცხადებაში (საჩივარში) არ არის აღნიშნული განცხადების (საჩივრის) შედგენის დრო, განმცხადებლის (მომჩივნის) მისამართი, საარჩევნო უბნის ნომერი.

საქმეში არის განცხადება (საჩივარი) წინასაარჩევნო აგიტაციის მოთხოვნების დარღვევების თაობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი შედგენილია 2002წ. 15 სექტემბერს 12 საათსა და 45 წუთზე. სასამართლო თვლის, რომ განცხადება მითითებულ დროს არ არის შედგენილი, რაც თავად განცხადების შინაარსიდან ჩანს. აგრეთვე, დაბა ფასანაურის ¹.... საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვ. ჩ-ის მიერ 2002წ. 15 სექტემბერს 12 საათზე შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ არასწორად არის მითითებული აქტის შედგენის დრო და სასამართლო თვლის, რომ იგი შედგენილია კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით შედგენილი და წარდგენილი განცხადება (საჩივარი) არ განიხილება.

წარმოდგენილი წერილობითი მასალისა გაცნობისა და მხარეთა, აგრეთვე, მოწმების განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2002წ. 19 სექტემბერს, 16 საათზე დანიშნულ დუშეთის ¹.... საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშიც იდგა დაბა ფასანაურის ¹.... საარჩევნო ოლქის ¹... და ¹... საარჩევნო უბნებში დაბა ფასანაურის საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხი, არ გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრი, რის გამოც სხდომა ვერ ჩატარდა და შესაბამისად ვერც შედეგები შეჯამდა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ დაურღვევია საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები და სწორად შეაჯამა 2002წ. 15 სექტემბრის ¹28/03 დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქში საკრებულოს ხელახალი არჩევნების შედეგები ¹.... დაბა ფასანაურის საარჩევნო ოლქის ¹.... და ¹.... საარჩევნო უბნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ცესკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹147/2002 და 148/2002 განკარგულებები სამართლებრივად სწორია და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ¹.... დუშეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ¹.... დაბა ფასანაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატ ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.