Facebook Twitter

3გ-ად-49-კ-ს-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოები განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1989წ. მდგომარეობით საქართველოში, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში ფუნქციონირებდა საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ი». საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹1250 განკარგულებით ტურისტული ცენტრი «მ.-ი» ამოღებულ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხიდან და გადაეცა საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს. პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა 1999წ. 5 ნოემბერს გამოსცა ბრძანება ¹1-3/795 საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის «მ.-ის» უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის შესახებ, რაც ფაქტობრივად განხორციელდა 2000წ. 13 იანვარს.

ბაკურიანის საიჯარო საწარმო საერთაშორისო ტურისტული ცენტრის «მ.-ი» შრომითი კოლექტივის სახელით ა. ტ.-მ 2000წ. 17 აპრილს აღძრა სარჩელი და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის ¹1250 განკარგულებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ¹1-3/795 ბრძანების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ სადავო აქტებმა პირდაპირი ზიანი მიაყენეს საიჯარო საწარმოს შრომით კოლექტივს და შეუზღუდეს კანონით მათთვის მინიჭებული შეღავათი _ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის უპირატესი უფლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ტურისტული ცენტრის შრომითი კოლექტივის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2000წ. 10 ნოემბრის განჩინებით. სასამართლოთა მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ არგუმენტს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ საკავშირო ალკკ ცკ საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო «ს.-სა» და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ «მ.-ის» კოლექტივს შორის 1990წ. 3 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულებით და 1990წ. 5 ივნისის ¹1 დამატებითი შეთანხმებით არ იყო განსაზღვრული იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის პირობები, წესი, ვადები და ამიტომ სამართლებრივი ბუნებით იგი საიჯარო ხელშეკრულებას კი არა, საინვესტიციო ხელშეკრულებას ან ინვესტიციით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენდა.

საქმის საოლქო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელე განმარტავდა, რომ მხარეთა შორის კიდევ ერთი შეთანხმებაც არსებობდა, რომელშიც განსაზღვრული იყო საიჯარო ქონების გამოსყიდვის პირობები, წესი და ვადები, მაგრამ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა. «მ.-ის» წარმომადგენლებმა 2002წ. 24 მაისს მოიპოვეს აღნიშნული მტკიცებულება და 2002წ. 5 ივნისს განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დამატება ¹2 საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი, მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ივლისის განჩინებით საიჯარო საწარმო საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ის» განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კოლეგიამ გამოარკვია, რომ ამჟამად წარმოდგენილი მტკიცებულების, ¹2 დამატებითი ხელშეკრულების არსებობა განმცხადებლისათვის ცნორილი არ გამხდარა 2002წ. 24 მაისს, არამედ ცნობილი იყო 2000 წელს, თავდაპირველად საქმის სასამართლოში განხილვისას, მაგრამ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წარმოდგენა. ამიტომ სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება არ მიიჩნია სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად;

2. კოლეგიამ ჩათვალა, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე «მ.-ს» შეტანილი აქვს სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით;

3. სასამართლოების მიერ დადგენილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ «მ.-ს» საიჯარო საწარმოს სამართლებრივი სტატუსი არ შეუძენია სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დაუცველობის გამო, ამიტომ კოლეგიის აზრით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე განცხადება შემოტანილია ისეთი საიჯარო საწარმოს სახელით, რომელსაც სამართლებრივი სტატუსი არ შეუძენია და შესაბამისად არც არსებობს.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002წ. 2 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, მოითხოვეს განჩინების გაუქმება, სსკ-ს 423-ე მუხლის «ვ» პუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ივლისის განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა «მ.-ის» შრომითი კოლექტივის კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლებმა კერძო საჩივარი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება – კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ის» შრომითი კოლექტივის წარმომადგენლების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 და 15 ივლისის განჩინებები, «მ.-ის» განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ცნობილ იქნეს დასაშვებად, ხოლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საკითხის არსებითად განსახილველად განცხადება დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კერძო საჩივრის ავტორები - «მ.-ის» წარმომადგენლები ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის საფუძველზე. მითითებული ნორმის თანახმად: «კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩნილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას».

კერძო საჩივრის ავტორები ამგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებენ მათსა (საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ის» შრომით კოლექტივსა) და საკავშირო ალკკ ცკ საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო «ს.-ს» შორის 1990წ. 3 იანვრის იჯარის ხელშეკრულების ¹2 დამატებით შეთანხმებაზე, რომელიც მხარეებს შორის 1991წ. 27 აგვისტოს დაიდო და რომელშიც განსაზღვრულია ტურისტული ცენტრი «მ.-ის» ქონების იჯარა-გამოსყიდვის წესი, პირობები და ვადები. საოლქო და უზენაესი სასამართლოების მიერ «მ.-ის» შრომითი კოლექტივის სარჩელზე უარის თქმის ერთ-ერთ მოტივი ის გარემოება იყო, რომ საქმეში წარმოდგენილი 1990წ. 3 იანვრის ძირითადი ხელშეკრულება და 5 ივნისის ¹1 დამატებითი შეთანხმება არ განსაზღრავდა შრომითი კოლექტივის მიერ იჯარით აღებული ქონების – ტურისტული ცენტრი «მ.-ის» გამოსყიდვის პირობებს, წესსა და ვადებს და სამართლებრივი თვალსაზრისით იგი ინვესტირებით, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენდა, ხოლო ამჟამად წარმოდგენილ ¹2 დამატებით შეთანხმებაში სწორედ იჯარა-გამოსყიდვის პირობებია რეგლამენტირებული, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, იგი შესაძლოა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება, ამ ეტაპზე «მ.-ის» შრომითი კოლექტივის განცხადება დასაშვებია, თანახმად 429-ე მუხლისა, ხოლო ¹2 დამატებითი შეთანხმების სამართლებრივი ანალიზი და შეფასება, თუ რამდენად შეიძლება იგი წარმოადგენდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებას ე.ი. თავიდანვე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა თუ არა მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ, სსკ-ს 430-ე მუხლის თანახმად, უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს სამართალწარმოების მომდევნო ეტაპზე, განცხადების არსებითი განხილვისას.

2. ბორჯომის რაიონის გამგეობის 2002წ. 24 მაისის ¹4/163 ცნობის მიხედვით, აღნიშნული მტკიცებულება _ ¹2 დამატებითი შეთანხმება მოსკოვიდან გამგეობის სახელზე იქნა გადმოგზავნილი და «მ.-ის» წარმომადგენელ ა. ტ.-ს ხელზე პირადად ჩაბარდა 2002წ. 24 მაისს, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით «მ.-ის» შრომითი კოლექტივის მიერ, სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსჯადობის დაცვით 2002წ. 5 ივნისს შეტანილია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში. სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: «განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება”. ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული ¹2 დამატებითი შეთანხმება «მ.-ის» წარმომადგენელს პირადად ხელზე 2002წ. 24 მაისს ჩაბარდა, განცხადება კი სასამართლოში იმავეწ. 5 ივნისს, ე.ი. კანონით გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაშია შეტანილი, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ «მ.-ის» წარმომადგენელთა განცხადება დასაშვებია;

3. სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დასაშვებია, «თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა და მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე». თუმცა, თავდაპირველად საქმის არსებითი განხილვის დროს, «მ.-ის» წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ გარდა საქმეში წარმოდგენილი, მათ ხელთ არსებული 1990წ. იჯარის ხელშეკრულებისა და ¹1 დამატებითი შეთანხმებისა მხარეებს შორის არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა დამატებითი შეთანხმებაც, რომელიც მათ მიერ ვერ იქნა მოპოვებული და სსკ-ს 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს ამ მტკიცებულების მოსკოვიდან გამოთხოვაზე, რაც დაკმაყოფილდა საოლქო სამართლის კოლეგიის მიერ, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს ოფიციალური მიმართვისა, ტურიზმის ბიურო «ს.-ის» მიერ გამოგზავნილი იქნა მხოლოდ საქმეში უკვე არსებული 1990წ. 3 იანვრის იჯარის ხელშეკრულება და ¹1 დამატება, ხოლო ¹2 დამატებითი შეთანხმება ვერც სასამართლოს მიერ იქნა მოპოვებული, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული ¹2 დამატებითი შეთანხმება საქმის თავდაპირველი, არსებითი განხილვისას, «მ.-ის» შრომითი კოლექტივის ბრალის გარეშე ვერ იქნა წარმოდგენილი, რის გამოც ვერ გაიზიარებს კოლეგიის განჩინებას და შრომითი კოლექტივის წარმომადგენელთა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე დასაშვებად მიაჩნია.

მართალია, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული ¹2 დამატებითი შეთანხმების არსებობის შესახებ «მ.-ის» შრომითი კოლექტივის წარმომადგენლებისათვის საოლქო და უზენაეს სასამართლოებში საქმის თავდაპირველი არსებითი განხილვის დროსაც იყო ცნობილი, მაგრამ ვინაიდან მხარემ მისი ბრალის გარეშე, სასამართლოს დახმარებითაც ვერ შეძლო აღნიშნული მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოსათვის წარმოდგენა, ამასთან, რადგან განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე მხარის მიერ სსკ-ს 424-ე, 426-ე მუხლების შესაბამისად, განსჯადობის დაცვით, დროულად არის თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიაში შეტანილი, ამიტომ საკასაციო პალატა, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, დასაშვებად ცნობს საიჯარო საწარმო «მ.-ის» წარმომადგენელთა განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე და შესაბამისად, იზიარებს მათ კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ივლისის განჩინებაზე.

4. საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის ავტორები არარსებული საიჯარო საწარმოს წარმომადგენლები არიან და ამიტომ მათი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე დაუშვებელია, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს, რადგან განცხადების ავტორები თავის დროზე, სრულუფლებიან პროცესუალურ სუბიექტებს _ მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ და შესაბამისად, ამჟამადაც ქონდათ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე განცხადების წარდგენის უფლება.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული 2002წ. 2 ივლისის განჩინება «მ.-ის» განცხადების დაუშვებლობისა და 15 ივლისის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს, დაკმაყოფილდეს «მ.-ის» წარმომადგენელთა კერძო საჩივარი, დასაშვებად იქნეს ცნობილი «მ.-ის» განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საკითხის არსებითად განხილვა-გადაწყვეტისათვის, განცხადება დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს საიჯარო საწარმო საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა კერძო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 და 15 ივლისის განჩინებები;

3. «მ.-ის» წარმომადგენელთა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ცნობილ იქნეს დასაშვებად და გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საკითხის არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.