Facebook Twitter

3გ-ად-50-02 30 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და

სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. კლარჯეიშვილი (თავმჯდომარე),

მსაჯულები: მ. გაგოშიძე,

ლ. სებისკვერაძე

დავის საგანი:

1. საქართველოს ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹28/2002 დადგენილების და 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულების ბათილად ცნობა;

3. ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 27 სექტემბერს მოსარჩელე _ ... პარტიამ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე – საქართველოს ცსკოს მიმართ და მოითხოვა:

1. „¹48.01 დაბა ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს ხელახალი არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹28/2002 დადგენილების ბათილად ცნობა;

2. „ცსკოს სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცსკოს 2002 წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულების ბათილობა;

3. „¹48.01 დაბა ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს ხელახალი არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ახალი აქტის მიღების ცსკოსათის დავალდებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ითხოვს ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹28/2002 დადგენილების ბათილად ცნობას, რომელიც დ. ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს ხელახალი არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრას ეხება და ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნის საკითხების გადამწყვეტი სპეციალური ჯგუფების თაობაზე ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულების ბათილობას;

2. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს საარჩევნო დავების განხილვას, მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის რომელიც საარჩევნო დავების განსჯადობასა და განხილვის წესს განსაზღვრავს, მე-2 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: „საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში“.

ვინაიდან განსახილველი დავის საგანი – ცსკოს ¹149/2002 განკარგულება და @28/2002 დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსის“ ზემოაღნიშნული 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი უზაენაეს სასამართლოში შეტანილია განსჯადობის დარღვევით;

3. სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს ცსკო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით არის „მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას“. ამდენად, ცსკო არის საქართველოს უმაღლესი საარჩევნო ორგანო, უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაცია, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, ცსკოს ადმინისტრაციული აქტები განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ანალოგიურად საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) საბჭოსა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) დადგენილებებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით ცსკოს სადავო აქტებიც, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, შეიცავენ ნათელ მითითებას მათი თბილისის საოლქო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესზე. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-26 მუხლი იმპერატიულად ითხოვს სარჩელის უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოში წარდგენას, ... პარტიის სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ... პარტიის სარჩელი საქართველოს ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹149/2002 განკარგულებისა და ¹28/2002 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.