3გ-ად-50-კ-02 17 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ბინის საერთო (თანაზიარ) საკუთრებად ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, ბინის იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ბიუროს განკარგულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს.ს. «ა-სა» და ა. რ-ძეს შორის 27.07.98წ. დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა ა. რ-ძეზე გასცა კრედიტი 43 000 ლარის ოდენობით, ყოველთვიური 3%-ით. ვალი 28.10.98წ. უნდა დაბრუნებულიყო. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად 27.07.98წ. მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულოება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე ა. რ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა ¹81.
ს.ს. «ა-მა» 20.01.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მიუთითა, რომ ა. რ-ძემ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და არ დააბრუნა ძირითადი სესხიდან 38.500 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი – 23.242 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი ვალის და პროცენტის, სულ 61.742 ლარის დაკისრება მოპასუხეზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ა. რ-ძის სახელზე რიცხული ქონების დაყადაღება.
ა. რ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მიუთითა, რომ 08.07.98წ. მოხდა ბინის პრივატიზაცია მის სახელზე. ამ დროს ბინაში ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები: ქ. შ-ია, ნ. რ-ძე, თ. რ-ძე, ზ. რ-ძე და ქ. ხ-ძე. ბინის პრივატიზაცია განხორციელდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების და მასში 05.08.94წ. ¹510 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომელთა საფუძველზეც ბინა თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის ყველას, ვისაც პრივატიზაციის მომენტისათვის საცხოვრებელ ფართზე უფლება აქვს მოპოვებული. შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებას მხოლოდ იგი აწერს ხელს, რაც სსკ-ის 289-ე მუხლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და უგულველყოფს ბინის სხვა თანამესაკუთრეთა კანონიერ უფლებებს. ა. რ-ძემ ასევე განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება სსკ-ის 289-ე მუხლის დარღვევით არ იქნა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა მხარეებს შორის 27.07.98წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.01.01წ. გადაწყვეტილებით ს.ს. «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. რ-ძეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 61742 ლარის გადახდა. გადახდევინება მიქცეული იქნა ა. რ-ძის საკუთრებად რიცხულ ქონებაზე, რის გამოც ქონებას დაედო ყადაღა. დაკმაყოფილდა აგრეთვე ა. რ-ძის შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 27.07.98წ. მხარეებს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მის აღსასრულებლად გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
ა. რ-ძის ბინის რეალიზაციის მიზნით გამოცხადდა აუქციონი, რომელიც 30.04.01წ. ჩატარდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ¹01.04 მიმართვისა და 30.04.01წ. ¹01/04-65612 განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული ბინა შეძენილი იქნა სს «ა-ის» მიერ, რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანით.
20.04.01წ. თ., ზ. და ა. რ-ძეებმა, ქ. შ-იამ და ქ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ქ. თბილისში, ... ბინა საჯარო რეესტრის ჩანაწერებით 08.07.98წ. გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება ა. რ-ძის სახელზე. აღნიშნული ბინის პრივატიზაცია განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების და მასში მინისტრთა კაბინეტის 05.08.94წ. ¹520 დადგენილებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რომლის მიხედვით პრივატიზებული ბინა საერთო საკუთრების უფლებით ეკუთვნით იმ პირებს, რომლებსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება ჰქონდათ მოპოვებული ბინის პრივატიზაციის დროისათვის. ასეთი უფლება ბინის პრივატიზაციის მომენტში მოპოვებული ჰქონდათ ხუთივე მოსარჩელეს, მათ შორის არასრულწლოვან ნ. რ-ძეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სათანადო ცვლილებების შეტანა ტექნიკური ინვენტარიზაციის ჩანაწერებში და ბინის ყადაღისაგან გათავისუფლება.
30.04.01წ. ჩატარებული იძულებითი აუქციონის შემდეგ, მოსარჩელეებმა 04.05.01წ. დამატებითი სარჩელი აღძრეს სასამართლოში. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული იძულებითი აუქციონი ჩატარდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ აუქციონი ჩატარდა ისე, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადება არ ყოფილა; აუქციონის ჩატარებამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. სასამართლოში აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება საერთოდ არ გამოკრულა. მოვალეს არ ეცნობა აუქციონის ჩატარების ადგილი, ქონებაზე ყადაღ ის დადების განკარგულების შესახებ, რითაც დაირღვა მისი უფლება დროულად მიეღო ზომები პრეტენზიის წარსადგენად სადავო ნივთთან დაკავშირებით. აუქციონი ჩატარდა იმის მიუხედავად, რომ მისი ჩატარება შეჩერებული იყო სასამართლოს განჩინებით. აღნიშნულიდან გამომდაინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს აუქციონის შედეგების გაუქმება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.06.01წ. გადაწყვეტილებით თავდაპირველი და დამატებითი სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... ბინა, რომელიც საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ირიცხება ა. რ-ძის სახელზე, ცნობილ იქნა თ. რ-ძის, ქ. ხ-ძის, ზ. რ-ძის, ქ. შ-იას, ა. რ-ძის და არასრულწლოვან ნ. რ-ძის საერთო (თანაზიარ) საკუთრებად, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 30.04.01წ. ჩატარებული ბინის იძულებითი აუქციონის შედეგები, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს 30.04.01წ. ¹01.04-656/2 განკარგულება, რომლითაც ა. რ-ძის სახელზე რიცხული ბინის მესაკუთრე გახდა სს «ა-ი», სადავო ბინა გათავისუფლდა ყადაღისაგან და შესაბამის სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილების განხორციელება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს «ა-ის» წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.11.01წ. განჩინებით სს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.06.01წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა რა მოსარჩელეთა მოთხოვნაზე სადავო ბინის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, სწორად მიიჩნია ისინი მესაკუთრეებად, ვინაიდან ბინის პრივატიზაციის მომენტში ისინი ცხოვრობდნენ სადავო ბინაში და მოპოვებული ჰქონდათ მასზე უფლება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს «ა-ის» მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ ამორიცხა ქ. შ-იას ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ბინის სესხის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთვის თაობაზე, ვინაიდან ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.01.01წ. გადაწყვეტილებით იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა და ქ. შ-იას თანხმობას სადღეისოდ არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი აუქციონის «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების ნაწილში, სასამართლომ აღნიშნა, რომ იძულებითი აუქციონი ჩატარდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე, 26-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამო იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა კანონიერად იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს «ა-ის» მიერ. კასატორი უსაფუძვლოდ თვლის, სასამართლოს მიერ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ქ. შ-იას თანხმობის მიჩნევას მხოლოდ სესხის უზრუნველყოფის მიზნით თანხმობად, ვინაიდან ბინის თანამესაკუთრემ იცოდა იმ ქმედების შედეგი, რომელზედაც თანახმა იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის მესაკუთრესა და ოჯახის წევრებს არ ეცნობათ აუქციონის შესახებ. განჩინება, რომელიც თითქოს აუქციონის დაწყებამდე არსებობდა არც აღმასრულებელს და არც სს «ა-ს» არ ჩაბარებია. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 185-ე მუხლი, კასატორს არ შეეძლო ევარაუდა სხვა თანამესაკუთრეების არსებობის შესახებ, საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული იყო მხოლოდ ა. რ-ძე, აღმასრულებლის მიერ ჩატარებული სამუშაოს გადამოწმების ვალდებულება ბანკს არ ეკისრებოდა. სს «ა-ის» წარმომადგენელი საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადებულა, პალატა ს.ა.ს.კ. 261 მუხლის თანახმად მის დაუსწრებლად განიხილა საკასაციო საჩივარი.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება. ქ. შ-იას თანხმობას ბინის იპოთეკით დატვირთვის დროს არავითარი მნიშვნელობა საქმესთან არ აქვს, რადგანაც იპოთეკა გაუქმებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სააღსროულებო ბიუროს 25.04.01წ. სასამართლო უწყებასთან ერთად ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი და სასამართლო განჩინება იძულებითი აუქციონის შეჩერების შესახებ, მიუხედავად ამისა, ბინის იძულებითი აუქციონი ჩატარდა, აუქციონი ჩატარდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა 30.04.01წ. ჩატარებული ბინის იძულებითი აუქციონი კანონის შესაბამისად ჩატარებულად მიიჩნია და განმარტა, რომ აუქციონის ჩატარების შეტყობინებაში მითითებული იყო აუქციონის ჩატარების ადგილი თავად სატიტულო ბლანკზე; განცხადება ჩასატარებელი აუქციონის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთში, სასამართლოში განცხადება არ გამოკრულა, რადგანაც სასამართლოში იმ დროისათვის არ არსებობდა შესაბამისი დაფა; რაც შეეხება აუქციონის შეჩერების განჩინებას, იგი სააღსრულებო ბიუროს არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბინის ა. რ-ძის სახელზე პრივატიზაციისას (08.07.98წ.), რომელსაც საფუძვლად დაედო მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილება, მასში მინისტრთა კაბინეტის 05.08.94წ. ¹520 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით, ბინა საერთო საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ მოსარჩელეებს. ბინის პრივატიზაციის დროისათვის ბინაზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ა. რ-ძეს, მის მეუღლეს ქ. შ-იას, მათ შვილებს ნ. რ-ძეს, ზ. რ-ძეს, ა. რ-ძეს, ა. რ-ძის მეუღლეს – ქ. ხ-ძეს. უკანასკნელის მიერ ბინაზე უფლების მოპოვებისა და ბინის თანამესაკუთრედ ცნობის ფაქტი დადასტურებულია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.02.2000წ. ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მართებულად იქნა აღიარებული მოსარჩელეების უფლება სადავო ბინაზე. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ ა. რ-ძის მეუღლემ – ქ. შ-იამ 27.08.98წ. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით თანხმობა განაცხადა მეუღლის სახელზე პრივატიზებული ბინის გირაოდ ჩადებაზე, პირიქით, ქ. შ-იას თანხმობა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე დამატებით ადასტურებს იმას, რომ იგი სადავო ბინის ერთ-ერთი თანამესაკუთრეა. ამასთანავე, თავად კრედიტთან დაკავშირებით ქ. შ-იას რაიმე ვალდებულება არ უკისრია. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.01.01წ. გადაწყვეტილებით 27.07.98წ. იპოთეკის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ამავე გადაწყვეტილებით გადახდევინება მიქცეულ იქნა ა. რ-ძის საკუთრებად რიცხულ ქონებაზე. გადაწყვეტილება ძალაშია შესული და მას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს განსახილველი დავისადმი. თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 30.04.01წ. ჩატარებული ბინის იძულებითი აუქციონი, რომლის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ მოსარჩელეები, დეტერმინირებული იყო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.01.01წ. გადაწყვეტილებით და მიზნად ისახავდა მის აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. შ-იას მიერ მიცემულ თანხმობას ამჟამად არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.01.01წ. და 01.02.2000წ. გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელთა ძალითაც ბათილად იქნა ცნობილი სს «ა-სა» და ა. რ-ძეს შორის 27.07.98წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულება და აღიარებულ იქნა ქ. ხ-ძის თანასაკუთრების უფლება სადავო ბინაზე, 30.04.01წ. იძულებითი აუქციონის ჩატარების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათების მიხედვით ბინა რეგისტრირებული იყო ა. რ-ძეზე, სს «ა-ისათვის» ცნობილი იყო, რომ სადავო ბინის მესაკუთრე იყო არა მხოლოდ ა. რ-ძე არამედ მისი ოჯახის წევრები. სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბინის იპოთეკით დატვირთვა მოხდა მისი ყველა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.01.01წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა სს «ა-სა» და ა. რ-ძეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. სსკ-ს 185-ე მუხლი და 312-ე მუხლის მეორე ნაწილი იცავენ შემძენის ინტერესებს იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვავებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბანკს არ შეეძლო ევარაუდა სხვა ბინის მესაკუთრეთა არსებობის შესახებ, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული იყო მხოლოდ ა. რ-ძე.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.04.01წ. განჩინებით საჯარო ვაჭრობის წესით იძულებითი აუქციონის ჩატარება შეჩერდა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული თავისთავად წარმოადგენს იძულებითი აუქციონის ბათილად ცნობის საკმაო საფუძველს. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განჩინება სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი არ ყოფილა. 25.04.01წ. განჩინება მოსარჩელეთა მოთხოვნით იქნა მიღებული. იგი მათ უმნიშვნელოვანეს ინტერესს – საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებას ეხებოდა. ამასთანავე, მოსარჩელეები ბინის თანამესაკუთრეებად ცნობასთან ერთად აღძრული სარჩელით ითხოვდნენ აგრეთვე ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 36-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით სარჩელის წარდგენა იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა-სადავო ქონების აღსრულების ნაწილში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, აჩერებს აღსრულებას. ამდენად იძულებითი აუქციონის ჩატარება არ დაიშვებოდა. გარდა ამისა, განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტი, ისევე როგორც კასატორის მიერ აუქციონის ჩატარების შესახებ მოსარჩელეთა შეტყობინება, განეკუთვნება საქმის არა სამართლებრივ, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს და არ შეადგენს კასაციის საფუძვლებს. სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, ამასთანავე, კასატორის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ს 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი. პალატა თვლის, რომ 30.04.01წ. ჩატარებული სადავო ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის დარღვევით, განცხადება აუქციონის შესახებ გაზეთში გამოქვეყნდა 71-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევით, აღნიშნული მუხლის მოთხოვათა დარღვევით განცხადება არ გამოკრულა სასამართლოს შენობაში, მოვალეს არ ეცნობა აუქციონის ჩატარების ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 16.11.01წ. განჩინება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნეს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ა-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.11.01წ. განჩინება.
2. კასატორს სს «ა-ს» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.