3გ/ად-50-კს-01 1 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 29 ივლისს ჯ. ჯ-შვილმა, ს. მ-ოვამ და თ. ც-შვილმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების _ ც. ბ-ძის, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისში, ..... მდებარე სახელმწიფო სავაჭრო საწარმო «ნ-ას” მიერ დაკავებული 243,01 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის და ამ ფართზე განთავსებული მაღაზიის ბალანსზე არსებული ძირითადი საბრუნავი საშუალებების აქტიური ნაწილის პრივატიზაციის ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-შვილის, ს. მ-ოვას და თ. ც-შვილის სარჩელი პრივატიზაციის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ჯ-შვილმა, ს. მ-ოვამ და თ. ც-შვილმა. მოსარჩელეების ინიციატივით, მათ მხარეზე პროცეში მესამე პირად ჩაბმულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების შემდგომ აპელანტებმა _ ჯ. ჯ-შვილმა, ს. მ-ოვამ და თ. ც-შვილმა თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართეს განცხადებით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ. 2001 წლის 1 თებერვალს საქმის მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ ც. ბ-ძემ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე წერილობითი ფორმით წარდგენილ უარზე თანხმობა განაცხადა. მთავარ სხდომას არ ესწრებოდნენ აპელანატები, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. თბილისის სალქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 თებერვლის განჩინებით ჯ. ჯ-შვილის, ს. მ-ოვას და თ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.
საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ ჯ. ჯ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება მის მიერ წარდგენილ იქნა შეცდომით. ამასთანავე, ჯ. ჯ-შვილმა 2001 წლის 9 მარტსა და 8 ივნისს განცხადებებით უარი თქვა კერძო საჩივარზე და ითხოვა წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომაზე ჯ. ჯ-შვილის კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ივნისის განჩინებებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე არ იქნა მიჩნეული დასაშვებად და დატოვებულ იქნა განუხილველად. იმავე დღეს მიღებული მეორე განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე ჯ. ჯ-შვილის კერძო საჩივრის გამო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა 2001 წლის 29 ივნისს კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 ივნისის განჩინებებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეთითა ხარვეზზე და მიეცა ვადა _ 2001 წლის 25 ივლისამდე ხარვეზის გამოსასწორებლად.
2001 წლის 24 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოში კვლავ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ივნისის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის შესაბამისად ბაჟისაგან გათავისუფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2001 წლის 29 ივნისის და 24 ივლისის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს 03.12.99წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ფართობის პრივატიზაციის ბათილად ცნობის მოთხოვნას უარი ეთქა ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის გამო. საქმის სააპელაციო პალატაში განხილვისას, 10.11.2000წ. აპელანტებმა _ ჯ. ჯ-შვილმა, ს. მ-ოვამ, თ. ც-შვილმა სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი განცხადებით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარზე და სასარჩელო მოთხოვნაზე. საქმეში მესამე პირად ჩაბმული _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 28.11.2000წ., 15.12.2000წ., 15.01.01წ., 01.02.01წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, სათანადო წესით გაფრთხილების მიუხედავად, არ გამოცხადნენ სასამართლო პროცესზე. მოწინააღმდეგე მხარემ _ ც. ბ-ძემ აპელანტთა აღნიშნულ განცხადებაზე წარადგინა წერილობითი თანხმობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის 01.02.01წ. განჩინება საპროცესო ნორმების დაცვით იქნა მიღებული. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადეს საქმის განხილვის მომზადების სტადიაზე, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, მაშინ, როდესაც სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს საქმის ზეპირი განხილვის სტადიაზე. ამდენად, საქმის შეწყვეტა თავისთავად არ საჭიროებდა პროცესის მოწვევას, უარის თქმის დასაშვებობაზე მხარეთა თანხმობის გარკვევას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარები განსაზღვრავენ დავის საგანს და თავად იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ, მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. სარჩელზე უარის თქმა არის მნიშვნელოვანი დისპოზიციური უფლება, იგი ყველა სასამართლო ინსტანციაშია დაშვებული. ამასთანავე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითYგათვალისწინებული სარჩელზე უარის თქმის შემზღუდავი პირობა ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოზე და არა ფიზიკურ პირებზე.
პალატა არ იზიარებს სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 01.02.01წ. განჩინების მიღების შესახებ სამინისტროსათვის არ იყო ცნობილი. აღნიშნული განჩინების ტექსტი 06.02.01წ. გაეგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 11.04.01წ. სასამართლო სხდომას, რომელზედაც იხილებოდა ჯ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი 01.02.01წ. განჩინებაზე, ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ამდენად, 01.02.01წ. განჩინების შინაარსი ყველა შემთხვევაში 11.04.01წ. ცნობილი იყო სამინისტროს წარმომადგენლისათვის. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს 01.02.01წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ იქნა სამინისტროს მიერ გასაჩივრებული პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრულ 12-დღიან ვადაში. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და მისი გაგრძელება არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამინისტრო პროცესში ჩართული იყო მესამე პირად, სამინისტროს პროცესუალური ინტერესები ემთხვევოდა მოსარჩელეთა (აპელანტთა) ინტერესებს, იგი არ წარმოადგენდა მოსარჩელეთა (აპელანტთა) მოწინააღმდეგე მხარეს. ამასთანავე, ჯ. ჯ-შვილის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის განცხადების განხილვისას საქმე უკვე შეწყვეტილი იყო აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, სსსკ-ის 379-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინოს საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში, ძირითადი სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის და არა საქმის შეწყვეტის განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარზე უარის თქმის განცხადების განხილვის განმავლობაში. შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, რომლის გარეშე თავის დანიშნულებას კარგავს შეგებებული სააპელაციო საჩივარი და ის უარყოფილ უნდა იქნეს. ზემოააღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 19.06.01წ. განჩინება, რომლითაც საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინიდის რაიონული სასამართლოს 03.12.99წ. გადაწყვეტილებაზე არ იქნა მიჩნეული დასაშვებად და დარჩა განუხილველად, შეესაბამება პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მოქმედი კანონმდებლობის დაცვით იქნა მიღებული აგრეთვე 19.06.01წ. განჩინება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.02.01წ. განჩინებაზე ჯ. ჯ-შვილის კერძო საჩივრის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა, კერძო საჩივრის განხილვის დაწყებამდე, რამდენიმეჯერ მიმართა სასამართლოს განცხადებით კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირთა კერძო საჩივრის შეტანის და მასზე უარის თქმის უფლება დისპოზოციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი არ ცვლის ფიზიკური პირის სარჩელის (კერძო საჩივრის) უფლების დისპოზიციურ ხასიათს.
საპროცესო კანონმდებლობის ნორმებს არ პასუხობს აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს 29.06.01წ. და 24.07.01წ. კერძო საჩივრები. საოლქო სასამართლოს 09.07.01წ. განჩინებით თავდაცვის სამინისტროს მიეთითა 29.06.01წ. კერძო საჩივრის ხარვეზზე _ კერძო საჩივრის შეტანისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე, კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შევსებისათვის. აღნიშნული განჩინება სამინისტროს წარმომადგენელმა ჩაიბარა 12.07.01წ. მიუხედავად ამისა, ხარვეზი დათქმულ დროში არ იქნა გამოსწორებული. 24.07.01წ. სამინისტრომ საოლქო სასამართლოში წარადგინა კიდევ ერთი კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა 19.06.01წ. განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. საკაასციო პალატა თვლის, რომ 24.07.01წ. კერძო საჩივარი შეტანილია სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი 12-დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების არსებობა სამინისტროსათვის ცნობილი იყო 29.06.01წ., თავდაპირველი კერძო საჩივრის შეტანის დროისათვის, რომლითაც სამინისტრო ითხოვდა 19.06.01წ. განჩინების გაუქმებას. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის «უ" ქვეპუნქტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟისაგან სარჩელებზე სხვადასხვა სახის დავალიანებათა შედეგად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე სახელმწიფო ბაჟისაგან, აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის «ს" ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საოლქო სასამართლოს 01.02.01წ. განჩინების და 19.06.01წ. განჩინებების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 29.06.01წ. და 24.07.01წ. კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.02.01წ. განჩინება და 19.06.01წ. განჩინებები.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.