Facebook Twitter

3გ-ად-50-კს-02 5 აგვისტო, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 27 ივნისს მოსარჩელეებმა: ივ. ჟ-იანმა, დ. ხ-შვილმა, თ. ჭ-ანმა და ბ. ა-ძემ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: ქ. ქუთაისის საკრებულოს, დ. ბ-ძის, გ. ა-ნის, გ. ყ-შვილის, ა. ბ-ძის, თ. ფ-შვილის, თ. გ-ძისა და დ. ს-ძის მიმართ.

მოსარჩელეებმა სარჩელში ითხოვეს ქ. ქუთაისის საკრებულოს 2002 წლის 20 ივნისის ¹8, ¹9 დადგენილებებისა და ამ დადგენილებებზე დაყრდნობით ქ. ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების ბათილად ცნობა, ხოლო მანამდე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად – მათი მოქმედების შეჩერება. აგრეთვე, მოპასუხეებისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ხუთას-ხუთასი ლარის სოლიდარულად დაკისრება.

მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითხოვეს ქ. ქუთაისის საკრებულოს უხუცესი წევრის – თ. ფ-შვილისთვის საკრებულოს სხდომების წარმართვის აკრძალვა და ამ უფლებამოსილების საკრებულოს წევრ გ. ქ-ძისთვის დავალება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 28 ივნისის განჩინებით აღნიშნული სარჩელი მიიღო წარმოებაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედება. ამავე განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, ქ. ქუთაისის საკრებულოს უხუცეს წევრ თ. ფ-შვილს აეკრძალა საკრებულოს სხდომების წარმართვა და მისი უფლებამოსილების განხორციელება დაევალა საკრებულოს წევრ გ. ქ-ძეს.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და ითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

2002 წლის 5 ივლისს მოსარჩელეებმა: ივ. ჟ-იანმა, თ. ჭ-ანმა, ბ. ა-ძემ და დ. ხ-შვილმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მიმართეს განცხადებით, რომელშიც უარი თქვეს სარჩელზე და ითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.

იმავე დღეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს დ. ბ-ძემ, გ. ა-ნმა, გ. ყ-შვილმა, ა. ბ-ძემ, თ. გ-ძემ, დ. ს-ძემ და თ. ფ-შვილმა, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 8 ივლისს განიხილა მოსარჩელეების: ი. ჟ-იანის, ი. ჭ-ანის, ბ. ა-ძის, დ.Oხ-შვილის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და გამოიტანა განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა განცხადება. მოცემულ საქმეზე შეწყდა სასარჩელო წარმოება.

ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში, არ შეიძლებოდა სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

აღნიშნულ განჩინებებზე დ. ხ-შვილმა, ი. ჟ-იანმა, თ.Oჭ-ანმა და ბ. ა-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნეს, რომ მოპასუხეებმა: საკრებულოს თავმჯდომარე დ. ბ-ძემ, საკრებულოს მდივანმა დ.Oს-ძემ და მათმა მომხრე საკრებულოს წევრებმა დადეს პირობა, რომ ქ.Oქუთაისის საკრებულო ნორმალურ პირობებში გააგრძელებდა მუშაობას, რის გამოც მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გავიდა საკმარისი დრო, მაგრამ ქ.Oქუთაისის საკრებულოს მუშაობა კვლავ პარალიზებულია, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს მდივანმა ვერ უზრუნველყვეს საკრებულოს მუშაობის ორგანიზება.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სარჩელზე უარის თქმის მიზეზი იყო ის, რომ დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებს შორის არ გამხდარიყო საკრებულოს ფუნქციონირების შეფერხების მიზეზი, მაგრამ მოსარჩელეთა კეთილმა ნებამ შედეგი ვერ გამოიღო.

კერძო საჩივრის ავტორებმა ითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 26 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 8 ივლისს გამოტანილი განჩინებით შეწყვიტა საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272_ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, რადგანაც მოსარჩელეებმა სარჩელზე თქვეს უარი.

საკასაციო სასამართლო თვლის: პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორთა განმარტება, რომ სარჩელზე მათი უარის თქმის საფუძველი იყო ის, რომ მოპასუხეებმა დადეს პირობა საკრებულოს მუშაობის ნორმალურ პირობებში გაგრძელების შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი მხარეთა შორის მორიგება კი არ იყო, არამედ მოსარჩელეებმა უარი თქვეს სარჩელზე და ამ საფუძვლით ითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც სასამართლო კოლეგიამ განახორციელა კიდეც 2002 წლის 8 ივლისის განჩინებით. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ მხარეები რაიმე პირობებზე შეთანხმდნენ, მაშინ მოსარჩელეებს საქმის შეწყვეტა უნდა მოეთხოვათ მხარეთა შორის მორიგების საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად და არა სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით, იმავე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ, რადგანაც მხარეები არ მორიგებულან და სასამართლო კოლეგიას არ მიუღია განჩინება ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად განჩინებით არ განსაზღვრულა მხარეთა შორის მორიგების პირობები, ამდენად, მოსარჩელეების მითითება მოპასუხეთა მხრიდან დადებული პირობის დარღვევისა და ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლების თაობაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოსარჩელეების: ი. ჟ-იანის, დ. ხ-შვილის, თ. ჭ-იანისა და ბ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.