3გ-ად-51-02 7 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
მსაჯულები: ი. ბუხნიკაშვილი,
ს. გამრეკელი
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹29/2002 დადგენილების, ¹151/2002 და ¹152/2002 განკარგულებების, ასევე, ცსკოს თავმჯდომარის ¹82 ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და საქართველოს ცსკოს მიერ 2002წ. 1 ოქტომბერს მიღებული ¹29/2002 დადგენილებისა ¹151/2002, ¹152/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ცსკოს თავმჯდომარის ჯ. ლ.-ის მიერ 2002წ. 1 ოქტომბერს გამოცემული ¹82 ბრძანების ბათილად ცნობაც მოითხოვა. მოსარჩელემ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ აქტების შეჩერებაც მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას უნდა გადაეგზავნოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» სპეციალური ნორმა, XI თავის 77-ე მუხლი, განსაზღვრავს საარჩევნო დავების განხილვის ვადასა და წესს. ამასთან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი კი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ასევე, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე. ვინაიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ისევე, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს განეკუთვნება, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების სათანადოდ მომზადებასა და ჩატარებას, ამდენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს, ორგანული კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დავები.
ამდენად, სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. სარჩელის გადაგზავნის შესახებ ეცნობოს მოსარჩელეს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.