3გ-ად-51-კ 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამინისტროს ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის მცხეთა-თიანეთის ფასების ინსპექციამ, 2001 წლის 20 აპრილის ¹29 ბრძანების საფუძველზე, შპს «მ-ში» სახელმწიფო რეგულირებადი ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორე შეამოწმა. შემოწმების შედეგად შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც შპს «მ-ს» საჯარიმო სანქციის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 932 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა. შემოწმების აქტი განსახილველად ფასების სახელმწიფო ინსპექციას გადაეგზავნა, რომელმაც კანონიერად მიიჩნია აქტში დაფიქსირებული დარღვევები და ბრძანების გამოსაცემად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართა.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2001 წლის 3 მაისს გამოსცა ბრძანება ¹62 (დანართით), რომლის თანახმად სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის შპს «მ-ს», «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევისათვის (საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით) 691 745,2 ლარის გადახდა დაეკისრათ. აქედან 75% საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 25% ფასების სახელმწიფო ინსპექციის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო. შპს «მ-ს» აღნიშნული ბრძანებით 3 932 ლარის გადახდა დაეკისრა. შპს «მ-ის» მიმართ სადავო ბრძანების გამოცემას სამინისტრომ ის გარემოება დაუდო საფუძვლად, რომ შპს «მ-ი» წყალზე ქ. მცხეთის გამგეობის 1996 წლის 27 დეკემბრის ¹97 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო რეგულირებადი ფასებით (ტარიფებით) სარგებლობდა, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და შესაბამისად ნორმატიულ აქტს არ წარმოადგენდა, რის გამოც ამ ტარიფების გამოყენებით მიღებული შემოსავალი უკანონო შემოსავლად უნდა მიჩნეულიყო. შპს «მ-ის» მიმართ გამოტანილი სადავო ბრძანება შესასრულებლად მცხეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციას გადაეგზავნა.
შპს «მ-მა» 2001 წლის 21 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში, რომელიც შემდეგ დააზუსტა და საბოლოოდ ზემოთდასახელებული ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მას 3 932 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის განმარტებით, შპს «მ-ი» სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა 1999 წლის 1 სექტემბერს (რეგისტრაციის ¹46/4-44). საზოგადოება დაფუძნდა მცხეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს მიერ. მისი საქმიანობის საგანია: ქ. მცხეთის წყალმომარაგება და სამშენებლო სამუშაოების შესრულება. ქ. მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1996 წლის 27 დეკემბრის ¹97 დადგენილებით დამტკიცდა კომუნალური მომსახურების ახალი ტარიფები, რომლითაც განისაზღვრა სასმელი წყლის ღირებულება სამრეწველო და სამეურნეო ანგარიშზე მყოფი ორგანიზაციებისათვის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მოსახლეობისათვის. აღნიშნული დადგენილება შესასრულებლად გადაეგზავნა მცხეთის კომუნალურ გაერთიანებას. შპს «მ-ი» გამოეყო მცხეთის კომუნალურ გაერთიანებას, მაგრამ დამტკიცებული ტარიფები დარჩა უცვლელი.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ფასების სახელმწიფო ინსპექციამ) და მცხეთა-თიანეთის ფასების ინსპექციამ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ქ. მცხეთის გამგეობის 1996წ. 27 დეკემბრის ¹97 დადგენილება, რომლითაც წყალზე კომუნალური მომსახურებისათვის რეგულირებადი ფასი (ტარიფი) დამტკიცდა, არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. შესაბამისად, უკანონოა ამ აქტის საფუძველზე მიღებული შემოსავალი, რაც შპს «მ-მა» უნდა გადაიხადოს.
მოპასუხეთა მოსაზრებას მხარი დაუჭირა საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ.
რაც შეეხება ქ. მცხეთის გამგეობას, რომელიც ასევე მესამე პირად იყო ჩაბმული საქმეში, მისი მოსაზრებით გამგეობის 1996 წლის 27 დეკემბრის ¹97 დადგენილება ვერ იქნებოდა რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, რადგან ასეთი რეესტრი ამ დროისათვის არ არსებობდა. ამასთან, შპს «მ-ს» არ შეიძლება დაკისრებოდა რაიმე გადასახადი, რადგან მას უკანონო ქმედება არ ჩაუდენია, მან შეასრულა ქ. მცხეთის გამგეობის დადგენილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «მ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველოისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 3 მაისის ¹62 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც შპს «მ-ს» 3 932 ლარის გადახდა დაეკისრა.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს «მ-ს» უკანონო მოქმედება არ ჩაუდენია. მოსარჩელეს ქ. მცხეთის გამგეობის 1996 წლის 27 დეკემბრის ¹97 დადგენილება შესასრულებლად გადაეგზავნა და მას კანონიერი ნდობა გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც დაცულ უნდა იქნეს შპს «მ-ის» კანონიერი ნდობის უფლება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის I-ლი და მე-2 ნაწილები).
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონოკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ფასების სახელმწიფო ინსპექციამ), რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის თანახმად რეგულირებადი ფასი (ტარიფი) დგინდება ნორმატიული აქტით, რომელიც «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს და გატარდეს რეგისტრაციაში.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი კანონიერი ნდობის უფლების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად მიიჩნია, რომ ქ. მცხეთის გამგეობა 1996 წლის 27 დეკემბრის ¹97 დადგენილების მიღებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა და უფლებამოსილი იყო წყალზე სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) დაედგინა, ვინაიდან «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს 1993 წლის კანონის თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ ფასწარმოქმნის ეკონომიკური პირობების რეგულირებას ისეთი პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ეკონომიკის სტაბილიზაციისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით ცალკეული სახეობის საქონლისა და მომსახურებაზე სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) დაწესება (კანონის მე-6 მუხლის I-ლი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ქ. მცხეთის გამგეობის 1996 წლის 27 დეკემბრის ¹97 დადგენილება არ წარმოადგენს ნორმატიული აქტს, რადგან არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და განმარტავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონი, რომელიც ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს, ამოქმედდა 1997 წლის 1 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ქ. მცხეთის გამგეობის დადგენილება, როგორც ნორმატიული აქტი, უკვე გამოცემული იყო და მოქმედებდა. ამ დროისათვის საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი არ არსებობდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «მ-ს» ქ. მცხეთის გამგეობის 1996 წლის 27 დეკემბრის ¹97 დადგენილებით დამტკიცებული წყალზე რეგულირებადი ფასის (ტარიფის) გამოყენებით უკანონო შემოსავალი არ მიუღია, რის გამოც საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 3 მაისის ¹62 ბრძანება შპს «მ-ისათვის» 3932 ლარის დაკისრების შესახებ უკანონოა. ამასთან, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ვინაიდან შპს «მ-ს» თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომელიც საოლქო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დღეისათვის შპს «მ-ი» იყენებს ქ. მცხეთის გამგეობის 2000წ. 28 აპრილის ¹42 დადგენილებით დამტკიცებულ წყალზე რეგულირებად ფასებს (ტარიფებს), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ნორმატიცლი აქტების სახელმწიფო რეესტრში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების გამოყენების თაობაზე და განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლება შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დაპირების შემთხვევაში რაიმე ქმედების შესასრულებლად. ეს არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტთან. ნორმატიული აქტების მიღებისა და ამოქმედების პროცედურა და წესი დადგენილია შესაბამისი კანონმდებლობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.