Facebook Twitter

¹ 3გ-ად-52-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

მსაჯულები: შ. მამფორია,

ნ. კალაძე

დავის საგანი:

1. ცსკოს 2002წ. 28 ოქტომბრის სხდომის საოქმო ჩანაწერის (ადმინისტრაციული აქტის) გაუქმება. 2. სოციალისტური პარტიის მიერ 2002წ. 3, 4, 6, 8 და 10 ივნისს ცსკოში შეტანილი საჩივრების განხილვისა და თითოეულზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დავალება.

აღწერილობითი ნაწილი:

29.10.02წ. სოციალისტურმა პარტიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ცსკოს 28.10.02წ. სხდომის საოქმო ჩანაწერის (ადმინისტრაციული აქტის) გაუქმება და სოციალისტური პარტიის მიერ 2002წ. 3, 4, 6, 8 და 10 ივნისს ცსკოში შეტანილი საჩივრების განხილვისა და თითოეულზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დავალება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალისტური პარტის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ითხოვს 02.06.02წ. ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების განხილვას, თითოეულ საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციით ახდენს საარჩევნო დავების განხილვას საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლი, რომელიც საარჩევნო დავების განსჯადობისა და განხილვის წესს განსაზღვრავს, იმპერატიულად ადგენს, რომ ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის საკრებულოს 02.06.02წ. არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ცსკოს მიერ შეტანილი საჩივრების განხილვას, თითოეულ მათგანზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, ცსკოს 28.10.02წ. სხდომის საოქმო ჩანაწერების გაუქმებას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით თბილისში იქმნება ერთი საარჩევნო ოლქი, 115-ე მუხლის მე-5 პუქნტის თანახმად თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ცსკო ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლი ადგენს, რომ ცსკო არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და გონივრულ განხორციელებას, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვარონ გამოყენებას. ამდენად, ცსკო არის საქართველოს უმაღლესი საარჩევნო ორგანო, უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაცია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ცსკო ადმინისტრაციული აქტები განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალისტური პარტიის სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალისტური პარტიის სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოს მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.