გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-52-კ-02 19 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: 1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მცხეთა-მთიანეთის ფასების ინსპექციის აქტის ბათილად ცნობა; 2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მცხეთა-მთიანეთის ფასების ინსპექციის 2001წ. 28 თებერვლის ¹4 ბრძანების შესაბამისად, ინსპექციის მთავარმა სპეციალისტმა შეისწავლა სახელმწიფო რეგულირებადი ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორე შპს «.. ..-ში» და 2001წ. 19 მარტის აქტით დააფიქსირა, რომ «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის I ნაწილის თანახმად, 2000 წელს საწარმოს მიერ გარე განათების მომსახურების სამუშაოებისათვის ფაქტობრივად მიღებული თანხა 2000 ლარი, როგორც უკანონო შემოსავალი და ამავე რაოდენობის ჯარიმის თანხა, სულ 4000 ლარი, ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას, ვინაიდან საწარმო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა ქ. მცხეთის გამგეობის მიერ 1999წ. 30 ნოემბერს მიღებული ¹107 დადგენილებით «კომუნალური მომსახურების ახალი ტარიფების შესახებ», რომელიც არ იყო რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
შემოწმების აქტს არ დაეთანხმა შპს «მცხეთის კომუნალური გაერთიანება”, რომელიც მცხეთის საბინაო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანების ბაზაზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის სამმართველოს მიერ დაფუძნებული და 2000წ. 9 მარტს მცხეთის რაიონულ სასამართლოში რეგისტრირებული საწარმოა. საწარმო 2000წ. 4 იანვარს დადებული ¹2 ხელშეკრულების საფუძველზე ქ. მცხეთის საკრებულოს გამგეობას უწევდა ქ. მცხეთის ტერიტორიაზე გარე განათების მომსახურების სამუშაოებს.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მცხეთა-მთიანეთის ფასების ინსპექციის 2001წ. 19 მარტის შემოწმების აქტისა და სხვა წერილობითი მასალების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2001წ. 3 მაისს გამოსცა სადავო ბრძანება ¹62, რომლის მიხედვითაც «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შპს «.. ..-ის» ანგარიშიდან ამოღებას დაექვემდებარა კანონმდებლობის დარღვევით, უკანონოდ მიღებული 4000 ლარი.
შპს «.. ..-ამ» 2001წ. 19 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მცხეთა-მთიანეთის ფასების ინსპექტორის 2001წ. 19 მარტის აქტისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ¹62 ბრძანების ბათილად ცნობა უკანონობის მოტივით, რადგან «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის შესაბამისად, საწარმო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა მცხეთის საკრებულოს გამგეობის 1999წ. 30 ნოემბრის ¹107 დადგენილებით «კომუნალური მომსახურების ახალი ტარიფების დამტკიცების შესახებ», რომლის მე-4 პუნქტითაც გარე განათების 1 წერტილის მომსახურების (ელ. ენერგიის გარეშე) ტარიფი განისაზღვრა 3,94 თეთრით და რომლითაც შეიცვალა ქ.მცხეთის საკრებულოს 1999წ. 2 აპრილის ¹15 გადაწყვეტილებით. დადგენილი ტარიფი. მოსარჩელის აზრით, მისთვის «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონით 4000 ლარის, როგორც უკანონო შემოსავლის, ამოღების დაკისრება უმართებულოა, რადგან ტარიფების შესახებ მცხეთის საკრებულოს გამგეობის ¹107 დადგენილების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია საწარმოს მოვალეობას არ წარმოადგენს და გამგეობის მხრიდან მისი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა მას ვერ დაეკისრება.
ამჟამად მოქმედი «ქ. მცხეთის კომუნალური მომსახურების ტარიფების შესახებ» მცხეთის რაიონის საკრებულოს 2001წ. 30 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება ¹7, 2001წ. 7 მაისს რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
მოპასუხეებმა _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და ამ სამინისტროსთან არსებულმა ფასების სახელმწიფო ინსპექციამ სარჩელი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 54-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მცხეთის გამგეობის ¹107 დადგენილებით დამტკიცებულ ტარიფს იურიდიული ძალა არა აქვს და უკანონო ტარიფის გამოყენების მიღებული მთლიანი შემოსავალი, ჯარიმასთან ერთად ექვემდებარება ბიუჯეტში ამოღებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «.. ..-ის» სარჩელი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მოსარჩელის შემოწმების 2001წ. 19 მარტის აქტი და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ¹62 ბრძანება (მოსარჩელის ნაწილში) შემდეგი საფუძვლით:
1. მოსარჩელე – შპს «.. ..-ის» მხრიდან ადგილი არ ჰქონია «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის დარვევას, ვინაიდან მოსარჩელე, როგორც მეწარმე სუბიექტი არ იყო ვალდებული გადაემოწმებინა ქ.მცხეთის გამგეობის ¹107 დადგენილების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის საკითხი;
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ¹62 ბრძანება მოსარჩელის მიმართ არ აღსრულებულა, 4000 ლარი არ ყოფილა ამოღებული ბიუჯეტის სასარგებლოდ და არც დღეისათვის არსებობს ამ თანხის ამოღების იურიდიული საფუძველი;
3. ტარიფების დამტკიცების შესახებ ქ.მცხეთის გამგეობის ¹107 დადგენილების, როგორც წერილობითი დოკუმენტის, ოფიციალური გადაგზავნით მოსარჩელეს წარმოეშვა კანონიერი ნდობის უფლება მმართველობის ადგილობრივი ორგანოსა და მისი ნორმატიული აქტის მიმართ. შპს «.. ..-ის» შემოწმების დროისათვის, 2001წ. 19 მარტისათვის, უკვე მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და შესაბამისად, მისი მე-9 მუხლი- «კანონიერი ნდობის უფლება», რაც კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია. მოსარჩელეს ¹107 დადგენილებისადმი კანონიერი ნდობის უფლება წარმოეშვა და ადგილი არა აქვს მოსარჩელის მხრიდან არაკანონიერ მოქმედებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულმა ფასების სახელმწიფო ინსპექციამ, ითხოვს მის გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი მოტივით:
1. სატარიფო რეჟიმის იმპერატიულობა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლიდან, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ხელისუფლების განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება სატარიფო რეჟიმის მიხედვით ცალკეული დარიგებისა და მომსახურების სახელმწიფო რეგულირება, რომლის განხორციელების მექანიზმს განსაზღვრავს «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონი, ნორმატიული აქტის სტატუსის მქონე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998წ. ¹55 და ¹56 ბრძანებები, სემეკ-ისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული გადაწყვეტილებები ტარიფების დამტკიცების თაობაზე.M ამა თუ იმ მომსახურებაზე ტარიფის დადგენა ნიშნავს, რომ მომსახურების ეს სახე სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებად რეჟიმშია მოქცეული, ნორმატიული აქტით დადგენილი ტარიფი სავალდებულო და აუცილებელია ქალაქის, რაიონის ან დარგის ფარგლებში მომსახურების განმახორციელებელი მხარეთათვის, ამიტომ ტარიფი «ფარდობით იმპერატიული ნორმა» კი არ არის, არამედ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ დადგენილი რეგულირებადი ტარიფი (ფასი) იმპერატიული ნორმის ყველა ფუნქციის მატარებელია;
2. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მითითებულ მოსარჩელის კანონიერი ნდობის ულების აღიარებას და «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რადგან მეწარმე თავად არის ფასწარმოქმნის სუბიექტი, მიაჩნია, რომ მეწარმე არა მარტო გაანგარიშებას წარუდგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ტარიფების დამტკიცებაში, ამიტომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 53-ე პუნქტის მოთხოვნა ტარიფის დამტკიცების თაობაზე ნორმატიულ აქტის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისა და გამოქვეყნების აუცილებლობის შესახებ;
3. კასატორის აზრით თუ სასამართლო სარჩელს დასაბუთებულად მიიჩნევდა, გასაჩივრებული აქტი ბათილად უნდა ეცნო და არა ძალადაკარგულად.
მოწინააღმდეგე მხარემ – შპს «.. ..-ამ», საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილ შეპასუხებაში საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება – დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს «.. ..-ის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე – შპს «.. ..» საქმიანობაში სარგებლობდა ქ. მცხეთის გამგეობის მიერ 1999წ. 30 ნოემბერს ¹107 დადგენილებით დამტკიცებული კომუნალური მომსახურების ახალი ტარიფებით, რომლითაც გარე განათების 1 წერტილის მოსახურებაზე (ელ. ენერგიის გარეშე) განისაზღვრა ტარიფი 3.94 თეთრი. ახალი ტარიფების დამტკიცების შესახებ მცხეთის გამგეობის ¹107 დადგენილება «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის დარღვევას, ვინაიდან მოსარჩელე, როგორც მეწარმე, არ იყო ვალდებული გადაემოწმებინა მცხეთის გამგეობის ¹107 დადგენილების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის საკითხი და მოსარჩელეს კონკრეტულ შემთხვევაში მცხეთის გამგეობის მიმართ წარმოეშვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის უფლება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ ქვეყანაში სატარიფო რეჟიმის იმპერატიულობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის I პუნქტის «ვ» ქვეპუნქტითან გამომდინარეობს და მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება სატარიფო რეჟიმის მიხედვით ცალკეული დარგებისა და მომსახურების ფასების სახელმწიფო რეგულირება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებად რეჟიმში მოქცეული ტარიფი სავალდებულოა ამ დარგის მოსახურების განმახორციელებელი მხარეთათვის (მეწარმე სუბიექტებისათვის), ამიტომ კანონმდებლობა ტარიფის შემუშავება- დამტკიცების მკაცრ რეგლამენტაციას იძლევა, რომლის დაცვაც ასევე მნიშვნელოვანია ტარიფის, როგორც სახელმწიფო რეგულირებული ფასის იმპერატიულობისათვის.
«ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის I ნაწილისა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მცხეთის გამგეობა, როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ფასწარმოქმნის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას განსაზღვრავს საბინაო-კომუნალური, საყოფაცხოვრებო და სხვა კომუნალური (მათ შორის გარე განათების) მომსახურების ტარიფებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო შპს “.. ..”, როგორც მეწარმე, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, თავად წარმოადგენს ფასწარმოქმნის სუბიექტს და ასევე მონაწილეობს ფასების განსაზღვრაში.
კერძოდ, «სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ» საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998წ. ¹55 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ფასის (ტარიფის) პროექტი დგება იმ მეწარმის მიერ წარდგენილი მასალების (გაანგარიშების) საფუძველზე, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ ეკონომიკურ საქმიანობას. მეწარმის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე შემუშავებული რეგულირებადი ფასის (ტარიფის) პროექტს სამინისტრო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო შესათანხმებლად ოფიციალურად წარუდგენს ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო დებულების მე-7 პუნქტის მიხედვით: «რეგულირებადი ფასები (ტარიფები) ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ მტკიცდება და ძალაში შედის სამინისტროს (უწყების) ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად». «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 53 და 54-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით კი ადგილობრივი მმართველობის ორგანო ვალდებულია ნორმატუილი აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გაატაროს იგი საქართველოს ნორმატული აქტების სახელმწიფო რეესტრში და ამავე კანონის 44-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტი შედის კანონიერ ძალაში. ამდენად, სახელმწიფო რეგულირებადი ფასის იმპერატიულობისათვის აუცილებელია ტარიფის დამდგენი ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირება.
მართალია, მცხეთის გამგეობის ¹107 დადგენილება ახალი ტარიფების თაობაზე, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-12 და «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს _ მცხეთის გამგეობის მიერ, მაგრამ ვინაიდან დადგენილება, როგორც ნორმატიული აქტი, რეგისტრირებული არ არის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 44-ე მუხლის მიხედვით, დადგენილებას არ შეუძენია იურიდიული ძალა და შესაბამისად, არც დადგენილებით დამტკიცებული ახალი ტარიფი, როგორც სახელმწიფო რეგულირებული ფასი, არ აღჭურვილა იმპერატიულობით, ყველასათვის სავალდებულო შესრულებით. «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, შპს “.. ..” რადგან თავად წარმოადგენს ფასწარმოქმნის სუბიექტს და მონაწილეობს სახელმწიფოს მხრიდან ფასების რეგულირების პროცესში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოტივს, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა და ვალდებულიც იყო სცოდნოდა ტარიფების დამტკიცება – ძალაში შესვლის საკანონმდებლო პროცედურა (მექანიზმი) და ვინაიდან გამგეობიდან გამოგზავნილ ¹107 დადგენილებას არ ესვა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შტამპი, კოდითა და რეგისტრაციის თარიღის აღნიშვნით, მოსარჩელეს საქმიანობაში არ უნდა ეხელმძღვანელა ასეთი ტარიფით, როგორც იურიდიული ძალის არმქონე, უკანონო ტარიფით. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, კანონიერი ნდობის უფლებაზე მითითება უმართებულოა და მცხეთის გამგეობის მიერ ახალი ტარიფის მოქმედი კანონმდებლობის უგულვებელყოფით მიღება – “.. ..-ის” კანონიერი ნდობის საფუძველი ვერ გახდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შ.პ.ს. “.. ..-ას” უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მცხეთა-მთიანეთის ფასების ინსპექციის 2001წ. 19 მარტის აქტისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ¹62 ბრძანების ბათილად ცნობაზე, ვინაიდან არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი და კანონიერ ნდობაზე მითითება უმართებულოა. “.. ..”, როგორც ფასწარმოქმნის სუბიექტი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა და შეესრულებინა მოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი და იურიდიულ ძალის მქონე ტარიფი,Mმისი მხრიდან ადგილი აქვს “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის დარღვევას, უკანონო ტარიფების გამოყენებას, ამიტომ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, უკანონო ტარიფით მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი და იგივე რაოდენობის ჯარიმა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის საკასაციო საჩივარი;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს “.. ..-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს “.. ..-ას” უარი ეთქვას მცხეთა-მთიანეთის ფასების ინსპექციის 2001წ. 19 მარტის აქტისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 3 მაისის ¹62 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე;
5. შპს “.. ..-ას” საკასაციო საჩივარზე დაეკსროს სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდა;
6. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.