Facebook Twitter

ცსკოს განკარგულება; განსჯადობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-53-02 5 ნოემბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები: ლ. თევზაძე,

გ. ოგანოვი

დავის საგანი: 1. ცსკოს 2002წ. 1 ნოემბრის «2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის” ბათილად ცნობა; 2. «2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს 2002წ. 1 ნოემბრის ¹ 160/2002 განკარგულების ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 4 ნოემბერს მოსარჩელე _ საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე – საქართველოს ცსკოს მიმართ და მოითხოვა:

1. ცსკოს 2002წ. 1 ნოემბრის «2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის” ბათილად ცნობა;

2. «2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს 2002წ. 1 ნოემბრის ¹ 160/2002 განკარგულების ბათილობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სარჩელისა და საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის დარღვევით და იგი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ითხოვს 2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ ცსკოს 2002წ. 1 ნოემბრის ¹160/2002 განკარგულების ბათილად ცნობას. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეხება ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

2. «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს საარჩევნო დავების განხილვას, მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის, რომელიც საარჩევნო დავების განსჯადობასა და განხილვის წესს განსაზღვრავს, მე-2 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: «საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში”.

ვინაიდან განსახილველი დავის საგანი – ცსკოს ¹160/2002 განკარგულება და 2002წ. 1 ნოემბრის შემაჯამებელი ოქმი სამართლებრივად არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებას ეხება, ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეტანილია განსჯადობის დარღვევით;

3. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ საარჩევნო კომისიების განკარგულებათა სასამართლოში გასაჩივრების განსჯადობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით რეგლამენტირებული არ არის, მაგრამ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ზოგად ნორმას, რომლის მიხედვითაც: “საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო ცსკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში”.

2002წ. 2 ივნისს ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნები, საარჩევნო კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩატარდა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ქ. თბილისში შეიქმნა ერთი საარჩევნო ოლქი, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ცსკო ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს და სადავო 2002წ. 1 ნოემბრის შემაჯამებელი ოქმითა და ¹160/2002 განკარგულებით ცსკომ დაადგინა ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები და დაამტკიცა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო – ცსკო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით არის “მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას”. ამდენად, ცსკო არის საქართველოს უმაღლესი საარჩევნო ორგანო, უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაცია, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, ცსკოს ადმინისტრაციული აქტები განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ანალოგიურად საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) საბჭოს დადგენილებებისა და საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლითა და 26-ე მუხლის I-II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალისტური პარტიის სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.