Facebook Twitter

3გ-ად-53-კ-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 21 მაისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შვიდმა ფიზიკურმა პირმა: მ. ფ-ძემ, დ. ო-ძემ, ნ. ვ-შვილმა, შ. კ-შვილმა, ა. ტ-მ, ა. ფ-ძემ, კ. მ-შვილმა მოპასუხეების: საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ამავე სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელეები ითხოვდნენ სამუშაოზე აღდგენას, კუთვნილი ხელფასებისა და პრემიების ანაზღაურებას, სამუშაოზე თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობასა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.

აღნიშნული საქმის მასალები განსჯადობით პირველი ინსტანციის წესით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 5 ივნისის განჩინებით სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფისა და სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის თაობაზე სარჩელი წარმოებაში მიიღო იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას. სარჩელი ცალკე წარმოებად გამოიყო იმ ნაწილში, რომლებიც სხვა მოთხოვნებს შეიცავდა და გადაწყდა, რომ ამ ნაწილში დავა რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2001 წლის 3 აგვისტოს განჩინებით აღნიშნული სარჩელი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში განსახილველად განსჯადობით დაუქვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ხოლო სარჩელი შრომით-სამართლებრივი დავის ნაწილში _ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

2001 წლის 3 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს იმავე მოსარჩელეებმა მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიმართ და ითხოვეს ამავე სამინისტროს 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების ბათილად ცნობა.

2001 წლის 3 ოქტომბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე ხუთმა პირმა: მ. ფ-ძემ, შ. კ-შვილმა, დ. ო-ძემ, ა. ტ-მ, ა. ფ-ძემ სასამართლო კოლეგიას მიმართეს განცხადებით სარჩელზე უარის თქმის თაობაზე.

სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების: მ. ფ-ძის, შ. კ-შვილის, დ. ო-ძის, ა. ტ-ის, ა. ფ-ძის სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

2001 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე კ. მ-შვილის წარმომადგენელმა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც სასამართლო კოლეგიამ 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე კ. მ-შვილის სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა.

2001 წლის 5 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი შეიტანა მოსარჩელე ნ. ვ-შვილმა მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ითხოვა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების 22-ე, 26-ე და მე-9 მუხლების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ვ-შვილის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო საჩივარში ნ. ვ-შვილმა ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი, კერძოდ, «საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ» საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, მე-14 მუხლი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, აგრეთვე, ბათილად იქნება ცნობილი მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში 2000 წლის 8 ნოემბერს ჩატარებული კონკურსი და მისი შედეგები.

კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია არ არის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და არც _ ტერიტორიული ორგანო. კასატორის აზრით, იგი არის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, საგადასახადო ორგანო, დამოუკიდებელი იურიდიული პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, კასატორს მიაჩნია, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია ყველა თავისი ნიშნით შეესაბამება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 84-ე მუხლის «ე» პუნქტით დასახელებულ სახელმწიფო დაწესებულებას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძველი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია არ არის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, არც ტერიტორიული ორგანო და, რომ იგი ყველა თავისი ნიშნით შეესაბამება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 84-ე მუხლის «ე» პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაწესებულებას.

საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 9 ივნისის ¹102 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის დებულების 1.1 მუხლის თანახმად მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია არის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული პირის სტატუსის მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მოხელეთა, როგორც სამთავრობო დაწესებულებების მოხელეთა, ატესტირება არ უნდა განხორციელებულიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 84-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, როგორც ამას მიუთითებდა კასატორი თავის საკასაციო საჩივარში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსმა 2000 წლის 23 მაისის ¹114 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა ამავე სამინისტროს მინისტრი. თავის მხრივ, მინისტრმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში 2000 წლის 15 ივნისს გამოსცა ¹103 ბრძანება «საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის» დამტკიცების შესახებ. მითითებული აქტის შინაარსიდან და სახელწოდებიდან გამომდინარე, აღნიშნული აქტი ეხებოდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში მომუშავე საგადასახადო ორგანოების მოხელეებს ანუ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში დასაქმებულ მოხელეებსაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული აქტის გამოცემით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო არ გაცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.