3გ/ად-53-კს-01 4 დეკემბერი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; განჩინების განმარტება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 2 იანვარს შპს «ა-ს» დირექტორმა ნ. ს-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის რეგიონალური განყოფილების (შემდგომში ლეგიონი) მიმართ, შემდეგი საფუძვლით: საგანგებო ლეგიონის უფროსის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹58 დავალების შესაბამისად, 2001 წლის 3 იანვარს შპს «ა-ში» შემოწმების მიზნით შევიდნენ საგანგებო ლეგიონის ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიერ საწარმოში ჩატარებული დათვალიერებისა და შემოწმების შემდეგ, 2001 წლის 18 იანვარს, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, საგანგებო ლეგიონის უფროსისა და იმერეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საწარმოს ბუღალტერიიდან ამოღებულ იქნა შპს «ა-ს» დოკუმენტაცია, რაც კანონიერად ცნო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 19 იანვრის დადგენილებით ამოღების ჩატარების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას და თვითნებურად ამოიღეს არა მარტო ის დოკუმენტები, რომლებიც მითითებული იყო ამოღების ოქმში, არამედ შპს «ა-ს» ბოლო 2 წლის მთელი საბუღალტრო დოკუმენტაცია 102 ტომი, რამაც პრობლემები შეუქმნა საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ითხოვდა საწარმოდან ამოღებული დოკუმენტების დაბრუნებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 8 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა შპს «ა-ს» სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-მ».
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «ა-ს» სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და შემოწმების ოცდღიანი ვადის გასვლის გამო, საგანგებო ლეგიონს დაეკისრა მის მიერ უსაფუძვლოდ შენახული დოკუმენტაციის შპს «ა-სათვის” დაბრუნება, რაც თავის მხრივ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის განყოფილებამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, შემოწმების ვადის გასვლის გამო საგანგებო ლეგიონის მიერ უსაფუძვლოდ შენახული საბუღალტრო დოკუმენტების შპს «ა-სათვის” დაბრუნების შესახებ.
2001 წლის 31 აგვისტოს შპს «ა-მ» განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მიუთითა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საგანგებო ლეგიონი დოკუმენტაციას არ აბრუნებს, უმოტივოდ ახდენს დოკუმენტების ქსეროასლების გადაღებას, რითაც ზიანი ადგება საწარმოს. ამასთან მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის საფუძველზე, აპირებენ სარჩელის აღძვრას საგანგებო ლეგიონისაგან ზიანის სახით _ 500001 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვეს უკანონოდ ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტების (სულ 102 წიგნი) დაუყოვნებლივ დაბრუნება და საგანგებო ლეგიონისათვის ამ დოკუმენტებზე ქსეროასლების გადაღების აკრძალვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2001 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, საგადასახადო დეპარტამენტის საგანგებო ლეგიონს აეკრძალა შპს «ა-დან” უკანონოდ ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტების ქსეროასლების გადაღება და დაევალა დოკუმენტების (102 წიგნი) დაუყონებლივ «ა-სათვის” დაბრუნება, ხოლო შპს «ა-ს» განცხადების საფუძველზე, 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ განმარტა, რომ შპს «ა-ს» უნდა დაბრუნებოდა არა მარტო ამოღებული ბუღალტრული დოკუმენტები (102 წიგნი), არამედ გადაღებული ქსეროასლებიც.
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის რეგიონალურმა განყოფილებამ 2001 წლის 9 სექტემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა ორი კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 31 აგვისტოსა და 3 სექტემბრის განჩინებებზე და მოითხოვა მათი გაუქმება.Qკერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განხილული საქმე სისხლის სამართლის საქმეა, ამიტომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 19 იანვრის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების კანონიერების ცნობის შესახებ, საბოლოო იყო და გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა. ლეგიონის მითითებით, საქალაქო სასამართლოს 19 იანვრის დადგენილების საფუძველზე საბუღალტრო დოკუმენტების ამოღება მოხდა კანონიერად, ამიტომ ამ პერიოდში გადაღებული ქსეროასლები კანონიერია, მათი გადაღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-5 ნაწილის, «ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის «ბ» და «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც ქსეროასლები არ უნდა იქნეს დაბრუნებული. Aამასთან, ლეგიონის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დოკუმენტების დაბრუნების შემთხვევაში «ა-ს» მიერ მოხდება არასასურველი მასალების განადგურება და პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენა. რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტაციას, მათი დაბრუნების კანონიერებას ლეგიონი არ უარყოფს და აცხადებს, რომ დოკუმენტები უკვე მიღებული აქვს შპს «ა-ს». მეორე კერძო საჩივარში ლეგიონი მიუთითებს, რომ განჩინების განმარტების დროს ისინი არ მოუწვევიათ სხდომაზე და საერთოდ, სასამართლოს აქვს გადაწყვეტილების და არა განჩინების განმარტების უფლება.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2001 წლის 12 სექტემბრის განჩინებებით არ დააკმაყოფილა 2001 წლის 31 აგვისტოსა და 3 სექტემბრის კერძო საჩივრები, რის გამოც კერძო საჩივრები განსახილველად გადმოეგზავნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატას საქმის მასალებისა და კერძო საჩივრების გაცნობის, საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 31 აგვისტოს, 3 და 12 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «ა-ს» განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის რეგიონალურ განყოფილებას დაევალა უკანონოდ ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტების (102 წიგნი) შპს «ა-სათვის” დაუყოვნებლივ დაბრუნება, ლეგიონს ასევე აეკრძალა საბუღალტრო დოკუმენტებიდან ქსეროასლების გადაღება. ლეგიონის მიერ უსაფუძვლოდ შენახული საბუღალტრო დოკუმენტების შპს «ა-სათვის” დაბრუნება, თავის მხრივ წარმოადგენდა შპს «ა-ს» სასარჩელო მოთხოვნას ამავე ლეგიონის მიმართ, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით. ამდენად, ლეგიონის მიერ შპს «ა-სათვის” უსაფუძვლოდ ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტების (102 წიგნი) უკან დაბრუნების შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ექვემდებარება აღსრულებას, ხოლო ამავე კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს აღარ შეუძლიათ ხელახლა დააყენონ სასამართლოში იგივე მოთხოვნები, იგივე საფუძვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან კანონიერ ძალაშია შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება უკანონოდ შენახული საბუღალტრო დოკუმენტების (102 წიგნის) შპს «ა-სათვის” ლეგიონის მიერ დაბრუნების თაობაზე, ზემოაღნიშნული კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, შპს «ა-ს» პროცესუალურად აღარ შეეძლო, თუნდაც სარჩელის უზრუნველყოფის სახით, იგივე მოთხოვნა დაეყენებინა სასამართლოში ლეგიონის მიმართ. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ყველასათვის სავალდებულოა აღსასრულებლად, მათ შორის საგანგებო ლეგიონისთვისაც, მაგრამ თუ იგი ნებაყოფლობით არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, შპს «ა-ს» შეეძლო გადაწყვეტილების აღსრულება მოეხდინა იძულებითი წესით, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე შპს «ა-ს» შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ლეგიონის მიერ უკანონოდ ამოღებული დოკუმენტების (102 წიგნის) «ა-სათვის» დაბრუნების შესახებ, დაუშვებელია და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 31 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
2. საკასაციო პალატა ასევე საფუძვლიანად მიიჩნევს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ამავე კოლეგიის 2001 წლის 3 სექტემბრის «განჩინების განმარტების შესახებ» განჩინების გაუქმების თაობაზე და იზიარებს კერძო საჩივრის მოტივს ამ განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღების თაობაზე. სახელდობრ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტისას გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული და აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტებას, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა და 262-ე მუხლში გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნების საოლქო სასამართლოს მიერ განვრცობით განმარტებას და მასში განჩინების მოაზრებას, საკასაციო პალატა უსწორობის გამო არ იზიარებს.
საკასაციო პალატა აგრეთვე ეთანხმება ლეგიონის კერძო საჩივარს განჩინების განმარტების პროცედურული დარღვევით გამოტანის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყდება სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეტყობინებით, თუმცა მათი გამოუცხადებლობა განმარტების საკითხის გადაწყვეტას ვერ დააბრკოლებს. საქმეში მე-14 ფურცელზე წარმოდგენილია ლეგიონის სახელზე გამოწერილი სასამართლო უწყება, რომელიც 2001 წლის 3 სექტემბერს გადაეცა დ. ფ-იას საგანგებო ლეგიონისათვის ჩასაბარებლად. საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომა განჩინების განმარტების საკითხის გადასაწყვეტად ჩანიშნული იყო და ჩატარდა იმავე დღეს _ 2001 წლის 3 სექტემბერს, რასაც ლეგიონის წარმომადგენელი არ დასწრებია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგან მხარეს _ ლეგიონს სასამართლო უწყება გაუგზავნა სხდომის დრეს _ 3 სექტემბერს და არ მისცა საკმარისი დრო სასამართლოში გამოსაცხადებლად და პროცესისათვის მოსამზადებლად. ამასთან, საქმეში მე-14 ფურცელზე წარმოდგენილი სასამართლო უწყებით არ დასტურდება ამ უწყების საგანგებო ლეგიონისათვის ჩაბარების ფაქტი, მასზე არ არის ლეგიონის წარმომადგენლის ხელმოწერა, დამოწმებული სამსახურის ბეჭდით. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლეგიონი არ იყო სასამართლოს მიერ სათანადო წესით გამოძახებული სასამართლო სხდომაზე, «განჩინების განმარტების შესახებ» განჩინება საპროცესო ნორმების დარღვევითაა გამოტანილი მხარის _ საგანგებო ლეგიონის სათანადო გამოძახების გარეშე, კერძო საჩივარი ამ ნაწილშიც საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინება «განჩინების განმარტების შესახებ».
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის რეგიონალური განყოფილების კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 31 აგვისტოს, 3 და 12 სექტემბრის განჩინებები.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.