3გ/ად-54-კ-ს-02 9 აგვისტო, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება; საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 7 ივნისს კასპის რაიონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კასპის რეგიონალური ორგანიზაციის წევრებმა გ. გ-შვილმა, ლ. ზ-ძემ, ა.Oბ-ძემ, ბ. ბ-აურმა, ბ. დ-იანმა, მ. მ-ძემ, ნ.Oც-ძემ და კასპის მერობის კანდიდატმა ა. ბ-შვილმა სარჩელი აღძრეს კასპის რაიონულ სასამართლოში კასპის ¹1 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ი.Oა-ის, კასპის ¹3 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის გ.Oდ-ის, კასპის ¹4 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ლ.Oს-ის მიმართ და მიუთითეს, რომ კასპში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის არჩევნები ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევით. კერძოდ, ამომრჩეველთა სიები შედგა წინა არჩევნების მონაცემებით და ისინი საარჩევნო უბნებში გაიკრა არა 30 დღით ადრე, არამედ არჩევნების დღეს; საარჩევნო უბნებში არ დარიგდა ამომრჩეველთა ბარათების 5% და გაიცა საარჩევნო ბიულეტენებისა და კონვერტების დაშვებულ 3%-ზე მეტი ოდენობა, საარჩევნო კომისიის წევრებს შორის არ განაწილდა ფუნქციები; მოქალაქეები ხმას აძლევდნენ საბინაო-საექსპლოატაციო კანტორების მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე; ¹3 საარჩევნო უბანში არასწორად ხდებოდა ხმების დათვლა; ¹1, ¹2, ¹3 საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ოთახში იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, დეპუტატობის დამოუკიდებელი და “ა-ის” კანდიდატები; ¹1 საარჩევნო უბანში კენჭისყრისას ნამდვილ ბიულეტენებს შეურიეს ყალბი ბიულეტენები. საბოლოოდ, სასარჩელო განცხადებით მათ მოითხოვეს ¹1, ¹2, ¹3, ¹4 საარჩევნო უბნებში ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და არჩევნების შედეგების გაყალბებისათვის საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების პასუხისმგებლბის საკითხის დაყენება. სასამართლო პროცესზე მათ დააზუსტეს სარჩელი და მოითხოვეს ¹1 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმება და ¹2, ¹3, ¹4 უბნებზე ბიულეტენების გადათვლა.
კასპის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მოსარჩელეებმა: კასპის რაიონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კასპის რეგიონალური ორგანიზაციის წევრებმა გ. გ-შვილმა, ლ. ზ-ძემ, ბ.Oბ-აურმა, ბ. დ-იანმა, მ. მ-ძემ, ნ.Oც-ძემ და კასპის მერობის კანდიდატმა ა. ბ-შვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002 წლის 1 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; გააუქმა კასპის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და აღნიშნულ საქმეზე (¹3ბ-990) შეწყვიტა წარმოება.
2002 წლის 18 ივლისს მოსარჩელეებმა თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანეს კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002 წლის 1 ივლისის განჩინებაზე.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ განჩინება უკანონო და გასაუქმებელია შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ თითქოს კერძო საჩივრის ავტორებს ანალოგიური საჩივრით უკვე მიმართული ჰქონდათ კასპის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის, ე.ი. თითქოსდა მათ კასპის ¹1, ¹2, ¹3, ¹4 საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გაასაჩივრეს ¹30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში და რომლის 2002 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და არჩევნების შედეგები დამტკიცებულ იქნა, თუმცა, ამავე დროს სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომის ოქმიდან არ ჩანს საჩივრის ავტორთა ვინაობა, რაც არასწორია და მტკიცებულებად იყენებს გ. გ-შვილის თითქოსდა ჩვენებას სასამართლო პროცესზე, რომ მათ მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღეს. კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, სააპელაციო სასამართლოს ეს არგუმენტი ნამდვილად გამოგონილია და ვერ გამოდგება ნამდვილ და მისაღებ არგუმენტად იმდენად, რამდენადაც საოლქო საარჩევნო კომისიის 4 ივნისის ოქმიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელეთა იმ ჯგუფს, რომლებმაც საჩივრით მიმართეს კასპის რაიონულ სასამართლოს ზემოთ ხსენებული მოტივით, საოლქო საარჩევნო კომისიისათვის არ მიუმართავთ არავითარი წერილობითი განცხადებით და მათი განცხადებაც არ განხილულა. აღნიშნული ჯგუფიც ვერ მიმართავდა საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილების შესახებ 4 ივნისამდე, როცა საუბნო კომისიებს დღემდე არ გადმოუციათ თავიანთი დადგენილებები არჩევნების შედეგების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი ¹1, ¹3, ¹4 საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომის ოქმებით თითქოსდა დადგენილია, რომ არჩევნების შედეგები დამტკიცდა 2002 წლის 2 ივნისს. წარმოუდგენელია, რომ 2002 წლის 2 ივნისს ქაოსურ, დაძაბულ და სრული განუკითხაობის პირობებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შემოწმებულიყო იმავე დღეს. ხმების დათვლა მიმდინარეობდა არჩევნების მეორე დღესაც, ე.ი. 3 ივნისს და ის კერძო საჩივრის ავტორთათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 4 ივნისს, ისიც ზეპირად და არავითარი წერილობითი ან ოფიციალური სახით. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილებას, მისი ასლი კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელმა ა.Oბ-ძემ მიიღო მხოლოდ 6 ივნისს, რაც თვით ოქმზე მისი ხელმოწერითაც ჩანს.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესზე მოსარჩელეებმა გარკვევით განმარტეს, რომ კასპის რაიონულ სასამართლოში მათი საჩივარი შევიდა 6 ივნისს, 16 საათზე და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ რეგისტრატორი ადგილზე არ იმყოფებოდა, რეგისტრაცია საჩივარმა ფორმალურად გაიარა 10 ივნისს, რაც მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ რეესტრში კარგად ჩანს. სასამართლო პროცესზე მოსარჩელეებმა ითხოვეს მოწმეებად გამოეძახებინათ კასპის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლები, რომლების დაადასტურებდნენ 6 ივნისს სარჩელის წარდგენის ფაქტს.
კერძო საჩივარში განმარტებულია, რომ ვადების დაურღვევლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კასპის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ამ საკითხთან დაკავშირებით. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ თავისი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ სხვა მუხლებთან ერთად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლითაც, ე.ი. კერძო საჩივრის ავტორებს აქვთ უფლება, მიმართონ ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამ მუხლის მოთხოვნათა თანახმად კერძო საჩივრის ავტორებს არ ეკრძალებათ მიმართონ სასამართლოს, თანახმად საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ 2002 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 29 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე საჩივრით მიმართეს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის 2002 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და არჩევნების შედეგები დამტკიცდა.
საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორმა გ. გ-შვილმა წარმოადგინა ¹30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლ.Oთ-ის მიერ 2002 წლის 7 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის 2002 წლის 2 ივნისის არჩევნების შედეგები ლეიბორისტული პარტიის კანდიდატებს კასპის ¹30 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გაუსაჩივრებიათ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საფუძველი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დაუდო განჩინებას, კერძოდ, ის, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე საჩივარი შეიტანეს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში და უფლება აღარ ჰქონდათ, მიემართათ სასამართლოსათვის, არასწორია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა” პუნქტი, რის გამოც განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების: ლ. ზ-ძის, ა. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ბ.Oბ-აურის, ბ. დ-იანის, მ. მ-ძის, ნ. ც-ძის წარმომადგენლის გ.Oგ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 1 ივლისისა და 29 ივლისის განჩინებები, განახლდეს საქმის წარმოება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.