Facebook Twitter

ცსკოს განკარგულება

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-55-02 14 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. კობერიძე

მსაჯულები: ს. გამრეკელი,

ნ. ალხანიშვილი

განიხილა საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» და ზ. ძ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ცესკოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹162/2002 განკარგულების ბათილად ცნობისა და ზ. ძ-ის, როგორც საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 7 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს საარჩევნო ბლოკმა «ნ. მ.-დ. ფ.» და ზ. ძ-მა მოპასუხე ცსკოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2002წ. 30 ოქტომბერს ცსკომ მიიღო განკარგულება ¹156/2002 რომლის შესაბამისად საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატ ზ. ძ-ს უარი ეთქვა 2002წ. 24 ნოემბრის პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის ¹54 სამტრედიის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში გატარებაზე.

მოსარჩელეთა განმარტებით, განკარგულებაში რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაბუთებული არ ყოფილა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი ეთქმება მხოლოდ 98-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას. განკარგულებაში არც ერთ გარემოებაზე მითითებული არ ყოფილა, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის მოთხოვნები.

იმავე დღეს, 2002წ. 30 ოქტომბერს ცსკომ გამოსცა ¹158/2002 განკარგულება, რომლითაც გაუქმდა ¹156/2002 განკარგულება და საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი ზ. ძ-ი რეგისტრაციაში გატარდა 2002წ. 24 ნოემბრის პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის ¹54 სამტრედიის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

2002წ. 4 ნოემბერს ცსკომ გამოსცა ¹162/2002 განკარგულება, რომლითაც გაუქმდა ცესკოს 2002წ. 30 ოქტომბრის ¹158/2002 განკარგულება. ამ განკარგულების საფუძვლად ცსკომ მიუთითა ორ გარემოებაზე:

ა) არ იქნენ გაფრთხილებული კომისიის წევრები სხდომის მოწვევის თაობაზე და არ დარიგდა სხდომის დღის წესრიგი.

ბ) საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად არსებობდა ზ. ძ-ის თანხმობა ქ. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე.

მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს დღის წესრიგის აუცილებელ დარიგებას. ამავე დროს, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის მოწვევა. რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ გაფრთხილებულ იქნენ არა მარტო ცესკოს წევრები, არამედ საზოგადოებაც, ვინაიდან ამ სხდომას მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ვერ დაეთანხმებიან ცესკოს საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტთან მიმართებაში, რადგანაც 2001წ. 28 სექტემბერს მიღებულ იქნა შესწორება საარჩევნო კოდექსში, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება მიეცა, მონაწილეობა მიეღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და შესაძლებელი გახდა ერთდროულად პარლამენტის წევრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად დასახელება. ამ შესწორებით პრაქტიკულად წარმოიშვა კოლიზია საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტსა და 2001წ. 28 სექტემბერს მიღებულ «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსში» ცვლილებებისა და დამატებების შესახებ» კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტს შორის. «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად კი ნორმათა კოლიზიისას უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ კანონს. ამავე დროს, მოსარჩელეთა აზრით, თავად 98-ე მუხლის მე-3 პუნქტი საკმაოდ საკამათო და გაუგებარია. ამ ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირი, რომელიც ოდესმე ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, ვეღარასოდეს დარეგისტრირდება პარლამენტის წევრობის კანდიდატად. ამასთან, კავშირი «და» ნიშნავს, რომ კანდადატის რეგისტრაციიდან მოსახსნელად აუცილებელია ამ ნორმაში მითითებული ყველა პირობის ერთდროული არსებობა. ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ ცსკოს 98-ე მუხლი სხვაგვარად უნდა განემარტა და ამასთან, მხედველობაში მიეღო საარჩევნო კოდექსში 2001წ. 28 სექტემბერს განხორციელებული შესწორება.

მოსარჩელეთა განმარტებით, ცსკოს აუცილებლად უნდა მიეღო მხედველობაში ის გარემოება, რომ საარჩევნო კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად «კანდიდატს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ აცნობებს ამას ცსკოს», ანუ კანდიდატს უფლება არ აქვს, თავისი კანდიდატურა მოხსნას ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნები გაიმართა 2002წ. 2 ივნისს, ხოლო საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა 2002წ. 4 ნოემბერს. სწორედ ამ დღეს, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეეძლო ზ. ძ-ს საკუთარი სურვილით უფლებამოსილების მოხსნა. ბუნებრივია, არაკონსტიტუციურია 98-ე მუხლის იმგვარი გაგება, რომელიც მოქალაქეს უფლებას ართმევს, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ცსკოს მიერ საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის ინტერპრეტაცია კანონიდანაც რომ გამომდინარეობდეს, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მოხსნა ცსკოს მაინც არ შეუძლია, რადგანაც იმავე პუნქტში ცალსახადაა მითითებული, რომ რეგისტრაციიდან მოხსნა შეუძლია მხოლოდ ცსკოს თავმჯდომარეს ან სასამართლოს. ცსკოს უხეშად შეიჭრა თავმჯდომარისა და სასამართლოს უფლებამოსილებებში, რითაც საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა.

მოსარჩელეთა განმარტებით, უკანონოა ცსკოს განკარგულებაში ასახული პოზიცია იმის თაობაზე, რომ ცსკოს შეუძლია, გააუქმოს მისივე მიღებული ნებისმიერი განკარგულება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს თავადვე შეუძლია, ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს იგი, მაგრამ ამისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ცსკო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს საბუთების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ ცსკო საკუთარი ინიციატივით ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მათ შორის ვერც ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადებს კანდიდატთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მის მიერვე მიღებულ სამართლებრივ აქტებს. რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები ცესკოს წარედგინა 25 ოქტომბერს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ცესკოს უნდა მიეღო 2002წ. 30 ოქტომბრამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა ითხოვეს:

ა) ცსკოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹162/2002 და 2002წ. 30 ოქტომბრის ¹156/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა;

ბ) რეგისტრირებულ იქნეს ზ. ძ-ი როგორც საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» სარჩელი მოპასუხე ცსკოს მიმართ, განსჯადობის მიხედვით გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და დააკონკრეტეს მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვეს ცესკოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹162/2002 განკარგულების ბათილად ცნობა და ზ. ძ-ის რეგისტრაციაში გატარება.

მოპასუხე ცესკოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ცესკომ 2002წ. 30 ოქტომბრის ¹158/2002 განკარგულება მიიღო სხდომაზე, რომლის მომზადების წესი იქნა დარღვეული, კერძოდ, არ იქნენ გაფრთხილებული კომისიის წევრები სხდომის მოწვევის თაობაზე და არ იქნა დარიგებული სხდომის დღის წესრიგი, რითაც დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი და ცესკოს რეგლამენტი. გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, აღნიშნული განკარგულების მიღებისას დაირღვა საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი, რადგანაც ერთდროულად არსებობდა ზვიად ძიძიგურის ორი თანხმობა, როგორც ქ. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად, ასევე _ ¹.... სამტრედიის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის ხელახალ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციაზე.

მოპასუხე ცესკოს წარმომადგენლებმა ითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სასამართლო შემადგენლობა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლები, რის შემდეგაც დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2002წ. 21 ოქტომბერს ცსკოს განცხადებით მიმართა საარჩევნო ბლოკმა «ნ. მ.-დ. ფ.» და ითხოვა ¹... სამტრედიის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატ ზ. ძ-ის რეგისტრაციაში გატარება.

2002წ. 30 ოქტომბერს შედგა ცსკოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა ¹156/2002 განკარგულება ¹.... სამტრედიის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატ ზ. ძ-ის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ. ცესკომ აღნიშნული განკარგულება მიიღო იმ მოტივით, რომ 2002წ. 24 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად ცსკოს არ ჰქონდა მიღებული დაფინანსება და ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იყო, თუმცა ცესკოს ზემოთ აღნიშნული სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ზ. ძ-ის მიერ ცესკოში წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. იმავე სხდომაზე ცესკომ მიიღო დადგენილება ¹3 საბურთალოს, ¹20 რუსთავის, ¹54 სატრედიისა და ¹63 აბაშის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების ახალ ვადად 2002წ. 30 ნოემბრის განსაზღვრის თაობაზე.

2002წ. 30 ოქტომბერსვე, 17 საათსა და 50 წუთზე, შედგა ცსკოს მეორე სხდომა, რომლის დღის წესრიგში იდგა ზ. ძ-ის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი.

აღნიშნულ სხდომაზე ცსკომ მიიღო ¹158/2002 განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ცსკოს 2002წ. 30 ოქტომბრის ¹156/2002 განკარგულება და ¹54 სამტრედიის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი ზ. ძიძიგური.

2002წ. 4 ნოემბერს ჩატარდა ცსკოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში დადგა საკითხი ცსკოს 2002წ. 30 ოქტომბრის ¹158/2002 განკარგულების გაუქმების თაობაზე.

ცესკომ იმავე დღეს, 2002წ. 4 ნოემბერს, მიიღო ¹162/2002 განკარგულება, რომლითაც გაუქმდა ცესკოს 2002წ. 30 ოქტომბრის ¹158/2002 განკარგულება.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლო მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 94-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართვამდე დაკავებული თანამდებობიდან უნდა განთავისუფლდნენ (გადადგნენ) რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმით საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან არ ეხება რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკრებულოს რიგით წევრებს.

სასამართლო თვლის, რომ ცსკოს ¹162/2002 განკარგულებას ერთ-ერთ საფუძვლად არასწორად დაედო საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, არსებობდა საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატის, ზ. ძიძიგურის, 2002წ. 6 მაისის თანხმობა ქ. თბილისის საკრებულოს 2002წ. 2 ივნისის არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე, მაგრამ 4 ნოემბერს, როდესაც ცსკომ ¹162/2002 გაკარგულების მიღებით გააუქმა 2002წ. 30 ოქტომბრის ¹158/2002 გაკარგულება «პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ» ¹156/2002 განკარგულების ბათილად ცნობისა და ზ. ძიძიგურის ¹54 სამტრედიის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ», ზ. ძ-ის, როგორც ქ. თბილისის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილება უკვე ცნობილი იყო. სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 94-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან არ ვრცელდება საკრებულოს რიგით წევრებზე.

სასამრათლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ცსკოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹162/2002 განკარგულება გამოიცა საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, კერძოდ, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ცსკომ ზ. ძ-ის რეგისტრაციის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა ამ უკანასკნელის მიერ ცსკოში საბუთების წარდგენისა და მიღებიდან კანონით დადგენილი ხუთდღიანი ვადის გასვლის შემდგომ.

რაც შეეხება იმ დარღვევებს, რომელსაც დაემყარა ცსკოს 2002წ. ¹162/2002 გაკარგულება, კერძოდ, ის, რომ ცსკოს აღნიშნული სხდომის მოწვევის შესახებ არ იქნენ გაფრთხილებული კომისიის წევრები და არ დარიგდა სხდომის დღის წესრიგი, სასამართლო არ მიიჩნევს კანონის იმ უხეშ დარღვევად, რომლის გამოც უნდა გაუქმებულიყო ცსკოს 2002წ. 30 ოქტომბრის ¹158/2002 განკარგულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» და ზ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹162/2002 განკარგულება.

3. ზ. ძიძიგური, როგორც საარჩევნო ბლოკ «ნ. მ.-დ. ფ.» მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ჩაითვალოს რეგისტრირებულად 2002წ. 30 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის ¹54 სამტრედიის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.