Facebook Twitter

3გ-ად-55-კს-02 11 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: მესამე პირის ჩართვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის სასამართლოს 1995წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის ავტორს – ა. ბ.-ს ს.ს. «ი.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 13520 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, 1996წ. 22 ოქტომბერს გაიმართა საჯარო ვაჭრობა, რის შედეგადაც ქუთაისში, ... მდებარე ა. ბ.-ის სახლი ვალში წაიღო სს «ი.-მ». 1996წ. 30 დეკემბერს ... მდებარე სახლი სს «ი.-ისაგან» შეიძინა ქ. ქუთაისის მერიამ და სახლი აღირიცხა ქუთაისის მერიის ბალანსზე.

მიუხედავად არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, ა. ბ.-ე უარს აცხადებდა მერიის მიერ სს «ი.-ისაგან» შეძენილი სახლის გამოთავისუფლებაზე. 2001წ. 9 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა ა. ბ.-ის მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოითხოვა ა. ბ.-ის უკანონო მფლობელობიდან ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლის გამოთხოვა, რაც არ ცნო მოპასუხემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა. ბ.-ე, ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო სახლიდან, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ.-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, ა. ბ.-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად სს «ი.-ის» იმ მოტივის ჩაბმის შესახებ, რომ სს «ი.-ი» სადავო სახლის მესაკუთრე გახდა ა. ბ.-ის მიერ 13520 აშშ დოლარის კრედიტის დაუფარავობის გამო ჩატარებული საჯარო ვაჭრობის შედეგად. სახლი მდებარეობს ბაგრატის ტაძრის ისტორიულ ზონაში, ამიტომ მისი შესყიდვით დაინტერესებული იყო ქუთაისის მერიაც და მოხდა მხარეთა ზეპირი შეთანხმება, რომ ქუთაისის მერია შეიძენდა სახლს, ა. ბ.-ის ვალი დაიფარებოდა, ხოლო დარჩენილ თანხას _ 8950 აშშ დოლარს «ი.-ი» დაუბრუნებდა ა. ბ.-ს. ვინაიდან «ი.-მ» არ შეასრულა შეთანხმება და ა. ბ.-ეს არ დაუბრუნა სახლის ღირებულების დარჩენილი თანხა, ბ.-ე უარს აცხადებდა სახლის გათავისუფლებაზე და არ ცნობდა მერიის სარჩელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ბ.-მ მოითხოვა საქმეში მესამე პირად სს «ი.-ის» ჩაბმა, რასაც ქუთაისის მერის წარმომადგენელიც დაეთანხმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინებით ა. ბ.-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად სს «ი.-ის» ჩართვის შესახებ, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგანი იყო ა. ბ.-ის უკანონო მფლობელობიდან სადავო სახლის გამოთხოვა და განსახილველ დავასთან სს «ი.-ს» კავშირი არა აქვს, თუკი «ი.-ს» ა. ბ.-ისათვის გადასახდელი აქვს რაიმე თანხა, აღნიშნული წარმოადგენს სხვა სამართლებრივ ურთიერთობას და სხვა დავის საგანს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ბ.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეში სს «ი.-ის» მესამე პირად სავალდებულო წესით ჩართვა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რადგან ა. ბ.-ე მერიის სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო სახლის გამოთავისუფლებაზე იმ მოტივით ამბობდა უარს, რომ სს «ი.-ს» მისთვის დასაბრუნებელი აქვს სადავო სახლის ღირებულების ნაწილი 8950 ლარი, რაც ამჟამად ირიცხება ბანკის საანაბრო ანგარიშზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 აგვისტოს განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა ა. ბ.-ის კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორი ა. ბ.-ე ითხოვს ქ. ქუთაისის მერიის მიერ მის მიმართ უსაფუძვლო მფლობელობიდან ქონების (სახლის) გამოთხოვის შესახებ აღძრულ დავაში «ი.-ის» მესამე პირად ჩაბმას, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილისა. აღნიშნული ნორმის მიხედვით: «მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი».

კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ა. ბ.-ის უსაფუძვლო მფლობელობიდან ქონების (სახლის) გამოთხოვა ქ. ქუთაისის მერიის მიერ, რომელმაც სადავო სახლი, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, 1996 წელს შეიძინა «ი.-ისაგან». ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა ეხება ა. ბ.-ის უსაფუძვლო მფლობელობიდან სახლის გამოთხოვას და მესაკუთრისათვის _ ქ. ქუთაისის მერიისათვის გადაცემას. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეები არიან უსაფუძვლო მფლობელი _ ა. ბ.-ე, რომელიც საქმეში მოპასუხედ არის ჩაბმული და მესაკუთრე _ ქ. ქუთაისის მერია, როგორც მოსარჩელე.

მართალია, ამჟამინდელმა მესაკუთრემ – ქ. ქუთაისის მერიამ სადავო სახლი შეიძინა «ი.-ისაგან», მაგრამ ა. ბ.-ის შუამდგომლობას ქუთაისის მერიასთან დავაში მესამე პირად სავალდებულო წესით «ი.-ის» ჩაბმაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რადგან «ი.-ი» არ არის ქ. ქუთაისის მერიასა და ა. ბ.-ეს შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, ვინაიდან ა. ბ.-ესა და «ი.-ს» შორის არსებული სამართალურთიერთობა არის სრულიად დამოუკიდებელი ხასიათის საკრედიტო ურთიერთობა, რომელშიც ქ. ქუთაისის მერია არ მონაწილეობს და შეიძლება იგი ცალკე დავის საგანს წარმოადგენდეს. ამასთან, როგორც აღინიშნა, «ი.-სა» და ა. ბ.-ს შორის საკრედიტო ურთიერთობაში არ მონაწილეობს ქ. ქუთაისის მერია და თავის მხრივ არც ქ. ქუთაისის მერიასა და ა. ბ.-ს შორის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე არ არის «ი.-ი», ამიტომ საქმეზე არც საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი და ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ორი არსებითი პირობა – სამართალურთიერთობის მონაწილეობა და საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს განჩინებას და საქმეში «ი.-ის» მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმას.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მართებული განმარტებით გამოიტანა განჩინება ქ. ქუთაისის მერიასთან დავაში «ი.-ის» მესამე პირად სავალდებულო წესით ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღევას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ა. ბ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინება სს «ი.-ის» მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.