Facebook Twitter

3გ/ად-57-კ-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 26 თებერვალს ი. ვ-იანმა სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტისა და მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999 წლის 19 დეკემბერს ქ. მოსკოვში სამკურნალოდ გასამგზავრებლად მოსარჩელემ შეიძინა ავიაბილეთი 279 ლარად.

2000 წლის 12 აპრილს მოსკოვიდან თბილისში გამოსამგზავრებლად მოსარჩელემ ავიაბილეთში გადაიხადა 152 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 298 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან იგი იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდი, ამიტომ «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მას წელიწადში ერთხელ ჰქონდა სარკინიგზო ან საჰაერო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება (ორივე მიმართულებით).

მოპასუხე საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი უარს აცხადებდა აღნიშნული თანხის გადახდაზე, რის გამოც მოსარჩელემ ითხოვა ავიაბილეთების საფასურის _ 577 ლარის _ დაკისრება მოპასუხისათვის, აგრეთვე, ქ. მოსკოვში ყოველწლიურად მგზავრობისათვის (ორივე მიმართულებით) ავიაბილეთების ღირებულების მოპასუხისათვის გადახდის დავალდებულების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ვ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 29 ნოემბერს განიხილა ი. ვ-იანის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი, შესაბამისად უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარში ი. ვ-იანმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრება 577 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის «შ» ქვეპუნქტი და «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ, მართალია, «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის «შ» ქვეპუნქტი არ განსაზღვრავს აღნიშნული ნორმის მოქმედების ტერიტორიულ ფარგლებს, მაგრამ, რადგანაც «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სავალდებულოა შესასრულებლად, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამიტომ «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის «შ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათებით მეორე მსოფლიო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდმა ი. ვ-იანმა უნდა ისარგებლოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მის საზღვრების გარეთ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა ისინი; გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად სრულყოფილად არის დასაბუთებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ვ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინება.

3. ი. ვ-იანი, როგორც მე-2 ჯგუფის ინვალიდი, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.